ჯავშანი (სამხედრო)
ჯავშანი — ჭურვების, ტყვიების და ბირთვული აფეთქების დამაზიანებელი ფაქტორების ზემოქმედებისაგან ადამიანის, სამხედრო საბრძოლო ტექნიკის, შეიარაღების, სხვადასხვა თავდაცვითი ნაგებობების დამცავი საშუალება. სამხედრო ტექნიკაში ძირითადად ფოლადის ჯავშანს იყენებენ. დანიშნულების მიხედვით განასხვავებენ ტყვიასაწინააღმდეგო (რომლისგანაც მზადდება ჯავშანტრანსპორტიორების კორპუსები, მსუბუქი თვითმავალი საარტელერიო დანადგარები, მცურავი ტანკები და სხვა), ტყვიისა და ჭურვის ნამსხვრევებისაგან დამცავ და ჭურვსაწინააღმდეგო (იყენებენ საშუალო და მსუბუქ ტანკებზე, თვითმავალ საარტელერიო დანადგარებზე, ხომალდებზე) ჯავშანს.
ჯერ კიდევ შორეულ წარსულში იყენებდნენ ჯავშანს. რუსეთში 1573 წელს შეიქმნა სპეციალური დაწესებულება, რომელიც განაგებდა ჯავშნის დამზადებას. ცეცხლსასროლი იარაღის გამოგონებამ განაპირობა ჯავშნის გამოყენება ფორტიფიკაციასა და სამხედრო-საზღვაო საქმეში. XIX საუკუნის I ნახევარში ჯავშანი გაჩნდა სახმელეთო ჯარებშიც. XIX საუკუნის შუა წლებში დაიწყეს სამხედრო ხომალდების დაჯავშნა ჯავშნიანი ფილებით. XIX საუკუნის დასაწყისში ჯავშანს იყენებდნენ ავტომობილებზე და ჯავშანმატარებლებზე, ხოლო 1916 წლიდან - ტანკებზე. თავდაპირველად ტანკის ჯავშნის სისქე იყო 8-10 მმ. II მსოფლიო ომის დროს (1939-45) პერიოდში - 200 მმ. II მსოფლიო ომის წინ ჯავშნის გამოყენება დაიწყეს თვითმფრინავებზეც. წარმოების ხერხის მიხედვით ჯავშანი შეიძლება იყოს ნაგლინი ან სხმული. კონსტრუქციული გაფორმების მიხედვით ჯავშანი არის მონოლითური (ერთი ფურცლისაგან, ერთი სხმულისაგან დამზადებული) და კომბინირებული (შედგენილი ჯავშანი). შიგა აღნაგობის მიხედვით განასხვავებენ ჰომოგენურ (ერთგვაროვან) ჯავშანს, რომელიც მთელ კვეთში ერთნაირი ქიმიური შედგენილობისაა და ერთნაირი მექანიკური თვისებები ახასიათებს, და ჰიტეროგენულ (არაერთგვაროვან) ჯავშანს. რომელსაც კვეთში განსხვავებული თვისებები ახასიათებს. რასაც აღწევენ სისქის მიხედვით სხვადასხვა ქიმიური შემადგენლობის ფილის შქმნით.
ჯავშნის წარმოებაში ძირითადი მახასიათებელია სისალე. ჰომოგენური ჯავშანი არის მაღალი, საშუალო და დაბალი სისალისა. მაღალი სისალის ჯავშანს იყენებენ ტყვიასაწინააღმდეგოდ, საშუალო სისალისას - ჭურვსაწინააღმდეგოდ და დაბალი სისალისას - საკონსტრუქციო მასალად.
ფოლადის გარდა ჯავშანი შეიძლება იყოს ალუმინის შემადგენლობის, პლასტმასის ან ამ მასალათაგან კომბინირებული.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 530.