პავლე ეგინელი
პავლე ეგინელი | |
---|---|
დაბ. თარიღი | 625 |
დაბ. ადგილი | ეგინა |
გარდ. თარიღი | 690 |
მოქალაქეობა | ბიზანტიის იმპერია |
საქმიანობა | ექიმი |
პავლე ეგინელი (ლათ. Paulus Aegineta, Paulus Aeginensis; დ. დაახლ. 625, კუნძ. ეგინა – გ. 690) — ბიზანტიელი ექიმი. სწავლობდა და მოღვაწეობდა ალექსანდრიაში. მისი თხზულებებისგან შემორჩენილია კომპილაციური ნაშრომის — „ექიმის კომპენდიუმი შვიდ წიგნად“ ლათინური თარგმანი („Compendii medici libri septem“), რომელიც ევროპაში მთელი შუა საუკუნეების მანძილზე მედიცინის სასწავლო სახელმძღვანელო იყო. პირველი წიგნი ეძღვნებოდა ორსულობას, ბავშვთა და ხანდაზმულთა დაავადებებს, დიეტას და რეჟიმს; მეორე — სხვადასხვა დაავადებებს „თავიდან ფეხებამდე“; მესამე — ე.წ. სპეციფიკურ დაავადებებს, მ.შ. სულიერს; მეოთხე — კანის დაავადებებს; მეხუთე — მოწამვლას; მეექვსე — ქირურგიას (ე.წ. მცირე და ღრუ, სამხედრო და პლასტიკურ ქირურგიას, სწავლებას მოტეხილობის, ღრძობისა და ამპუტაციის შესახებ და სხვ.); მეშვიდე — სამკურნალო საშუალებებს. განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობდა მეექვსე წიგნი, რაზეც მეტყველებს ის ფაქტი, რომ მრავალ სამედიცინო ფაკულტეტზე (მაგ., პარიზის უნივერსიტეტში) ქირურგიის სწავლება მიმდინარეობდა მხოლოდ პავლე ეგინელის თხზულებებით. ქირურგიის გარდა იგი ცნობილია როგორც მეანობისა და ქალთა დაავადებების სპეციალისტი (ამ დარგში მისი თხზულება დღემდე მოღწეული არ არის). ანტიკური მედიცინის მიღწევების შეჯამებითა და საკუთარი გამოცდილებით მისი გამდიდრებით, პავლე ეგინელმა ხელი შეუწყო არაბული და შემდეგ უკვე ევროპული მედიცინის განვითარებას.[1]
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Сорокина Т. С. Павел Эгинский // Большая российская энциклопедия. т. 25. — М., 2014. — стр. 18.