ივანე გიორგბერიძე
ივანე ალექსის ძე გიორგბერიძე (დ. 25 ივლისი, 1906, ხონი — გ. 24 ოქტომბერი, 1994, თბილისი) — ქართველი აგრონომი. სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა კანდიდატი (1952), პროფესორი (1961), აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის (1961) და საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე (1966).
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1934 წელს დაამთავრა მოსკოვის კ. ტიმირიაზევის სახელობის სასოფლო-სამეურნეო აკადემია. 1957 წლიდან იყო ქუთაისის სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის დირექტორი, 1959–1973 წლებში — საქართველოს სუბტროპიკული მეურნეობის ინსტიტუტის რექტორი, 1973–1992 წლებში — საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის მემცენარეობის კათედრის პროფესორ-კონსულტანტი. დაამუშავა დასავლეთ საქართველოს პირობებში საკონსერვო ბოსტნეულის აგროტექნიკური საკითხები. შეისწავლა მწვანე ბარდის ჯიშების აგროტექნიკა და დანერგა ისინი საქართველოში როგორც შუალედური კულტურები. მისი ავტორობითა და თანაავტორობით გამოყვანილი და სელექციურად გაუმჯობესებულია საკონსერვო ხილბოსტნეულის 23 ჯიში. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. 15-16.