მედუდუკესებრნი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან Bombycillidae)
მედუდუკესებრნი

კედრის მედუდუკე (Bombycilla cedrorum)
მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Bombycillidae (Swainson, 1831)

მედუდუკესებრნი[1][2] (ლათ. Bombycillidae) — ფრინველთა ოჯახი ბეღურასნაირთა რიგისა. მათი სხეულის სიგრძეა 15,5–23 სმ, მასა 25–85 გრამი. აგებულება მკვრივია; თავზე წამახვილებული ქოჩორი აქვთ, კუდსა და ფრთებზე — კაშკაშა ნიშნები. ნისკარტი მოკლეა; თითები ძლიერი, ბრჭყალები გრძელი და მკვეთრად მოღუნული. ნისკარტის დასაწყისთან, თვალებს ზევით და ქოჩრის ქვემოთ ახასიათებთ შავი „ნიღაბი“. ფრენენ გამალებით და მანევრულად; მიწაზე ნახტომებით გადაადგილდებიან. ცნობილია 1 გვარის (Bombycilla) 3 სახეობა. ჩვეულებრივი მედუდუკე (B. garrulous) გავრცელებულია ევრაზიაში, ჩრდილოეთ ამერიკის დასავლეთ და ცენტრალურ ნაწილში; კედრის მედუდუკე (B. cedrorum) — ჩრდილოეთ ამერიკაში; იაპონური მედუდუკე (B. japonica) — შუა და ქვემო ამურისპირეთში, ჩრდილოეთ სახალინზე. უპირატესობას ანიჭებენ გაუხშოებულ კორომებს ტყისპირებში, სადაც ჩვეულებრივ კენკროვანი და ხეხილოვანი მცენარეების მონაკვეთებიცაა. მედუდუკეების ზამთრის გუნდები (1000-მდე წევრისაგან შემდგარი) ფართოდ მომთაბარეობენ. ზაფხულში რაციონში მწერები და ობობები ჭარბობს, დანარჩენ დროს — მცენარეული საკვები (მათ შორის წვნიანი ნაყოფები). ბუდობენ ტაიგის და შერეულ ტყეებში, წყვილებად ან მცირე კოლონიებად. ბუდეს ორივე მშობელი აშენებს, მიწიდან 3–15 მეტრის სიმაღლეზე. დედალი დებს 5–6 კვერცხს, კრუხობს დედალი 14–15 დღის განმავლობაში. ბარტყებს დედალიც კვებავს და მამალიც. სეზონზე ერთ თაობას იძლევიან. ახლოს ენათესავებიან აბრეშუმა მედუდუკესებრთა ოჯახის წარმომადგენლები (3 გვარის 4 სახეობა).

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Лоскот В. М. СВИРИСТЕЛЕВЫЕ // Большая российская энциклопедия. Том 29. Москва, 2015, стр. 551-552.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. კუტუბიძე მ., ფრინველების ნომენკლატურული ტერმინოლოგია, თბ.: „მეცნიერება“, 1973. — გვ. 72, 131, 187.
  2. Bombycillidae — ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი.