მარჯნის პოლიპები (Anthozoa), უხერხემლოთა კლასი ნაწლავღრუიანების ტიპისა. კოლონიური, ზოგჯერ ერთეული ორგანიზმებია. სხეული, ჩვეულებრივ, ცილინდრულია. მისი ძირი ან კოლონიას მიეზრდება ხოლმე, ან (ერთეული ფორმები) გრუნტს ემაგრება ლანჩით. მოპირდაპირე მხარეზე მოთავსებულია საცეცებით გარშემორტყმული პირის ხვრელი, რომელსაც მოსდევს ხახა და შემდეგ არასრული ტიხრებით საკნებად დაყოფილი ნაწლავის ღრუ. სხეულის კედლები შედგება ექტოდერმის, ენტოდერმისა და შუა — მეზოგლეის შრისაგან. მრავლდებიან სქესობრივი და უსქესო გზით. სასქესო უჯრედები ვითარდება ტიხრების ენტოდერმაში. შთამომავლობა დედისეულ ორგანიზმს ტოვებს, ჩვეულებრივ, მატლის — პლანულის — სტადიაში, შემდეგ რამდენიმე ხანს დაცურავს, ეშვება ფსკერზე და ზრდასრულ პოლიპად გარდაიქმნება. უსქესო გამრავლება დაკვირტვით ხდება. კვირტი დედისეულ ორგანიზმს არ სცილდება და წარმოიქმნება კოლონია. თანამედროვე მარჯნის პოლიპები გაერთიანებულია 2 ქვეკლასში: რვასხივიანი მარჯნის პოლიპები (Octocorallia) და ექვსხივიანი მარჯნის პოლიპები (Hexaxorallia). რვასხივიანი მარჯნის პოლიპები კოლონიური ფორმებია, 8 საცეცით. მათ განეკუთვნება კეთილშობილი (წითელი) მარჯანი, ზღვის ნაკრტენი და სხვა. ექვსსხივიანები ჩონჩხს მოკლებული ერთეული ფორმებია, რომლებიც ხშირად სიმბიოზში იმყოფებიან სხვა ცხოველებთან (კიბო-განდეგილი, ათფეხიანები). მათვე ეკუთვნიან მადრეპოროვნები, რომელთაც კარგად განვითარებული კიროვანი ჩონჩხი აქვთ. მარჯნის პოლიპების კლასში 6 ათასამდე სახეობაა. ყველაზე პრიმიტიული მარჯნის პოლიპების ნაშთები პირველად კამბრიულ ნალექებშია ნაპოვნი. ნამარხი მარჯნებით წარმოქმნილი კირქვები, აგრეთვე ზოგი თანამედროვე მადრეპოროვანი მარჯანი გამოიყენება სამშენებლო მასალის წარმოებაში, კეთილშობილი (წითელი) მარჯანი — საიუველირო საქმეში.