ჰოკეი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ბალახის ჰოკეის ანტიკური ბარელიეფი

ჰოკეი (ინგლ. hockey) — სპორტული გუნდური თამაში ჩოგნებით და ბურთით (ან შაიბით). თამაშის მიზანია ბურთი (შაიბა) ინდივიდუალური ტარებითა და გადაცემებით რაც შეიძლება მეტჯერ გაიტანონ მოწინააღმდეგის კარში. არსებობს ჰოკეის 3 ძირითადი სახეობა: 1. ყინულის ჰოკეი, (ფრანგ. hockey sur glace); 2. ჰოკეი ბურთით (ბენდი, ინგლ. bandy — მოღუნული ჩოგანი); 3. ბალახის ჰოკეი (საკუთრივ ჰოკეი). თამაშობენ საგანგებოდ დახაზულ მოედნებზე: ბალახის ჰოკეის — ბალახის, სინთეთიკურ-საფარიან, გრუნტისა და სხვა მოედნებზე (91,4 მ Х 55 მ), შაიბიან ჰოკეის (51-61 მ Х 24-30 მ) და ბურთიან ჰოკეის (90-110 მ Х 50-65 მ) ყინულის მოედნებზე. ბურთიანი ჰოკეისა და ბალახის ჰოკეის გუნდში 11 მოთამაშეა (მეკარის ჩათვლით); ყინულის ჰოკეიში — 6 (შემადგენლობა პერიოდულად იცვლება მეკარის გარდა), თამაშის დრო შესაბამისად: 90 და 70 წთ-ია (1 შესვენება) და 60 წთ (ე. წ. სუფთა სათამაშო დრო, 2 შესვენება). ბურთის მასა: 58-62 გრ და 155-165 გრ, შაიბისა 156-170 გრ. ბურიანი და შაიბიანი ჰოკეის მოთამაშეთათვის სავალდებულოა სპეციალური დამცავი სპორტული ტანსაცმელი.

ბალახის ჰოკეი ცნობილია უძველესი დროიდან. თანამედროვე სახით გაჩნდა დიდ ბრიტანეთში XIX საუკუნის შუა წლებში. საერთაშორისო ფედრაცია დაარსდა 1924 წელს. 1908 წლიდან შეტანილია ოლიმპიური თამაშების პროგრამაში. 1970 წლიდან იმართება ევროპის ჩემპიონატები, 1971 წლიდან — მსოფლიო ჩემპიონატები.

ბურთიანი ჰოკეი ევროპაში ცნობილია შუა საუკუნეებიდან. თანამედროვე სახით გაჩნდა დიდ ბრიტანეთში XIX საუკუნის შუა წლებში. XX საუკუნის 50-იან წლებამდე არსებობდა მისი 2 სახეობა: დასავლეთ-ევროპული ჰოკეი — ბენდი და რუსული ბურთიანი ჰოკეი. საერთაშორისო ფედერაცია დაარსდა 1955 წელს, 1957 წლიდან იმართება მსოფლიო ჩემპიონატები.

ყინულის ჰოკეი თანამედროვე სახით გაჩნდა კანადაში XIX საუკუნის 60-იან წლებში. 1908 წელს დაარსდა საერთაშორისო ლიგა, 1979 წელს — საერთაშორისო ფედერაცია. 1920 წლიდან ოლიმპიური თამაშების პროგრამაშია (1924 წლიდან ზამთრის ოლიმპიური თამაშებისა), 1910 წლიდან ტარდება ევროპის ჩემპიონატები, 1930 წლიდან — მსოფლიო ჩემპიონატები.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]