შინაარსზე გადასვლა

იმედი (სამხედრო ფორმირება)

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

სამხედრო ფორმირება “იმედი“, - ერთ-ერთი პირველი სამხედრო ტიპის ორგანიზაცია, რომელმაც ფუნქციონირება საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დასასრულს დაიწყო.

კერძოდ, „იმედი“ შეიქმნა 1989 წლის მაისის თვეში, ხოლო 1989 წლის 1 აგვისტოს ოფიციალურად გაიარა რეგისტრაცია, როგორც საქართველოს სახალხო ფრონტთან არსებულმა ორგანიზაციამ, სახელწოდებით - „ერის ღირსების დამცველთა ასოციაცია „იმედი“. მეთაურად არჩეულ იქნა დავით ხომასურიძე. „იმედის“ შემადგენლობაში შედიოდა შემდეგი სახის სამხედრო-სტრუქტურული ერთეულები: 1) თბილისის ცენტრალური ორგანიზაცია, სამხედრო-სასწავლო ცენტრი („იმედის“ სამხედრო სასწავლებელი), სამხედრო— სტრუქტურული ასეულები და მართვის ცენტრი(საწინამძღვრო); 2) ქვემო ქართლის სადროშო (რუსთავის, მარნეულის, გარდაბნის, ბოლნისის, თეთრიწყაროს, დმანისის რაიონული ორგანიზაციები და ტერიტორიული ჯგუფები), მეთაური - ზურაბ ხვიბლიანი; 3) ზემო ქართლის სადროშო (მცხეთიის, კასპის, გორის, ქარელის, ხაშურის რაიონული ორგანიზაციები და ტერიტორიული ჯგუფები, მეთაური - ომარ თავაძე; 4) შიდა ქართლის სადროშო (ცხინვალისა და ყორნისის რაიონული ორგანიზაციები და ტერიტორიული ჯგუფები), მეთაური — ზვიად მაისურაძე; 5) კახეთის სადროშო (საგარეჯოს, გურჯაანის, თელავის, ახმეტის რაიონული ორგანიზაციები და ტერიტორიული ჯგუფები), მეთაური — გელა გოდერძიშვილი; 6) იმერეთის სადროშო (ქუთაისის,ზესტაფონის, წყალტუბოს, სამტრედიის, საჩხერის,რაიონული ორგანიზაციები და ტერიტორიული ჯგუფები), მეთაური - რობერტ ბერიშვილი; მოგვიანებით „იმედი“ მთელი შემადგენლობით შევიდა საქართველოს ეროვნული გვარდიის შემადგენლობაში, რომლის ბაზაზეც ჩამოყალიბდა ჯერ გვარდიის პირველი ასეული, ხოლო შემდგომ, რამდენიმე ბატალიონი. ამათგან „იმედის“ ძირითადი ბირთვის ბაზაზე ჩამოყალიბდა გვარდიის 26-ე მარნეულის ბატალიონი (ბატალიონი „იმედი“).

ერის ღირსების დამცველთა ასოციაცია „იმედის“ დროშა. ავტორი: დ. ხომასურიძე

დროშის საბოლოო ვარიანტი მიღებული და დამტკიცებულია 1989 წლის 23 აგვისტოს „იმედის“ საწინამძღვროს (სამხედრო საბჭოს) შემდეგი შემადგენლობის მიერ: დავით ხომასურიძე; გია მიქელაძე; გოგი დავითური; იოსებ ხელაშვილი; მალხაზ დათუკიშვილი; ჰენრი კუპრაშვილი; ტარიელ ბოსტოღანაშვილი; გოჩა (პეტრე) გავაშელი; იოსებ მეტრეველი; კოტე ონაშვილი.

დროშის სამფეროვნებაში სიმბოლურად ცნაურდება ადამიანური ყოფნა-არყოფნის სამსახოვანი განუყოფლობა. ჰაერთან შეთამაშებული ნაზი, ფართო ქსოვილის ტკარცალი თითქო აღვიძებს სწრაფვას თავისუფლებისა და უსაზღვროების დაუფლებისაკენ.

მუქი შინდისფერი შუაგული (შინდისფერი ფონი - სკნელი, ყოფიერი სამყარო) ჩვენი ყოველდღიური სამყოფელის, აბობოქრებული ცხოვრების სიმბოლოა, რომელიც სიავკარგის მარადიული მონაცვლეობით ესოდენ მჭიდროდ გვიჯაჭვავს ყველას სიცოცხლის წყურვილით.

თეთრი წრეხაზი დედამიწაა, ჩვენი სამყაროა. მასზე ნახევარწრიულად ჩამომსხდარი მნათობები კი ქართველი ერის სიმბოლოს წარმოადგენს, რომელთაგანაც მზისა და მთვარის რჩეულობის აღნიშვნა დანარჩენ მნათობთა შორის უცილობლად მოგვაგონებს ძველთაძველი ქართული ცნობიერებიდან ამოზრდილ მოტივს, რომელიც, ხალხურმა პოეზიამ შემდგომში ასე ხატოვნად დააგვირისტა: „მზე დედა ჩემი, მთვარე - მამა ჩემი, ეს წვრილ-წვრილი ვარსკვლავები და და ძმაა ჩემი.“

დროშის ზემო მხარე (თეთრი ფონი - ზესკნელი, სამოთხე) ზეციური სასუფევლის განცხადებაა მხილველისათვის. სითეთრე ხომ სიმსუბუქეა; სიწმინდის, სულიერების, განსპეტაკებისა და სიმშვიდის საუფლოა, რომელიც მარადჟამს ესალბუნება ყოველი სულდგმულის ღვთაებასთან მიახლოების მანუგეშებელ იმედს. ამ საუფლოზე ცხოვრებისეული ძალოვნებითა და სიმძაფრით დაჩნეული მუქი შვინდისფერი ნაკვეთი ქართული ასომთავრული წარწერა „იმედი„ თითქო მიისწრაფვის ზეციური სითეთრისაკენ თავის მიერ აღსრულებულ მიწიერ ქმედებათა და ამქვეყნიური ვალის უზენაესი გამართლებისათვის. იგი თავისუფალი თანაარსებობისა და ეროვნული თვითმყოფადობის შენარჩუნების ერთ-ერთი ნამდვილი იმედია, ლაშქრის წოდებაა, რომელსაც ევალება, რომ დაიცვას სამშობლოს მიწა, ენა და რჯული. მაგრამ, ამავე დროს, „იმედის“ ბგეროვანი გრადაცია ზოგადდება კერძო დანიშნულებისაგან და იქცევა მარად-ადამიანურ ნატვრად ამაოების მოქცევისათვის.

ყოფიერების გულში მძიმედ ჩამოქნილი ჯვარი-მახვილი ორსახოვანი სიმბოლიზირებით მიუთითებს ქართველი ერის ოდინდელ სვებედზე, როგორც ქრისტიანული სარწმუნოებისა და მამულისათვის ბრძოლის ორბუნებოვან თანაარსობაზე. ფრთებდახრილი ნინოსეული ჯვრის ტრადიციული ქართული ხატება ზეციური ფერადოვნებით, ამ შემთხვევაში სითეთრით აშუქებს ცხოვრებისეულ სამკვიდროს, ამსუბუქებს ყოფიერების სიძნელეს. ამავე დროს ის მოგვაგონებს, რომ სწორედ მან, საქართველოსთვის წილხვდომილმა ვაზის ჯვარიდან აღვლენილმა რელიგიამ შემოგვინახა მამა-პაპათაგან ბოძებული წმინდა ილია მართლისეული „სამი ღვთაებრივი საუნჯე: ენა, მამული და სარწმუნოება“. მაგრამ სიმბოლური ხატება, როგორც მახვილი, - ორბუნებოვანი გამოსახულებიდან ერთ-ერთი, - ჰქმნის კიდევ უფრო გავრცობილ აზრობრივ განფენილობას. რადგან ის დასაბამს თეთრის სიქათქათეში და ამდენად, ღვთაებრივი წიაღიდან იღებს, თავისი მიზანდასახულობით სიმართლის, ღირსებისა და სიმშვიდის დასაცავი იარაღია. ამას როგორც შედეგს რწმენით გულსავსე კაცის ქრისტესმიერი სიყვარულისას, ნათლად გვამცნობს დროშის (შავი ფონი - ქვესკნელი) შავბნელ კიდეზე შთაფლული ვარსკვლავი, რომელიც სიბნელისა და ბოროტების შემანგრეველ ძალას წარმოადგენს.

ქრისტეს ამასოფლიური ხვედრის მაგალითით ნაზარდი ერისათვის ნიშნეულია უმკაცრესი განჩინება ჩაუგებელ მახვილთან თანაზიარი ცხოვრებისა; იმ მახვილთან, რომლის დრტვინვაც ცოცხალთ სიცოცხლეს, ხოლო წაქცეულთ - გარდასახების იმედებს ჩუქნის. ცხოვრებისეულ შუაგულ ფონზე დაჭდეული მახვილი საქართველოს ისტორიული ხვედრის გამოხატულებაა, როგორც მინიშნება ბრძოლისა და ცხოვრების საწყისის განუყოფლობაზე. მახვილის საწყისობა ზეციურ სითეთრეში მის საიმედო დანიშნულებას გვამცნობს, პირქუშ შავში ჩაჭდეული წვერი უცილობელი გამარჯვებისა და სისხლიანი მსხვერპლის ნიშანია, ხოლო ყოფიერების შუაგულში გარს შემოსალტული თეთრი წრეხაზი სამყაროს სიმბოლიზირებას და იმავდროულად სამშობლოს დაცვის ფარს წარმოადგენს, რომელიც ქართული სულის ჩუმსა და მარადიულად ჩაუმქრალ ძახილად გვევლინება, ღვთივბოძებული ქვეყნიერების სიმშვენიერით უსისხლოდ ტკბობაზე, ნგრევის, მტრობისა და გვემის დავიწყებაზე.

  1. „საქართველოს ეროვნული გვარდია ათი წლისაა“. რედ. გენერალ-მაიორი ნ. მუსერიძე. თავდაცვის სამინისტროს სამხედრო საინფორმაციო-საგამომცემლო ცენტრი. თბილისი 2000 წ.
  2. გაზ. „საქართველო“, 28 ოქტომბერი 1990 წ.
  3. გაზ. „საქართველო“, 12 მარტი 1991 წ.
  4. გაზ. „საქართველო“, 9-15 ოქტომბერი 1992 წ.