ბუდე
ბუდე — ნაგებობა, რომელსაც ცხოველი იშენებს შთამომავლობის გამოსაზრდელად ან თავშესაფრად. გამრავლებისათვის გამოსაყენებელი ბუდე ნაირგვარია. მაგ., ობობას ბუდე ქსლისაგან მოქსოვილი პარკია, მარტოული კრაზანისა — მიწის უჯრედები, რომლებიც ერთიმეორესთან შეწებებულია ნერწყვით. ორაგული ქვირითს ფლავს კენჭებიან გრუნტში, სამნემსა მახათა — ბურთისებურ ბუდეში, რომელსაც წყალმცენარეებისაგან იშენებს. ფილომედუზა ქვირითს ყრის მილივით დახვეულ ფოთოლში. კუ და ნიანგი კვერცხებს ფლავენ მიწაში. ხოხბის, როჭოს, ტყის ქათმის ბუდე მარტივი ორმოა, რომელშიც მცირეოდენი საფენია. ჭინჭრაქასა და რემეზის ბუდეები ბურთისებურია. გვრიტი ფიჩხისაგან იკეთებს მარტის ბუდეს, რომელშიც კვერცხები ქვემოდან მოჩანს. ორბის ბუდე რამდენიმე ქვით და ფიჩხის ნამტვრევებითაა შემოფარგლული. რთულ ბუდეს იშენებს სოფლის მერცხალი, რომელიც ტალაცის კოშტებს ნერწყვით ამაგრებს აივნის ჭერსა და სხვა მსგავს ადგილებში. სალანგანის ბუდეს, რომელიც ჰაერზე გამკვრივებული ნერწყვისაგან შედგება, სამხრეთ აზიის მცხოვრებნი საკვებად იყენებენ. ჰამაკის მსგავს ბუდეს იკეთებს მოლაღური. ფიჩხის ნამტვრევებისა და ჩალაბულისაგანაა აშენებული შაშვის ბუდე, რომელიც შიგნიდან ტალახითაა გალესილი. ციყვის ბუდე აშენებულია ბალახბულახის, ბუმბულოვანი საფენისა და სხვა მასალისაგან. თახვი „ქოხს“ იშენებს ხის ტოტებისა და შლამისაგან. ცხოველების უმრავლესობა ბუდეს თავისთვის იშენებს. კოლონიური ბუდეები აქვთ „საზოგადოებრივ“ მწერებს: ფუტკრებს, კრაზანებს, ჭიანჭსელებს და სხვა. უზარმაზარ (7-8 მ-მდე სიმაღლის) ბუდეს იშენებენ ტერმიტები. ფრინველებიდან კოლონიებად ბუდობენ ალკები, კაირები, პინგვინები, თოლიები და სხვა. აფრიკის ფეიქარები ერთობლივად აშენებენ დიდ ბუდეს, რომელშიც წყვილ-წყვილად ბინავდებიან.
გალერეა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ა. ჯანაშვილი, ქსე, ტ. 2, გვ. 550, თბ., 1977