მტვრის მარცვალი
მტვრის მარცვალი — თესლოვან მცენარეთა მამრობითი გამეტოფიტი. წარმოიქმნება მიკროსპორანგიუმში მიკროსპორადან. განვითარებას ამთავრებს დამტვერვის შემდეგ; შიშველთესლოვნებში — თესლკვირტის სამტვრე კამერაში, ფარულთესლოვნებში — ბუტკოს დინგზე მოხვედრის შემდეგ. მტვრის მარცვლის გარსები (გარეთა — ეგზინა, შიგნითა — ინტინა) ძირითადად შედგება პექტინოვანი ნივთიერებისა და უჯრედისისაგან. ეგზინას აქვს გათხელებული ებნები ან ხვრელები, ე. წ. აპერტურები — ღარები ან ფორები, საიდანაც მტვრის მილი გამოიზრდება.
თესლოვან მცენარეთა უმეტესობის მტვრის მარცვლები მარტოულია (მონადები). ზოგჯერ მიკროსპორები და მათგან განვითარებული მტვრის მარცვლები შეერთებულია და ქმნის დიადებს (ორ-ორი), ტეტრადებს (ოთხ-ოთხი), პოლიადებს (8, 12, 16, 32) ან პოლინიებს (ერთი ან ორი ბუდის მტვრის მარცვლები მთლიანად შეზრდილია). მტვრის მარცვლის ფორმა, ზომა და აღნაგობა სახეობრივ თავისებურებას შეადგენს და ამდენად, მათ მორფოლოგიურ შესწავლა (პალინოლოგია) დიდი მნიშვნელობა აქვს სისტემატიკისათვის. ეგზინის მდგრადობის გამო დანალექ ქანებში კარგად ინახება მტვრის მარცვლები, რომელთა ანალიზსაც ფართოდ იყენებენ პალეობოტანიკურ კვლევაში.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბ., 1984. — გვ. 185.