თორი (ვარსკვლავთკარიბჭე)
ვარსკვლავთკარიბჭის გამოგონილ სამყაროში თორი, რომელსაც ახმოვანებს მაიკლ შენქსი (Michael Shanks) ასგარდთა ფლოტის უზენაესი მხედართმთავარია და საკმაოდ მნიშვნელოვან როლს თამაშობს ვარსკვლავთკარიბჭის სამყაროს ისტორიაში. იგი უაღრესად დადებითი და ღირსეული პერსონაჟია. თორი არის ბრძენი და მომთმენი პიროვნება, მისი სწორედ ამ თვისებების გამო შესძლებენ დედამიწელები ასგარდებთან მჭიდრო სამოკავშირეო ურთიერთობების დამყარებას.
ჩვენს წელთაღრიცხვამდე 500 წელს მან მოინახულა დედამიწა და მისი ზოგიერთი მკვიდრი პლანეტა კიმერიაზე გადაასახლა და მათ მფარველ ღვთაებად გამოეცხადა.
SG-1 მას პირველად კიმერიაზე შეხვდება (Stargate SG-1 — 1-ელი სეზონის მე-9 სერია: თორის ურო): ვიკინგური ღვთაების ჰოლოგრაფიული გამოსახულების სახით, რომელიც შემდგომში მათ თავისი ნამდვილი გარეგნობით წარუდგება კვლავ ჰოლოგრაფიის გამოყენებით (Stargate SG-1 — მე-2 სეზონის მე-6 სერია: თორის ეტლი). თორი კიმერიელებს იხსნის ჰერუ-ურის შემოსევისაგან.
ნამდვილ თორს დედამიწელები მეოცეს საუკუნის მიწურულს გაიცნობენ, როდესაც იგი დაუკავშირდება ჯეკ ო'ნილს, რათა მას შესთავაზოს დედამიწის დამატება დაცულ პლანეტათა ხელშეკრულებაში (Stargate SG-1 — მე-3 სეზონის მე-3 სერია: პატიოსანი თამაში), რაც დედამიწას თავიდან ააცილებდა გოა'ულდების თავდასხმებს. მოგვიანებით, (Stargate SG-1 — მე-3 სეზონის 22-ე სერია: ნემეზიდა) SG-1 მას ეხმარება რეპლიკატორებით ინფიცირებული ხომალდის ბელისკნერის განადგურებაში. დედამიწელთა პრიმიტიული მაგრამ ქმედითი ტაქტიკით მოხიბლული თორი, მოკლე ხანში SG-1-ს დახმარებისათვის მიმართავს ასგარდთა მშობლიური პლანეტის რეპლიკატორთაგან დასაცავად (Stargate SG-1 — მე-4 სეზონის 1-ელი სერია: პატარა გამარჯვებები).
მეხუთე სეზონის დასასრულს (Stargate SG-1 — მე-5 სეზონის 22-ე სერია: გამოცხადებანი) ანუბისი ტყვედ ჩაიგდებს თორს, მის ტვინს თავისი ხომალდის კომპიუტერს მიუერთებს და ცდილობს მისი ცნობიერებიდან ასგარდული ტექნოლოგიების ამოწვლილვას, შედეგად თორი კომაში ჩავარდება. მოგვიანებით SG-1 შესძლებს თორის ცნობიერების ამოწვლილვას ამ ხომალდის მონაცემთა ბაზიდან და ასგარდები მას ახალ სხეულში გადატვირთავენ.
თორის მეთაურობით ასგარდები დაგეგმავენ და განახორციელებენ რეპლიკატორთა საბოლოოდ განადგურების გეგმას. ამ გეგმის არსი რეპლიკატორთა შემქმნელი ანდროიდის, რიიზის პროგრამულ კოდში ნაპოვნი მოწოდების გამოყენებით ყველა რეპლიკატორის ასგარდთა მშობლიურ პლანეტა ჰალაზე მოზიდვასა და იქ დროის გაფართოების სფეროში მათ მომწყვდევაში მდგომარეობდა. ამ სფეროში დროის მსვლელობა ჩვეულებრივთან შედარებით უნდა შენელებულიყო 104-ით, მაგრამ, რეპლიკატორებმა ამოიცნეს ეს ხაფანგი და დრო შენელების ნაცვლად ააჩქარეს. თორმა შემწეობა SG-1-ს სთხოვა, რომელმაც შეძლეს დროის შენელება.
პენტაგონში გამართულ საიდუმლო თათბირზე, რომელზეც ამერიკა საფრანგეთს, დიდ ბრიტანეთსა და ჩინეთს უმხელდა ვარსკვლავთკარიბჭის პროექტის არსებობას და რომელზეც SGC-ს მიერ კარიბჭეზე კონტროლის შენარჩუნება სადავო გახდა, თორის პერსონალურმა ჩარევამ SGC-ს სასარგებლოდ გადაწყვიტა დავა.
ვინაიდან დროის შენელების მოწყობილობას არ შეუძლია რეპლიკატორთა სამუდამო გამომწყვდევა თორი გადაწყვეტს ჰალას მზის შავ ხვრელად გადაქცევას, მაგრამ რეპლიკატორთა გარკვეული რაოდენობა მეხუთის მეთაურობით მაინც მოახერხებს თავის დაღწევას და ასგარდთა ახალ სამშობლოს დაესხმება თავს. ჯეკ ო'ნილის ტვინში გადატვირთული ძველების მონაცემთა ბაზის წყალობით თორი შესძლებს რეპლიკატორთა საწინააღმდეგო იარაღის, დამშლელის, შექმნას და თავის პლანეტას გაწმენდს რეპლიკატორებისაგან.
თორის ბრძანებით ხომალდ „ოდისევსზე“ დააყენეს ასგარდთა უკანასკნელ ტენოლოგიურ მიღწევები, მონაცემთა ბაზა და კომპიუტერულ ბირთვი და შემდეგ თავის პლანეტაზე დაბრუნდა, სადაც თავის რასის ყველა წარმომადგენლთან ერთად ერთობლივი თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე.