შინაარსზე გადასვლა

გლიკოგენი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გლიკოგენის სტრუქტურა

გლიკოგენი — (C6H10O5) ცხოველური სახამებელი , ძირითადი სამარაგო ნახშირწყალი ადამიანსა და ცხოველებში. გვხვდება აგრეთვე ზოგიერთ ბაქტერიაში, საფუვრებსა და სოკოებში. განსაკუთრებით მაღალია მისი შემცველობა ღვიძლში (3-5%) და კუნთებში (0,4-2%). აღმოაჩინა ფრანგმა ფიზიოლოგმა კლოდ ბერნარმა (1857). გლიკოგენი ჰომოპოლისაქარიდია და შედგება 6-20 ათასი და მეტი α-D გლუკოზის ნაშთისაგან. მისი მოლეკულა განშტოებულია; დაუტოტავი ჯაჭვის სიგრძე საშუალოდ გლუკოზის 10-14 ათასი ნაშთისაგან შედგება. გლიკოგენი თეთრი ამორფული ფხვნილია. მისი ხსნარი პოლიდისპერსიულია, ხასიათდება ოპალესცენციით, ოპტიკურად აქტიურია, იოდით იისფერ-მოყავისფროდან იისფერ-მოწითალოდ იღებება. ორგანიზმში ორი გზით იშლება. მისი ჰიდროლიზური დაშლა იწყება პირის ღრუში საჭმლის მონელების პროცესში ამილაზის ზემოქმედებით და მთავრდება წვრილ ნაწლავებში. წარმოიქმნება დექსტრინები, შემდეგ მალტოზა და გლუკოზა. გლუკოზა სისხლში შეიწოვება, ნარჩენი რაოდენობა კი ჩაერთობა გლიკოგენის სინთეზში და ამ სახით გროვდება ქსოვილებში. გლიკოგენის ჰიდროლიზური დაშლა შეიძლება უჯრედებშიც მოხდეს, მაგრამ მას დიდი მნიშვნელობა არ აქვს. გლიკოგენის უჯრედშიგა გარდაქმნის ძირითადი გზა ფოსფოროლიზური დაშლაა, რის შედეგად წარმოიქმნება გლუკოზა-1-ფოსფატი. გლიკოგენის სინთეზის აუცილებელი ეტაპია გლუკოზის ფოსფორილირება. სინთეზი მიმდინარეობს გლიკოგენ-სინთეტაზის მონაწილეობით. გლიკოგენის დაგროვებასა და მობილიზაციას ღვიძლში აწესრიგებენ ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებანი ჰიპოთალამუსისა და სიმპათიკური ნერვული სისტემის მონაწილეობით. მ.შ. ყველაზე მნიშვნელოვანია ჰორმონებიადრენალინი და გლუკაგონი (იწვევენ გლიკოგენის მობილიზაციას) და ინსულინი (სტიმულს აძლევს გლიკოგენის სინთეზს).