შინაარსზე გადასვლა

ლუიზიანის შესყიდვის ექსპოზიცია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
აღმ. ლაგუნა, სენტ-ლუისის ქანდაკება, განათლებისა და მანუფაქტურის სასახლეები და უკაბელო ტელეგრაფის კოშკი.

ლუიზიანის შესყიდვის ექსპოზიცია, უკეთ ცნობილი როგორც სენტ-ლუისის მსოფლიო გამოფენა (ინგლ. Louisiana Purchase Exposition, ან Saint Louis World's Fair) — საერთაშორისო ექსპოზიცია, ჩატარებული 1904 წელს სენტ-ლუისში, მისური, აშშ.

1904 წელს სენ-ლუისმა უმასპინძლა მსოფლიოს საერთაშორისო გამოფენაზე. ექსპოზცია ლუიზიანის შესყიდვის (1803) ასი წლისთავის აღსანიშნავად ჩატარდა. ის ერთი წლით გვიან, 1904 წლის 30 აპრილს გაიხსნა და 1 დეკემბრამდე გასტანა. აღსანიშნავია, რომ სენტ-ლუისში ყოველწლიური ექსპოზიცია 1884 წლიდან ტარდებოდა, სადაც სასოფლო-სამეურნეო და მეცნიერეული მიღწევების აღნიშვნა ხდებოდა, თუმცა 1904 წელს მსოფლიო გამოფენის გამო იგი არ გადაიდო.

გამოფენისთვის გამოყოფილი 4,9კმ² ფართი, რომლის დიზაინი ჯორჯ კელსერმა გადაწყვიტა, ამჟამად ფორესტ-პარკსა და ვაშინგტონის უნივერსიტეტის კამპუსს უჭირავს, და უდიდესი გამოფენა იყო ამ დრომდე. 1500 შენობა-ნაგებობა ერთმანეთთან 120 კმ საავტომობილო და საფეხმავლო გზებით იყო დაკავშირებული. ამბობდნენ, რომ შეუძლებელი იყო ყველაფრის ზერელედ დანახვაც კი ერთი კვირის განმავლობაში. მხოლოდ სოფლის მეურნეობის სასახლეს 324.000 მ² ფართი ეჭირა.

გამოფენაზე მონაწილეობა 62 უცხო ქვეყანამ, აშშ-ის მთავრობამ და მაშინდელი 45 შტატიდან 43-მა მიიღო. მონაწილეთა შორის იყო საწარმოები, ქალაქები, კერძო ორგანიზაციები და კორპორაციები, თეატრალური დასები და სამუსიკო სკოლები. ზოგი მათგანი რეკლამის ხასიათს ატარებდა, ზოგი შემეცნებით-საგანმანათლებლო, ზოგიც პროპაგანდის, ხოლო ზოგიერთი კი მხოლოდ გასართობს.