1956 წლის პროკლამაცია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

1956 წლის პროკლამაცია მეორე მსოფლიო ომის შემდგომი ქართული ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის დეკლარაციად იქცა. პროკლამაცია მოამზადა და თბილისის ქუჩებში გამოაკრა სკოლის მოწაფეების ჯგუფმა „გორგასლიანი“, რომელსაც ზვიად გამსახურდია და მერაბ კოსტავა მეთაურობდნენ. პროკლამაცია წარმოადგენდა პროტესტს საბჭოთა კავშირის მიერ უნგრეთში მომხდარი ანტიკომუნისტური აჯანყების სასტიკ და უკიდურესად სისხლიანი ჩახშობის მიმართ.

პროკლამაციის ტექსტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქართველებო!

ხომ არ დაგავიწყდათ ცხრა მარტის სისხლიანი ღამე? ხომ არ დაგავიწყდათ სისხლიანი ოცდაოთხი და ოცდაჩვიდმეტი, ქართველი ხალხის დარბევისა და გაჟლეტის წლები? როდემდის უნდა გვქონდეს ქედი მოხრილი მტარვალი კომუნისტების მახვილქვეშ? ჩვენს წინაპრებს სისხლი არავისთვის შეურჩენიათ და არც ჩვენ უნდა შევირცხვინოთ თავი.

დღეს, როდესაც მთელი შეგნებული კაცობრიობა აღშფოთებულია მოსკოვის საშინელი ბოროტმოქმედებით, ჩვენი ერის ყოფნა-არყოფნის საკითხი დგება, დროა, შევერთდეთ ერთი დროშის ქვეშ ჩვენი სამშობლოს დამპყრობლის წინააღმდეგ საბრძოლველად.

მიმოიხედეთ ირგვლივ, მსოფლიო ბობოქრობს. განკითხვის დღე მზადდება კრემლელი ჯალათებისათვის. თბილისში, პოზნანში, ბუდაპეშტში მათ მიერ დაღლილი უდანაშაულო მოსახლეობის სისხლი სამართალს ითხოვს. მათი აღსასრული მოახლოებულია.

ქართველებო! სხვა არავინაა ჩვენი მშველელი, ჩვენ საკუთარი თავის გარდა. ბრძოლით უნდა მივაღწიოთ თავისუფლებას! ძმური სალამი გმირ უნგრელ ხალხს! დაე, ყველა დამონებული ერისათვის მაგალითად იქცეს უნგრელთა გმირობა! ხელები შორს უნგრეთისაგან!

ძირს ჩვენი ხალხის სისხლში ხელებგასვრილი ოკუპანტები და მათი სამხედრო ხროვა!

ძირს მოღალატე ქართველი კომუნისტები!

გაუმარჯოს თავისუფალ და დამოუკიდებელ საქართველოს!

რომელი მოღალატეც ამას ჩამოხსნის, სიკვდილი ელის!

გამოძიება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პროკლამაციების გავრცელებამ გამოიწვია ის, რომ 14 დეკემბერს (იმავე დღეს) საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოსთან არსებულ უშიშროების კომიტეტში (სუკ-ში) გორგასლიანების წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა ანტისაბჭოთა საქმიანობის ბრალდებით.

დევნა და სასამართლო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

14-15 დეკემბერს „გორგასლიანის“ წევრები დაიჭირეს, გარდა გურამ დოჩანაშვილისა, რომელიც მოგვიანებით შეიპყრეს - ის საავადმყოფოში მკურნალობდა - პროკლამაციების გაკვრისას მას სუკის თანამშრომლები ფიზიკურად გაუსწორდნენ (ზურგში დაჭრეს). გურამის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმე იყო, მაგრამ მიუხედავად ამისა, ის 31 იანვარს ორჯერ გაიყვანეს დაკითხვაზე. იმის შიშით, რომ ეს ახალგაზრდა საპატიმროში არ მომკვდარიყო, პოდპოლკოვნიკ ნადირაძის ბრძანებით, სასწრაფოდ გაათავისუფლეს „მდგომარეობის გაუარესების“ გამო. სასამართლოს საჯარო სხდომა 1957 წლის 3 აპრილიდან 5 აპრილამდე გაიმართა. სასამართლოს თავმჯდომარეობდა გიორგაძე, მსაჯულები იყვნენ: თამაზაშვილი და ჩხაიძე. ბრალდებულებს სასამართლომ ასეთი განაჩენი გამოუტანა: 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს ზვიად გამსახურდიას, ოთხ-ოთხი წელი შეუფარდეს: მერაბ კოსტავას, ანატოლი მიქაძეს, ვლადიმერ სიხარულიძეს. სამ-სამი წელი მისცეს: თემურ მეტრეველს, თამაზ გუნჯუას, თეიმურაზ ცერცვაძეს, გურამ სხირტლაძეს და გურამ დოჩანაშვილს. სასამართლო კოლეგიამ მხედველობაში მიიღო შემამსუბუქებელი და საშეღავათო პირობები და მსჯავრდებულებს განსაზღვრული სასჯელი შეეცვალათ პირობითი მსჯავრით, საგამოცდო ვადით. გორგასლიანების დაჭერის ფაქტს მეორე დღესვე გამოეხმაურა გაზეთი „კომუნისტი“. „ისინი სახელს უტეხენ ჩვენს საუცხოო ახალგაზრდობას, გვევლინებიან მუწუკებად ჯანსაღ სხეულზე, მუწუკს ამოჭრა უნდა“ ნათქვამია სტატიაში.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]