აძიკვი
აძიკვი — XI საუკუნის ქართული ხუროთმოძღვრული ძეგლი, მანგლისის სამხრეთ-დასავლეთით 20 კმ-ზე (თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი), ისტორიულ ალგეთის ხეობაში. თლილი ქვის მოზრდილი ფილებით შემოსილი ერთნავიანი ეკლესია ორი მინაშენით. როგორც ისტორიული, ისე ძველი ქართული სახვითი ხელოვნების თვალსაზრისით საყურადღებოა ბარელიეფი, რომელიც დატანებულია აძიკვის ეკლესიაზე მიშენებული ეგვტერის კედელში (1,85 × 0,85 მ, ბაზალტი, პირი ინახება საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში). მასზე გამოსახულია ოთხი მამაკაცი (მკვლევართა ვარაუდით - დიდებულები). ბარელიეფს ოთხივე მხრივ შემოუყვება ასომთავრული წარწერა (პალეოგრაფიულად X-XIII სს.). ბარელიეფზე გამოსახულ პირთა სახელებს მკვლევრები სხვადასხვანაირად კითხულობენ: "ელქატმონ, შოთაჲ, გამრეკელ, ავაგ" (ინგოროყვა, პ., თხზ. კრ., ტ. 1, 1963); "შოთაჲ, გამრეკელ, ბეშქენ, ვარაზბაკურ" (ბერძენიშვილი, ნ., საქართველოს ისტორიის საკითხები, წგნ., 1, 1964). პ. ინგოროყვას ვარაუდით, ბარელიეფზე შეიძლება გამოსახული იყო შოთა რუსთაველი. ნ. ბერძენიშვილის აზრით, ბარელიეფის ხასიათი და წარწერა თვით აძიკვის ასომთავრულ წარწერას (XI-XII სს.) უნდა უკავშირდებოდეს და იურიდიული აქტის (მიწის შეწირვის) დამტკიცება-მოწმობას გამოხატავდეს.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]საქართველოს ისტორიულ ძეგლთა ბიბლიოგრაფიული ლექსიკონი
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- შოშიაშვილი ნ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, გვ. 270, თბ., 1997
- ციციშვილი ი., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, გვ. 75-76, თბ., 1977