ვახტანგ ითონიშვილი
ვახტანგ ითონიშვილი | |
---|---|
დაბადების სახელი | ვახტანგ ვალერიანის ძე ითონიშვილი |
დაბადების თარიღი |
19 დეკემბერი, 1958, თბილისი თბილისი |
გარდაცვალების თარიღი |
29 ნოემბერი, 2000 (41 წლის) თბილისი |
მოქალაქეობა | საქართველო |
პროფესია | ქართველი ეთნოლოგი და ისტორიკოსი, კავკასიოლოგი, საზოგადო მოღვაწე, ისტორიის მეცნიერებათა კანდიდატი, დოცენტი. |
ვახტანგ ვალერიანის ძე ითონიშვილი (დ. 19 დეკემბერი, 1958, თბილისი — გ. 29 ნოემბერი, 2000, თბილისი) — ქართველი ეთნოლოგი და ისტორიკოსი, კავკასიოლოგი, საზოგადო მოღვაწე, ისტორიის მეცნიერებათა კანდიდატი (1983), დოცენტი (1986).
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი (1980) და ივ. ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის ასპირანტურა (1983). 1983 წელს წარმატებით დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია. 1983–2000 წლებში იყო ივ. ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ თანამშრომელი. 1986–იდან ეთნოლოგიასა და კავკასიის ხალხთა ისტორიაში ლექციებს კითხულობდა თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში. 1990 წელს ითონიშვილი ერთი წლის მანძილზე იყო ვენის უნივერსიტეტის (ავსტრია) ეთნოლოგიის ინსტიტუტის მიწვეული პროფესორი და ლექციებს კითხულობდა კავკასიის ხალხთა ეთნოლოგიაში. 1998 წელს იყო საერთაშორისო კონფერენციის „კავკასიის ხალხთა გენოციდი“ (თბილისი) ერთ–ერთი ორგანიზატორი. მისი თაოსნობით დაფუძნდა საქართველოს ახალგაზრდა ეთნოლოგთა ასოციაცია.
ითონიშვილს ეკუთვნის 60–მდე სამეცნიერო პუბლიკაცია, მათ შორის 20–მდე მონოგრაფია. მისი ხელმძღვანელობით და მონაწილეობით გამოიცა საქართველოს ისტორიულ–ეთნოგრაფიული კალენდარი და ქართულ–კავკასიური ისტორიულ–ეთნოგრაფიული პლაკატი. მისმა ნაშრომებმა დაუდო სათავე კავკასიის ხალხთა ეთნოციდის შესწავლას. მასვე ეკუთვნის მნიშვნელოვანი ნაშრომები ქართულ–ოსურ ურთიერთობათა ისტორიის, დვალეთის ისტორიის, კავკასიის და საქართველოს ეთნოსოციალური ისტორიის საკვანძო საკითხებზე. მანვე შემოიტანა სამეცნიერო მიმოქცევაში კავკასიაში რუსეთის ექსპანსიური პოლიტიკის შესატყვისი ტერმინი „რუსიანობა“.
არჩეული იყო ავსტრიის ეთნოლოგთა საზოგადოების (1990) და ევროპის მეცნიერების და ტექნოლოგიების ხელშემწყობი ასოციაციის – „ევრომეცნიერების“ (სტრასბურგი, საფრანგეთი, 1998) წევრად. 1998 წელს მისი მონაწილეობით დაფუძნდა ევრომეცნიერების საქართველოს ეროვნული სექცია.
ითონიშვილი ტრაგიკულად დაიღუპა 2000 წელს. დაკრძალულია თბილისში, საბურთალოს საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.
მნიშვნელოვანი ნაშრომები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ვახტანგ ითონიშვილი. არაგვის ხეობა, თბ., 1986
- ვახტანგ ითონიშვილი. არაგვი და არაგველები, თბ., 1989
- ვახტანგ ითონიშვილი. ქართულ–ოსურ ურთიერთობათა ისტორიიდან, თბ., 1995
- ვახტანგ ითონიშვილი. აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთის მოსახლეობის სოციალური სტრუქტურა XIV-XVIII საუკუნეებში, თბ., 2001
- ვახტანგ ითონიშვილი. ნარკვევები კავკასიის ისტორიიდან, თბ., 2002
- ვახტანგ ითონიშვილი. ნარკვევები ქართველ მთიელთა ტრადიციული ყოფის ისტორიიდან, თბ., 2003
- ვახტანგ ითონიშვილი. ხანდოს ხევი, თბ., 2003
- ვახტანგ ითონიშვილი. ნარკვევები ქართული ქრისტიანობის ისტორიიდან, თბ., 2003
- ვახტანგ ითონიშვილი. უცხოტომელთა ავაზაკობა საქართველოში, თბ., 2005
- ვახტანგ ითონიშვილი. დვალეთის ისტორიის საკითხები მრუდე სარკეში, თბ., 2002
- ვახტანგ ითონიშვილი. ქართველთა გოდება გაპარტახებულ სამშობლოში, თბ., 2007
- ვახტანგ ითონიშვილი. ეთნიკური ისტორიის ნარკვევები, თბ., 2008
- ვახტანგ ითონიშვილი. დვალები და დვალეთი, თბ., 2016
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- გიორგი გოცირიძე. ვახტანგ ითონიშვილის გახსენება.– ისტორიულ–ეთნოგრაფიული ძიებანი, IV, თბ., 2002, გვ. 7–12;
- ვახტანგ ითონიშვილი (1958–2000).– მიხეილ (მიხაკო) წერეთლის დაბადებიდან 130–ე და ვახტანგ ითონიშვილის დაბადებიდან 50–ე წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო სამეცნიერო სესია, თბ., 2008, გვ. 9–11