ხანდისის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ხანდისის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი გორის მუნიციპალიტეტის ნასოფლარ ხანდისიდან 1 კილომეტრში. აგებულია IX-X საუკუნეებში. იგი 1961 წელს აღმოაჩინეს ისტორიის ინსტიტუტის თანამშრომლებმა და ეკლესიაში იპოვნეს VI საუკუნის II ნახევრის მაღალმხატვრული რელიეფებით შემკული სტელის ფრაგმენტი, რომელიც ინახება ხელოვნების სახლემწიფო მუზეუმში.

ეკლესიაში ასევე შემორჩენილი იყო, თეძმის ტუფის, მდიდრული ორნამენტული დეკორით დაფარული XI საუკუნის კანკელის ფრაგმენტები, რომლებიც საქართველოს ეროვნული მუზეუმის, შ. ამირანაშვილის ხელოვნების მუზეუმის ქვის ფონდშია დაცული.

ხანდისის ეკლესია დარბაზულია (7,1 X 4,3 მ). აგებულია ადგილობრივი კლდის წაგრძელებული ფორმის ნამტვრევი ქვებითა და შირიმის ქვათლილებით. ერთადერთი, არქიტრავით გადახურული კარი სამხრეთი ფასადის დასავლეთ კიდეშია გაჭრილი. სარკმელი ორია აღმოსავლეთ და დასავლეთ კედლებში. ნახევარწრიულ აფსიდში სარკმლის ქვემოთ კედელთან მიდგმული ტრაპეზის ქვაა შემორჩენილი, სარკმლის ორივე მხარეს მცირე სწორკუთხა ნიშებია. სატრიუმფო თაღის პილასტრების იმპოსტები სადა ჰორიზონტალური ლილვებითაა გაფორმებული. სამხრეთი პილასტრის იმპოსტი ადგილზე შემორჩენილი, ჩრდილოეთისა კი საკურთხეველში დევს. ეკლესია გადახურული იყო ბრტყელი ქვის ფილებით - ლორფინებით. ეკლესიის დასავლეთ ფასადზე შემორჩენილია სარკმლის ძლიერ გადაცვეთილი თავსართი, რომელსაც მცირე ჰორიზონტალური გადანაკეცები აქვს. ეკლესიის კონქი ერთი ზომის, ვერტიკალურად ჩალაგებული კლდის ნამტვრევი ქვითაა გამოყვანილი. შენობას თაროსებრი კარნიზი ჰქონდა.

ეკლესიას სამხრეთიდან მთელს სიგრძეზე მინაშენი ჰქონდა მიდგმული, რომელიც დღეს თითქმის მთლიანად დანგრეულია და კედლის ნაშალით არის დაფარული; ეკლესიის გარშემო ნაგებობათა კვალი შეიმჩნევა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საქართველოს გერბი კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 20011