იულია ფაილოძე
იულია ფაილოძე (დ. 1919, დიდღვაბუნა — გ. 2000, ბათუმი) — შორეული ნაოსნობის პირველი ქართველი მეზღვაური ქალი, მეორე მსოფლიო ომის მონაწილე.
ბავშვობა და სტუდენტობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]იულია ფაილოძე 1919 წელს, ხონის რაიონის სოფელ დიდღვაბუნაში დაიბადა. მალე მისი ოჯახი საცხოვრებლად აფხაზეთში, აგუძერაში გადავიდა. 7 კლასის დასრულების შემდეგ იულია ბათუმის საზღვაო ტექნიკუმში, ჰიდროტექნიკურ ფაკულტეტზე ჩაირიცხა. მასთან ერთად კიდევ 3 გოგო სწავლობდა: ნინო კალანდაძე, შუშანა თუმანიშვილი და ვაიდე გვარიშვილი. იულიას სწავლა თავიდანვე გემთწამყვანობაზე უნდოდათ, მაგრამ გოგოობის გამო არ მიიღეს, თუმცა მოგვიანებით მან თავისი სურვილის ასრულება მაინც მოინდომა და გემთწამყვანობაზე გადავიდა.
გემთწამყვანობის ფაკულტეტზე კარგად სწავლობდა. დირექციის პატივისცემაც დაიმსახურა, თუმცა როცა პრაქტიკის დრო დადგა, მას კიდევ ერთი წინააღმდეგობის გადალახვა მოუხდა. ტექნიკუმის ხელმძღვანელობამ გემზე გაშვებამდე მის მშობლებთან პირისპირ შეხვედრა მოისურვა, თუმცა გამოსავალს მალევე მიაგნო: ნაცნობ-მეზობლებს მოელაპარაკა და დედ-მამის ნაცვლად ტექნიკუმის ხელმძღვანელობას ისინი შეახვედრა. იულია ფაილოძემ სწავლა 1940 წელს დაასრულა.
მოღვაწეობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სწავლის დასრულების შემდეგ იულია ფაილოძე შორეული ნაოსნობის შტურმანი გახდა.
თუ წასვლაა, წასვლა იყოს. მე შორეულ აღმოსავლეთში წავიდოდი, ქვეყანას ვნახავდი, საზღვარგარეთ ვიცურავებდი. მთელი ქვეყანა უნდა მოვიაროთ
, — ამბობდა იულია. [1]
იულია ვლადივასტოკის სანაოსნოში გაანაწილეს. ოჯახმაც მაშინ გაიგო, რომ ის სინამდვილეში გემთწამყვანობაზე სწავლობდა. იულიამ თბომავალ „არქტიკაზე“ კაპიტნის მეოთხე თანაშემწედ დაიწყო მუშაობა. მალე უფრო დიდ გემზე „მინსკზე“ გადაიყვანეს. სწორედ მის საჭესთან იდგა და ამერიკისკენ მიემართებოდა, როცა რადისტმა მეორე მსოფლიო ომის დაწყების ამბავი ამცნო. მიუხედავად იმისა, რომ „მინსკი“ სავაჭრო გემი იყო, ამიერიდან მისი ეკიპაჟიც საომარ რეჟიმზე გადავიდა.
1945 წელს იულია უდიდეს გემ „ვოიკოვზე“, კაპიტნის მეორე თანაშემწად დაინიშნა. საბოლოოდ იულია ოდესის სანაოსნოში გადავიდა. 1948 წელი საბჭოთა კავშირში ხელისუფლების განკარგულებით, ქალ მეზღვაურებს ფლოტში სამსახური აეკრძალათ. იულია საქართველოში ისე დაბრუნდა, რომ კაპიტანი ვერ გახდა. იულია ფაილოძეს პროფესიასთან კავშირი ბოლომდე მაინც არ გაუწყვეტია. 1949 წლიდან ბათუმის საზღვაო სასწავლებელში, ხელმძღვანელის მოადგილედ მუშაობდა.
იულია ფაილოძე ბათუმში 2000 წელს გარდაიცვალა.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- მარგარიტა კიკაბიძე, "ვაჟკაცების მხარდამხარ", ქუთაისი, 1984 წელი
- ალექსანდრე ჩიკვაიძე, "ზღვა და ოთხი ქალიშვილი", 1987 წელი
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ ალექსანდრე ჩიკვაიძე, "ზღვა და ოთხი ქალიშვილი", 1987 წელი