თხოვება
თხოვება — ხელშეკრულება, რომლის ძალითაც გამნათხოვრებელი კისრულობს ვალდებულებას, გადასცეს მონათხოვრეს ქონება დროებით უსასყიდლო სარგებლობაში[1]. ხელშეკრულებაში მონაწილეობს ორი მხარი — გამნათხოვრებელი და მონათხოვრე, რომლებიც შეიძლება იყვნენ როგორც ფიზიკური, ისე იურიდიული პირები. თხოვების ხელშეკრულებისთვის არსებითია ის, რომ გამნათხოვრებელი მონათხოვრეს გადასცემს ნივთს სარგებლობაში არა მუდმივად, არამედ განსაზღვრული დროით, თანაც უსასყიდლოდ.
ხელშეკრულების შინაარსი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]გამნათხოვრებელი პასუხს აგებს მხოლოდ განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით მიყენებული ზიანისათვის[2]. თუ გამნათხოვრებელი შეგნებულად არ უმხელს მონათხოვრეს უფლების ხარვეზს ან ნათხოვარი ნივთის ნაკლს, მაშინ იგი ვალდებულია აანაზღაუროს მიყენებული ზიანი[3].
მონათხოვრეს არ შეუძლია ნათხოვარი ნივთით სხვაგვარად ისარგებლოს, ვიდრე ეს ხელშეკრულებით არის განსაზღვრული. მას არ აქვს უფლება ნივთი სარგებლობისათვის გადასცეს მესამე პირს გამნათხოვრებლის თანხმობის გარეშე[4].
მონათხოვრემ უნდა გასწიოს ნათხოვარი ნივთის მოვლისათვის საჭირო ჩვეულებრივი ხარჯები. გამნათხოვრებლის მოვალეობა სხვა ხარჯების ანაზღაურების თაობაზე განისაზღვრება დავალების გარეშე სხვისი საქმეების შესრულების წესებით[5].
ნათხოვარი ნივთის ცვლილებებისა თუ გაუარესებისათვის მონათხოვრე პასუხს არ აგებს, თუკი ეს გამოწვეულია ხელშეკრულების შესატყვისი სარგებლობით[6].
მონათხოვრე მოვალეა თხოვების ხელშეკრულებით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ ნათხოვარი ნივთი უკან დააბრუნოს. თუ ხელშეკრულებით ვადა არ არის განსაზღვრული, მაშინ გამნათხოვრებელს შეუძლია ნივთი დაიბრუნოს გამიზნული სარგებლობისათვის საჭირო დროის გასვლის შემდეგ; ხოლო, თუკი მიზანი არ არის განსაზღვრული, მაშინ მას შეუძლია ნებისმიერ დროს მოითხოვოს მისი დაბრუნება. მონათხოვრეს შეუძლია ნივთი ნებისმიერ დროს დააბრუნოს უკან[7].
თუ მონათხოვრე გარდაიცვალა, ან გამნათხოვრებელი გაუთვალისწინებელი გარემოების გამო საჭიროებს ნივთს, მას შეუძლია მოშალოს ხელშეკრულება[8].
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- საქართველოს სამოქალაქო კოდექსი
- საქართველოს სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი მეოთხე, ტომი პირველი, თბ., 2001
- ზ. ახვლედიანი, ვალდებულებითი სამართალი, თბ., 1999
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 615-ე მუხლი
- ↑ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 616-ე მუხლი
- ↑ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 617-ე მუხლი
- ↑ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 618-ე მუხლი
- ↑ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 619-ე მუხლი
- ↑ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 620-ე მუხლი
- ↑ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 621-ე მუხლი
- ↑ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 622-ე მუხლი