ხუნდისუბნის წმინდა ნიკოლოზის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

ხუნდისუბნის წმინდა ნიკოლოზის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი, საკულტო ნაგებობა თიღვის მუნიციპალიტეტის სოფელ ხუნდისუბანში. აგებულია შუა საუკუნეებში.

ეკლესია დგას ბორცვზე. ნაგებია რიყისა და ფლეთილი ქვით. კუთხეებში გამოყენებულია უხეშად თლილი ქვა. დარბაზული ეკლესია გეგმით სწორკუთხაა. აღმოსავლეთით დასრულებულია ნახევარწრიული ფორმის აბსიდით, რომლის ცენტრში გაჭრილია დიდი ზომის, სწორკუთხა სარკმელი. აბსიდის ცენტრში მასიური ტრაპეზის ქვა დევს. ჩრდილოეთით და სამხრეთით სწორკუთხა ნიშებია მოთავსებული. კონქი ხისაა. ხისავე სატრიუმფო თაღი აბსიდის მხრებს ეყრდნობა. საკურთხევლის წინ მოთავსებულია ხის კანკელი და ერთსაფეხურიანი სოლეა. ეკლესიის ნახევარცილინდრული კამარაც ხისაა, რომლის საბრჯენი თაღი პილასტრებს ეყრდნობა. დასავლეთი თაღი კუთხის პილასტრს ებჯინება. ეკლესია განათებულია ოთხივე კედელში დატანებული არქიტრავული სარკმლებით. არქიტრავული შესასვლელი სამხრეთიდანაა. იატაკი აგურისაა. ეკლესიის ფასადები სადაა. ერთადერთ აქცენტს წარმოადგენს აღმოსავლეთ ფასადის ფრონტონის, წყობაში ჩაძირული გოლგოთის ჯვრის გამოსახულება. ეკლესიას ეტყობა შეკეთების კვალი. ადგილობრივ მოსახლეობას ეკლესია შიფერით გადაუხურავს. ეკლესიის ინტერიერში შეინიშნება ნაწილობრივი დაზიანება.

დაზიანებულია კონქი, ნიშები, იატაკი, დასავლეთი კედელი და სარკმლის წირთხლები.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • შიდა ქართლი, ზნაურის (ყორნისი) რაიონის არქიტექტურული მემკვიდრეობა, ტ. II, 2004