პაპის პრიმატი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

პაპის პრიმატი (ლათ. Primatus papae) — რომის კათოლიკურ ეკლესიაში პაპის ინსტიტუტის პრეტენზია უპირატესობასა და მთელი საქრისტიანოს მეთაურობაზე. პაპის პრიმატის იდეა III საუკუნიდან ეფუძნება რომაულ გარდამოცემას, რომლის მიხედვითაც მოციქული სიმონ-პეტრე რომის პირველი ეპისკოპოსი იყო და იქვე მოწამეობრივად აღესრულა; აქედან დაწყებული უწყვეტი სამოციქულო მემკვიდრეობიდან გამომდინარეობს რომის საყდრის ავტორიტეტი. პრიმატის თეორიულად და პრაქტიკულად ჩამოყალიბება საუკუნეების განმავლობაში მიმდინარეობდა; სხვებთან ერთად, სწორედ პაპის პრიმატი გახდა ერთ-ერთი მიზეზი აღმოსავლეთისა და დასავლეთის, აგრეთვე პროტესტანტულ ეკლესიებს შორის განხეთქილებებისა XI და XVI საუკუნეებში. კათოლიკურ ეკლესიაში პაპის პრიმატის თეორიული განვითარება დასრულდა ვატიკანის პირველ კრებაზე 1870 წელს, სადაც პრიმატი დოგმატურად განმარტებულ იქნა, როგორც უმაღლესი სამართლებრივი (იურისდიქციული პრიმატი) და სამოძღვრო ხელისუფლება რომის პაპისა (suprema quoque magisterii potestas, რომის პაპის უცდომელობა).

სხვა ეკლესიების შეხედულება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ძველ, განხეთქილებამდელ ეკლესიაში რომის ეპისკოპოსის უპირატესობა საყოველთაოდ იყო აღიარებული; ამის შესახებ საუბარია, მაგალითად, ნიკეის პირველი საეკლესიო კრების III ანდა ტრულის საეკლესიო კრების XXXVI კანონში. მიუხედავად ამისა, უპირატესობა გაგებული იყო როგორც საპატიო ადგილი „პირველისა თანასწორთა შორის“ (primus inter pares), რაც რომის პაპის უფლებრივ უპირატესობასა და სხვა საპატრიარქოებზე იურისდიქციას არ გულისხმობდა. ასეთ დამოკიდებულებას დღემდე ინარჩუნებს მართლმადიდებელი ეკლესია. მაგალითად, ნიკომედიის მთავარეპისკოპოსი ნიკიტა 1154 წელს კათოლიკე ანსელმ ჰავენბერგელთან კამათისას ამბობდა:

ვიკიციტატა
„ჩვენ არ უარვყოფთ რომის ეკლესიის პრიმატს ხუთ დობილ საპატრიარქოს შორის, ჩვენ ვაღიარებთ მის საპატიო ადგილს მსოფლიო საეკლესიო კრებაზე. მაგრამ იგი განგვიდგა ჩვენ თავისი ქმედებებით, როდესაც მან ამაყად თავი მონარქად გამოაცხადა, რაც მის ხელისუფლებას არ განეკუთვნება. [...] როგორ მივიღოთ ჩვენ მისი ბრძანებები, რომლებიც ჩვენთან მოთათბირების გარეშეა მიღებული და როცა მათ შესახებ ჩვენ არც კი ვიცით? როდესაც რომის მღვდელმთავარს, თავისი დიდების მაღალ ტახტზე მჯდომარეს, ჩვენზე მძვინვარება და ზემოდან ქვემოთ, ჩვენკენ თავისი ბრძანებების გამოტყორცნა სურს, როდესაც მას ჩვენი განსჯა, ჩვენსა და ჩვენს ეკლესიებზე გაბატონება სურს, არა ჩვენდამი რჩევებით, არამედ თვითნებური შეხედულებებით, როგორ შეიძლება ეს იყოს ძმობა ან, მით უმეტეს, მამობა? ჩვენ ასეთი ეკლესიის შვილები კი არა, მონები ვიქნებოდით, ხოლო რომის ეკლესია არა კეთილმსახური დედა შვილებისა, არამედ — მკაცრი, ამპარტავანი ქალბატონი მისი მონებისა.“

რომის კათოლიკური ეკლესიის გარდა, ყველა ეკლესია მათეს სახარების მე-16 თავის მე-18 მუხლს უკავშირებს ან მხოლოდ პეტრეს, ანდა — მათეს სახარებისავე მე-18 თავის მე-18 მუხლთან ერთად — ყველა მოციქულს, ყველა სასულიერო პირს ანდა ყველა ქრისტიანს. სწავლება, რომლის მიხედვითაც რომის პაპი ერთადერთი სამართლებრივი მემკვიდრეა წმინდა პეტრესი და ამიტომ ერგო მას მემკვიდრეობით სრულიად ეკლესიის მეთაურობის ფუნქცია, მხოლოდ კათოლიკურ ეკლესიაშია აღიარებული[1].

ერთმმართველობას, რაც ეკლესიის ერთიანობას უწყობს ხელს, ზოგიერთი არაკათოლიკე თეოლოგიც მისაღებად მიიჩნევს. იურისდიქციული პრიმატი და სრული სამოძღვრო ძალაუფლება კი (უცდომელობა), რაშიც რომის პაპის პრიმატი ძირითადად პრაქტიკულად გამოიხატება, ერთმნიშვნელოვნადაა დაგმობილი არაკათოლიკური ეკლესიების მიერ და ეკლესიის გაერთიანების დამაბრკოლებლადაა მიჩნეული.

ზოგიერთმა კათოლიკემ უარყო ვატიკანის პირველ კრებაზე დოგმის ხარისხში აყვანილი პაპის პრიმატი. ისინი, თავიანთი კათოლიკური მოძღვრებითა და პაპის პრიმატის უარყოფით გაერთიანდნენ და ჩამოაყალიბეს უტრეხტის საეპისკოპოსო ძველკათოლიკური ეკლესიის უტრეხტის გაერთიანების შემადგენლობაში.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ახალი აღთქმა
  • Paul Hoffmann: Der Petrus-Primat im Matthäusevangelium. In: Joachim Gnilka (Hrsg.): Neues Testament und Kirche. Festschrift Rudolf Schnackenburg. Herder, Freiburg (Breisgau) u. a. 1974, ISBN 3-451-16628-3, S. 94–114.
მართლმადიდებლობა
  • Boris Bobrinskoy (Hrsg.): Der Primat des Petrus in der orthodoxen Kirche. Übersetzt aus dem Französischen von Matthis Thurneysen. EVZ-Verlag, Zürich 1961 (Bibliothek für orthodoxe Theologie und Kirche 1, ZDB-ID 844325-7).
ისტორიული საკითხები
  • Johann Friedrich Ludwig Rothensee: Der Primat des Papstes in allen christlichen Jahrhunderten. Nach seinem Tode herausgegeben von Räss und Weis. 3 Bände. Kupferberg, Mainz 1836–1838.
  • Jakob Frohschammer: Der Primat Petri und des Papstes. Zur Beleuchtung des Fundamentes des römischen Papstherrschaft. Verlag Eduard Loll, Elberfeld 1875.
პაპის ინსტიტუტი
  • Reinhard Gahbauer: Gegen den Primat des Papstes. Studien zu Niketas Seides. Edition, Einführung, Kommentar. Verlag Uni-Druck, München 1975, ISBN 3-87821-131-7 (Zugleich: München, Univ., Diss., 1975).
  • Georg Schwaiger: Päpstlicher Primat und Autorität der Allgemeinen Konzilien im Spiegel der Geschichte. Schöningh, München u. a. 1977, ISBN 3-506-74786-X.
  • Wolfgang Klausnitzer: Der Primat des Bischofs von Rom. Entwicklung – Dogma – Ökumenische Zukunft. Herder, Freiburg (Breisgau) u. a. 2004, ISBN 3-451-28513-4.
  • Marcus Schumacher: Der Primat des Papstes. Die Krise des Primates im Zeitalter von Schisma und Konziliarismus. Grin Verlag, München 2007, ISBN 978-3-638-79540-1.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Manfred Kock: Das Papstamt aus evangelischer Perspektive დაარქივებული 2007-02-09 საიტზე Wayback Machine. ; Vortrag in der Karl-Rahner-Akademie zu Köln am 4. September 2001.