კატერინა ბილოკური
კატერინა ბილოკური | |
---|---|
უკრ. Катерина Білокур | |
დაიბადა | 25 ნოემბერი (8 დეკემბერი), 1900[1] |
დაბადების ადგილი | ბოჰდანივკა, პირიატინის მაზრა, პოლტავის გუბერნია, რუსეთის იმპერია |
გარდაიცვალა | 10 ივნისი, 1961[2] (60 წლის) |
გარდაცვალების ადგილი | ბოჰდანივკა, იაჰოტინის რაიონი, კიევის ოლქი, უკრაინის სსრ, სსრკ |
ეროვნება | უკრაინელი |
მიმდინარეობა | დეკორატიულ-გამოყენებითი ხელოვნება |
ჟანრი | პეიზაჟი, ნატურმორტი, პორტრეტი |
ჯილდოები |
კატერინა ბილოკური (დ. 25 ნოემბერი (8 დეკემბერი), 1900, სოფ. ბოჰდანივკა, ახლანდ. კიევის ოლქი — გ. 9 ივნისი, 1961, იქვე) — უკრაინელი ფერმწერი. უკრაინის სსრ-ის სახალხო მხატვარი (1956). დაიბადა გლეხის ოჯახში. თვითნასწავლი ფერმწერი. ხატვის პირველი მცდელობები სახლის ტილოზე ჰქონდა ნახშირის გამოყენებით; ფუნჯებს თავად აკეთებდა ჯაგრით, იყენებდა ჭარხლისგან, ანწლისგან, ძახველისგან, ხახვისგან და სხვადასხვა ბალახისგან დამზადებულ საღებავებს. 1939 წლამდე უცნობი იყო. მომღერალ ოქსანა პეტრუსენკოსთვის მიწერილი წერილის შემდეგ დაინტერესდნენ მისი შემოქმედებით. 1940 წელს ნახატების გამოფენა მოაწყვეს პოლტავაში, 1941 წელს — კიევში; ამავე წელს პოლტავაში შედგა მისი პერსონალური გამოფენა. ომის შემდეგ მისი შემოქმედებით დაკავდნენ სახალხო შემოქმედების ცენტრი, უკრაინული სახალხო დეკორატიული ხელოვნების მუზეუმი და უკრაინის მხატვართა კავშირი.[3]
ნახატებზე ხეები და ყვავილები, ხილი და ბოსტნეული იზრდებიან და ყვავიან, ან მთელი თავისი სიდიდითა და სილამაზით მიცურავენ, იყინებიან წყლისა და ცის ფონზე ან ნისლიდან არიან გამოზრდილები („ყვავილები ნისლში“, 1940; „ყვავილები საღამოს“, 1942; „მეფე-თავთავი“, 1944; მე-2 ვარიანტი — 1949). ზოგჯერ ყვავილები და ნაყოფები წარმოდგენილია ერთად (ნატურმორტები „ყვავილები და ბოსტნეული“, „ჭარხალი“; ორივე — 1959). მცენარეებისა და ცხოველთა ბუნებრივი არსებობიდან ამგვარი გადახვევები, გამოსახულების დროსა და სივრცეში „გადანაცვლება“ საჭიროა არამარტო სიმეტრიულ-ასიმეტრიული კომპოზიციური სტრუქტურებისთვის, ფერების შესარწყმელად და მასევისა და სიბრტყეების თანაფარდობისთვის, არამედ ბუნებისა და ადამიანის ყოფის ფილოსოფიური კონცეფციის რეალიზაციისთვისაც. დიდება და აღიარება ჩამოთვლილთა გარდა ასევე მოუტანეს ტილოებმა: „არყი“, „ყვავილები წნული ღობის მიღმა“ (ორივე — 1935), „არყები საღამოს“ (1940), „მინდვრის ყვავილები“ (1941), „ყვავილები ცისფერ ფონზე“ (1942–1943), „დეკორატიული პანო“ (1945), „სალამი, მოსავალო“ (1946), „კოლმეურნეობის მინდორი“ (1948–1949), „საუზმე“ (1950), „ყვავილები და არყები საღამოს“ (1950), „ხორბალი, ყვავილები, ყურძენი“ (1950–1952), „შრამკივკის რაიონში ჩერკასის მიწაზე“ (1955–1956), „ნატურმორტი თავთავითა და დოქით“, ბოჰდანივკის ვაშლები“ (ორივე — 1958–1959).[3]
1950-იანი წლები ბილოკურის შემოქმედებაში ყველაზე ნაყოფიერი პერიოდია. მონაწილეობა მიიღო მრავალ გამოფენაში: 1954 წელს პარიზის საერთაშორისო გამოფენაზე წარადგინეს მისი ნახატები „მეფე-თავთავი“, „არყი“, „კოლმეურნეობის მინდორი“, რომლებიც ძალიან დადებითად შეაფასა პაბლო პიკასომ. პირველი ორი უკრაინაში არ დაბრუნდა — მათი ბედი უცნობია. განსაკუთრებით ძვირფასია ბილოკურის ლიტერატურული მემკვიდრეობაც — ეპისტოლური წერილები ორგანიზაციებისადმი, ხელოვნებათმცოდნეებისადმი, მხატვრებისადმი, მწერლებისადმი.[3]
სახალხო დეკორატიული ხელოვნების მუზეუმში გახსნილია მისი დარბაზი, სადაც შემოქმედების საუკეთესო ნიმუშები ინახება. იაჰოტინში სურათების გალერეის ეზოში დგას მისი სკულპტურული პორტრერი (ვ. ჰანდენკოს ნამუშევარი). ლ. დიჩკომ მიუძღვნა მისივე სახელობის ბალეტი „კატერინა ბილოკური“ (1983). 1989 წელს დაწესდა ბილოკურის სახელობის პრემია დეკორატიულ-გამოყენებითი ხელოვნების ოსტატებისთვის. გადაღებულია კინო- და ტელელენტები, სრულმეტრაჟიანი ფილმი „კატერინა ბილოკური. ეპისტოლე“ (რეჟ. ო. სამოლევსკა, 2000). გამოცემულია ორი წიგნი მის შესახებ: „მხატვარი ვიქნები!“ (კიევი, 1995) და „კატერინა ბილოკური თანამედროვეთა თვალით“ (კიევი, 2000).[3]
1977 წელს სოფელ ბოჰდანივკაში გაიხსნა კატერინა ბილოკურის მამულ-მუზეუმი (იაჰოტინის ისტორიის მუზეუმის ფილიალი). მუზეუმი მდებარეობს სახლში, სადაც ბილოკური ცხოვრობდა 1909–1961 წლებში. მამულში ინახება ავეჯი, სამხატვრო ნამუშევრები, ბიბლიოთეკა, მემორიალური ნივთები (საღებავები, ფუნჯები, მოლბერტი და სხვ.). 1986 წელს მამულში დაიდგა მხატვრის ძეგლი (მოქანდაკე ი. ბილოკური, მისი ნათესავი), საფლავზე — ბიუსტი (მოქანდაკე ი. ჰონჩარი).[3]
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Катерина Василівна Білокур: Альбом. К., 1959;
- Катерина Білокур: Альбом. К., 1972;
- Яворівський В. Автопортрет з уяви. К., 1981;
- Білокур Катерина. Листи // Вітчизна. 1982. № 3;
- Бажан М. Листи про могуття творчості // ЛУ. 1982, 8 квіт.; Новиченко Л. Автопортрет з реальності // Дніпро. 1982. № 12;
- Кагарлицький М. Квіти – мої діти // Наодинці з совістю. К., 1988;
- Сарма-Соколовський М. Червона плащаниця: роман-хроніка // Київ. 1997. № 1–4;
- Кагарлицький М. То ж коли і ким була відкрита Катерина Білокур? // ЛУ. 1998, 3 верес.; Світ Катерини Білокур: Каталог творів колекції Держ. музею укр. нар. мист-ва. Москва, 2000;
- Катерина Білокур: Фотокнига. К., 2001;
- «Червоних сонць протуберанці»: Зб. мистецтвознав. і культурол. праць до 100-річчя Катерини Білокур. К., 2001.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ The Fine Art Archive
- ↑ The Fine Art Archive — 2003.
- ↑ 3.0 3.1 3.2 3.3 3.4 Кагарлицький, М. Ф.. Білокур Катерина Василівна uk. Енциклопедія Сучасної України [Електронний ресурс] (2003). ციტირების თარიღი: 4 მარტი, 2023