აშორო
აშორო, აშოროს, აშა (აშა < არაბ. ჰაშა — არამც და არამც, არასოდეს; უარყოფა) — ძველ ქართულ სასამართლო პროცესში — ბრალდებულის მიერ ბრალდების ანდა მოპასუხის მიერ სასარჩელო მოთხოვნის ხელაღებით უარყოფა. აშორას სარწმუნოებრივი ხასიათი ჰქონდა, მისი წარმოთქმის ფორმულა იყო: „აშოროს!“, „აშოროს ღმერთმან!“, რაც ნიშნავდა — ღმერთმა ნუ ქნას, ღმერთმა დამიფაროს ესა და ეს მე მექნას… მე მემართოსო. ამგვარი უარყოფის ფაქტზე იტყოდნენ: „აშორა თქვა“, „აშორა ჰყო“, „აშა ჰკრაო“. ასეთი ლიტონი უარყოფის გარდა აშორას ზოგჯერ ახლდა ახსნა-განმარტება. თუ დავა სხვა სარწმუნო მტკიცებულებით ვერ გადაწყდებოდა, აშორას თქმას მოსდევდა ფიცის დადება ან საღვთო სამართალი (მაგ., ორთაბრძოლა). როცა ბრალდებული თუ მოპასუხე გადაჭრით არ უარყოფდა ბრალდებას (მოთხოვნას), მაშინ ფიცს მომჩივანი დებდა, ე. ი. მტკიცების ტვირთი მასზე გადადიოდა; ასეთ შემთხვევაში ამბობდნენ, „აშორა მას დარჩაო“. საერთოდ „აშორა“ ფიცის სინონიმიც იყო („აშორა ითხოვა“ — ე. ი. ფიცი ითხოვა).
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ფურცელაძე დ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, თბ., 1977. — გვ. 68.