შინაარსზე გადასვლა

ევმელოს კორინთელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ევმელოს კორინთელი (ბერძ. Εὔμελος ὁ Κορίνθιος, Eumēlos ho Korinthios) — ძვ. წ. VIII საუკუნის ნახევრადლეგენდარული ბერძენი ეპიკოსი პოეტი, კორინთის მმართველი დორიული კლანის — ბაკქიდების წარმომადგენელი.

ევმელოსს მიეწერება პოემა „კორიანთიაკას“ ჩვენამდე მოღწეული რამდენიმე მეტ-ნაკლებად სანდო ფრაგმენტი. პოემაში გადმოცემულია ქალაქ კორინთის ლეგენდარული ისტორია. პოემაში ავტორი ძველ ბერძნულ ლიტერატურაში პირველად ახსენებს ტერმინს „კოლხისს“ და მას აიეტის ლეგენდარულ სამეფო აიასთან აიგივებს. თუკი ეს ფრაგმენტი მართლაც ევმელოს კორინთელის დროინდელია, მაშინ იგი უკვე ასახულია არგონავტების თქმულების უძველეს ვერსიებში და კოლხეთთან იდენტურობაზე უნდა მიუთითებდეს.

  • ურუშაძე ა., ძველი კოლხეთი არგონავტების თქმულებაში, თბ., 1964.
  • გორდეზიანი რ. ბ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. 552.
  • Huxley G. l., Greek epic poetry from Eumelos to Panyassis, L., 1969.
  • Greek Epic fragments, ed. M.L. West, 2007.