ჰიდროცეფალია
ჰიდროცეფალია — (ანუ წყალმანკი) პათოლოგიური მდგომარეობა, რომლის დროსაც თავის ქალაში მომატებულია თავ-ზურგ-ტვინის სითხის (ლიქვორი) რაოდენობა. ჰიდროცეფალია შეიძლება იყოს თანდაყოლილი და შეძენილი. ჰიდროცეფალიის დროს ფართოვდება ტვინის პარკუჭები და თხელდება ტვინის ნივთიერება.
ჰიდროცეფალიის სახეები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ლიქვორის მატება რამდენიმე მიზეზით ხდება, ამის გამო განასხვავებენ ჰიდროცეფალიის სხვადასხვა სახეს:
- ჰიპერსეკრეტორული ჰიდროცეფალია - ლიქვორის პროდუქციის პროგრესული ზრდა.
- პრეზორბციული ჰიდროცეფალია - ლიქვორის შეწოვის პროცესის დარღვევა.
ამათ გარდა განასხვავებენ ჰიდროცეფალიის ღია და დახურულ ფორმებს:
- ღია (შემაერთებელი)ჰიდროცეფალია - ფართოვდება ყველა პარკუჭი, ლიქვორი იმატებს როგორც პარკუჭებში, ასევე ტვინის სუბარაქნოიდულ სივრცეში.
- დახურული (ოკლუზიური)ჰიდროცეფალია - ხდება ლიქვორის მდინარების მოშლა პარკუჭოვანი სისტემის შიგნით, ლიქვორული სისტემის ბლოკირება .
თავ-ზურგ-ტვინის სითხის ჭარბი რაოდენობით ლოკალიზაციის მიხედვით განარჩევენ გარეთა და შიდა ჰიდროცეფალიას :
- გარეთა ჰიდროცეფალია - სითხე დაგროვილია სუბარაქნოიდულ სივრცეში.
- შიდა ჰიდროცეფალია - სითხის დაგროვება ხდება პარკუჭებში.
ღია ჰიდროცეფალია შეიძლება იყოს როგორც გარეთა, ასევე შიდა ლოკალიზაციის. დახურული ჰიდროცეფალია კი ყოველთვის გარეთა ლოკალიზაციისაა.
მიმდინარეობის მიხედვით განასხვავებენ ჰიდროცეფალიის შემდეგ ფორმებს:
- მწვავე
- ქრონიკული
- კომპენსირებული - კლინიკური გამოვლინება არ ფიქსირდება,ბავშვი ნორმალურად ვითარდება.
- სუბკომპენსირებული - ნაწილობრივი კომპენსაციის გამო კლინიკური ნიშნები იოლად და ზომიერადაა გამოხატული.
- დეკომპენსირებული - კლინიკური ნიშნები მკვეთრადაა გამოხატული და საჭიროებს გადაუდებელ სამედიცინო დახმარებას.
დამახასიათებელი ნიშნები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]თანდაყოლილი ჰიდროცეფალიისათვის დამახასიათებელია:
- თავის ქალის ზომის ზრდა და ფორმის შეცვლა.
- მომატებული ქალასშიდა წნევა .
- ნევროლოგიური სიმპტომები - სიმპტომატიკის მრავალფეროვნება დამოკიდებულია ჰიდროცეფალიის გამოვლენის ხარისხზე.
დახურული (ოკლუზიური) ჰიდროცეფალიისთვის დამახასიათებელია:
- შეტევითი,ძლიერი თავის ტკივილი.
- პირღებინება.
- ვეგეტატური მოშლილობა.
ჰიდროცეფალიის დიაგნოზის დასასმელად არ კმარა მხოლოდ ერთი სიმპტომი, თავის დიდ ფორმა. ხშირად თავის ზომა ოჯახისათვის დამახასიათებელი მემკვიდერეობითი ნიშანია. ამიტომ, აუცილებელია კლინიკური გამოკვლევების ჩატარება.
მკურნალობა და გამოვლენის სიხშირე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ჰიდროცეფალიას, განსხვავებული ხარისხისა და ფორმის გამო, მკურნალობენ მედიკამენტებით ან ქირურგიული წესით (შუნტირებით).
- იოლი და ზომიერი ჰიდროცეფალია - მედიკამენტური მკურნალობა, ექიმის პერიოდული კონტროლი.
- მძიმე ჰიდროცეფალია - ქირურგიული ოპერაცია და შუნტირება .
- კომპენსირებული ჰიდროცეფალია - მკურნალობა არაა საჭირო,საკმარისია პერიოდული სამედიცინო კონტროლი.
ოპერაციული ჩარევა განსაკუთრებით წარმატებულია ჰიდროცეფალიის დახურული ფორმების დროს. ღია ფორმების მკურნალობის შემთხვევაში მიზანშეწონილია შუნტირება - ლიქვორის პროდუქციის მუდმივი გამოტანა გარეთ, სპეციალური მილის საშუალებით. ოპერაციის შემდეგ თავის ტვინს ნორმალური პირობები ექმნება განვითარებისთვის, მაგრამ აუცილებელია პერიოდული სამედიცინო გამოკვლევა და მეთვალყურეობა. მკურნალობის შემდეგ ხდება ან სრული განკურნება ან მდგოამრეობის სტაბილიზაცია. ყოველი 1000 ახალშობილიდან 1-4-ს აღენიშნება ჰიდროცეფალია. გოგონებსა და ბიჭებში გამოვლენის სიხშირე თანაბარია.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- თ.გაგოშიძე; ბავშვის ფსიქიკური განვითარების დარღვევები-"ნეკერი",თბილისი 2007
- Арендт А. А., Гидроцефалия и её хирургическое лечение, М., 1948.
- Кушель Ю. В., Конференция «Детская неврология и нейрохирургия»