ჰუმბულის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა

ჰუმბულის ეკლესია — ეკლესია თურქეთში. ეკლესია ზიგანას უღელტეხილთან, მუსარლიდერეს და ხარშიტის ხეობის ხერთვისშია, მთლიანად არქაულ იერს ატარებს. ძეგლი დიდ მსგავსებას ამჟღავნებს, როგორც უადრეს კაპადოკიურ ხუროთმოძღვრებასთან, ასევე ქართულთან. მას გადაკეთების არაერთი ეტაპი აქვს განცდილი, თუმცა მის სტრუქტურაში ,,არქაულობაც“ კარგად შეიმჩნევა. კედლებს ეტყობათ, რომ რამდენჯერმეა გადაწყობილი. მოგვიანებით ძირითადი სივრცისათვის სამხრეთის მხრიდან აბსიდიანი ფართო ტალანი მიუშენებიათ. ამ ორ სამშენებლო პერიოდს შორის დიდი ქრონოლოგიური ზღვარი არ შეინიშნება. საბოლოოდ ეს არის ორნავიანი ეკლესია, ესოდენ პოპულარული ქართული ქრისტიანული არქიტექტურისათვის. ფაქტიურად კი აქ ორი ერთმანეთს მიდგმული ეკლესია გვაქვს. თავდაპირველად, როგორც პირველი,ასევე მეორეც შვერილაბსიდიანი უნდა ყოფილიყო.

პირველი ეკლესიის სამხრეთის კარი ლუნეტიანია და არქაულობის ყველა ნიშანს ამჟღავნებს. ეს კედელი თავდაპირველად საფასადე სიბრტყეს წარმოადგენდა. ლუნეტის თაღი ამდაგვარი სტრუქტურების კლასიკურ ნიმუშს წარმოადგდენს, იგი ამაღლებულია და ნალისებური მოყვანილობისაა. თაღი შირიმის დამუშავებული ქვებითაა აწყობილი. თაღის აბსოლუტურ ცენტრს იკავებს აგრაფი და სწორი ტრაპეციის ფორმისაა. შიდა მხრიდან, რაღაც სარემონტო სამუშაოებისას კარის ღია ლუნეტი სანახევროდ ცრუ-ლუნეტად უქცევიათ. ე.წ. ბოლნური ჯვარი იკითხება კარის არქიტრავის თითქმის ცენტრში. თავის დროზე იგი საკმაოდ რელიეფური უნდა ყოფილიყო, მაგრამ მისი წაშლა სცადეს. ესაა ფარგლის შესაძლებლობებზე დაფუძნებული გეომეტრიული სახე-ჯვარი-ვარდული, მსგავსი ნიმუშები მრავლად გვხვდება მთელს ადრექრისტიანულ აღმოსავლეთში, ისევე როგორც, ზოგადად, საკარე არქიტრავების ჯვრებით შემკობა. ამ ტიპის შემკობის მოტივები განსაკუთრებით მრავლად გვხვდება კაპადოკიის ადრექრისტიანულ ძეგლებში.

ამ ელემენტების გარდა ძეგლის არქაულობაზე მეტყველებს სარკმლებიც. ყველა მათგანი პარალელურკედლიანია. ეკლესია ნაგებია სხვადასხვა ჯიშის ქვით, მოვარდისფრო დუღაბის გამოყენებით. კირი კერამიკულ ფხვნილს შეიცავს ვიზუალური დაკვირვებით . რიგები თითქმის თანაბარი სიმაღლისაა და ჰორიზონტალურია მიუხედავად იმისა, რომ კედლის წყობაში რიყის ქვა, ქვიშაქვა და შირიმის ფრაგმენტებიცაა გამოყენებული. წყობაში ზოგიერთ ადგილას კერამიკული პლინტუსებიცაა ჩართული. სავარაუდოდ ძეგლის თარიღი ზოგადად ადრექრისტიანული ხანაა და V საუკუნეზე გვიანდელი არ უნდა იყოს. ძეგლის ინტერიერში უხვადაა შემორჩენილი მოხატულობის ფრაგმენტები. იგი სპეციალურ კვლევას მოითხოვს. მოხილვისას იკონოგრაფიული მოდელები და პროგრამები არ იკითხება. ძეგლის შიდა სივრცე მთლიანად მცენარეულ საფარს უკავია.

ცოტა რამ ასევე შეიძლება ითქვას, როგორც პირონითის შვერილაბსიდიან დარბაზულ ეკლესიაზე, ე.წ. ,,კაპელაზე“, აგრეთვე არდაშენის ჯვარგუმბათოვან ტაძარზე. დარბაზულ ეკლესიაზე ბევრს ვერაფერს ვიტყვით, რადგან ანალოგიური მცირე ზომის კაპელები, მეტნაკლებად დახვეწილი პროპორციებითა და განვითარებული შიდა სივრცით, თან სდევს მთელს შუა საუკუნეებს. აქ, როგორც ზემოთაც იყო ნახსენები, ეს კაპელა არქაულ ელემენტებს საკმაოდ შეიცავს, განსაკუთრებით კი აღსანიშნავია მისი კარის ღიობის ორიენტაცია. კარი აქ ჩრდილოეთის კედელშია გაჭრილი. ჩრდილოეთის კარი საკმაოდ იშვიათი შემთხვევაა როგორც ბიზანტიური, ასევე ქართული არქიტექტურისათვის, მაგრამ აქ პრინციპია განსხვავებული. სივრცის აღქმა ხდება არა გრძივი ღერძის მიხედვით, როგორც ამას ცალნავიანი და ბაზილიკური გეგმარებითი სქემები მოითხოვენ, არამედ განივ კედელში შექმნილი კარის ღიობიდან,რაც ქრისტიანული არქიტექტურის განვითარების, თითქმის მთელს მანძილზე თან სდევდა ქართულ საკულტო ხუროთმოძღვრებას.

არდაშენის ჯვარგუმბათოვანი ტაძარი განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს. მართალია, ამჟამად შიდა სივრცეში ჰუმუსური ფენის დიდი სიმაღლის გამო ცენტრალურ ბურჯთა ნაშთები არ იკითხება, მაგრამ სქემა ტაძრისა, რომელიც დავადასტურეთ, ასეთი ვარაუდის სრულ უფლებას გვაძლევს. ტაძრის ამ ტიპის ჩამოყალიბება ბიზანტიის იმპერიის პერიფერიულ აღმოსავლურ სკოლას მიეწერება და მოიცავს თითქმის მთელს შავიზღვისპირეთს აფხაზეთის ჩათვლით. აქ ეს არქიტექტურა - შვერილი აბსიდები, ცენტრალურ ოთხ, გეგმაში ჯვრულ ბურჯებზე დაყრდნობილი გუმბათი და ზოგჯერ ნართექსიანი ტაძრები VIII საუკუნიდან მაინც დადასტურებული ფაქტია, მაგ., ანალოგიურ სქემაზე დაფუძნებული ტაძრები ალიხნესა და ანაკოფიაში. ამდენად, ჯვარგუმბათოვანი ტაძრის ეს სახეობა ნაწილობრივ ძველქართულ სამყაროსაც მოიცავდა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ისტორიული ჭანეთის აღმოსავლეთ ნაწილში დაცული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები (საფორტიფიკაციო ნაგებობები, ეკლესიები, საკომუნიკაციო და საყოფაცხოვრებო არქიტექტურის ნიმუშები), ბათ., 2014, გვ. 60-62 ISBN 978-9941-0-6458-6.