დანიელ ჭონქაძე
| დანიელ ჭონქაძე | |
|---|---|
|
| |
| დაბადების თარიღი | 18 მარტი, 1830[1] |
| დაბადების ადგილი | ყვავილი, ტფილისის გუბერნია, რუსეთის იმპერია |
| გარდაცვალების თარიღი | 16 ივლისი, 1860[1] (30 წლის) |
| გარდაცვალების ადგილი | თბილისი, ტფილისის გუბერნია, რუსეთის იმპერია |
| დასაფლავებულია | ვერის სასაფლაო |
| საქმიანობა | მწერალი[1] |
| ენა | ქართული ენა |
| მოქალაქეობა | რუსეთის იმპერია |
| ალმა-მატერი | თბილისის სასულიერო სემინარია |
| Magnum opus | სურამის ციხე |
დანიელ ჭონქაძე (დ. 18 მარტი, 1830, ყვავილი, დუშეთის მაზრა — გ. 16 ივნისი, 1860, თბილისი) — ქართველი მწერალი, სასულიერო ლიტერატურის ოსურ ენაზე მთარგმნელი. ჭონქაძე იყო პირველი მწერალი, რომელმაც ქართულ ლიტერატურაში ბატონყმობა გააკრიტიკა.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ბავშვობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]დანიელის მამა გიორგი, შთამომავლობით გლეხი, მღვდელი იყო. 1837-1838 წლამდე დანიელი და მისი და ეკატერინე სოფელში თავისი დედის – მელანიას მზრუნველობოთ იზრდებოდნენ. 1830-იან წლებში გიორგი ჭონქაძე გაამწესეს ოსეთის სასულიერო კომისიაში და მან ოჯახი საცხოვრებლადვლადიკავკაზში გადაიყვანა. აქ დანიელმა სრულყოფილად ისწავლა ოსური ენა და 1839 წელს შევიდა ვლადიკავკაზის სასულიერო სასწავლებელში. 1846 წელს სოფელ გიჟარში გიორგი ჭონქაძეს თავს დაესხა ფანატიკოსი მუსლიმი ოსების ბრბო და მოკლა. 1845 წელს დანიელ ჭონქაძემ სწავლა განაგრძო თბილისის სასულიერო სემინარიაში, სადაც კარგ მოსწავლედ ითვლებოდა. სემინარიის მაშინდელი ხელმძღვანელობა მას ახასიათებდა, როგორც კეთილსა და ნიჭიერ მოწაფეს.
პედაგოგობა და მწერლობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სემინარია ჭონაძემ წარჩინებით დაამთავრა და 1851 წლის 11 სექტემბერს დაინიშნა სტავროპოლის სასულიერო სემინარიაში ოსური ენის მასწავლებლად, სადაც იმუშავა 1855 წლის 5 აპრილამდე. სტავროპოლში დაოჯახდა და შეეძინა ერთადერთი შვილი გიორგი. პირადი თხოვნის საფუძველზე ჭონქაძე გადაიყვანეს თბილისის სასულიერო სემინარიაში იმავე საგნის მასწავლებლად. თბილისში გადასვლიდან რამდენიმე თვის შემდეგ დაეღუპა მეუღლე.
1858 წლის 1 ოქტომბრიდან დანიელ ჭონქაძე სემინარიის მასწავლებლებლობის პარალელურად მსახურობდა საქართველოს საეგზარქოსოს სინოდის კანტორაში მაგიდის გამგედ და თარგმნიდა საეკლესიო წიგნებს ოსურ ენაზე, ასევე მუშაობდა რუსულ-ოსური ლექსიკონის შედგენაზე. მის მიერ შედგენილი რუსულ-ოსური ლექსიკონის ნაწილი ამჟამად დაცულია საქართველოს მუზეუმის ხელნაწერთა ფონდში. მისი თხოვნა, სასულიეროდან საერო წოდებაში გადარიცხვის შესახებ დააკმაყოფილეს. მეგობრობდა იოსებ ინდუაშვილთან და ლავრენტი არდაზიანთან. ზაფხულს ჭონქაძე თითქმის ყოველთვის სოფელ ყვავილში ატარებდა. მისი ორსართულიანი სახლი სოფელში დღემდე დგას და მასში მისი სახლ-მუზეუმია განთავსებული.
სურამის ციხე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მისი ჯანმრთელობა თანდათან უარესდებოდა, რასაც ხელს უწყობდა ის ცუდი პირობები, რომელშიც მწერალი ცხოვრობდა. სიცოცხლის უკანასკნელ წლებში იგი მუშაობით ძალიან გადაიტვირთა. 1859 წელს გამოუვლინდა ჭლექის ნიშნები
„მე ამ შრომას ხელი მოვკიდე მთელი ჩემი ენერგიით ისე, როგორც შეშვენის ახალგაზრდას, რომელსაც სურს კარიერა შეიქმნას, მაგრამ ეს შრომა სამ ასოზედაც არ მქონდა შედგენილი, რომ დამიწყო სისხლის ღებინება.“
|
მოთხრობა „სურამის ციხის“ პირველი ნაწილი გამოქვეყნდა ჟურნალ „ცისკრის“ 1859 წლის მეთორმეტე ნომერში, ხოლო მეორე ნაწილი 1860 წლის პირველ ნომერში. ზოგიერთებმა, როგორც ეს ალექსანდრე ორბელიანს თავის ხელნაწერ შრომაში აქვს აღნიშნული, თავის თავზე მიიღეს „სურამის ციხეში“ გადმოცემული მებატონეთა მოქმედებანი. თვით „ცისკრის“ რედაქტორს ივანე კერესელიძეს, რომელიც მწერალისადმი დადებითად იყო განწყობილი, ჭონქაძის ნაწარმოების დაბეჭდვისათვის უსიამოვნება შეხვდა. ჭონქაძე გახდა პირველი მწერალი, ვინც ქართული კულტურის ისტორიაში საჯაროდ ისაუბრა ისტორიიდან გამქრალი ადამიანების ხვედრზე, რომლებიც XIX საუკუნემ მონობაში, შრომასა და გადასახლებაში შთანთქა.[2]მიუხედავად „სურამის ციხის“ პოპულარობისა ხალხში, ჭონქაძეს მის თანამედროვე და შემდგომ ქართველ მწერლებზე გავლენა არ მოუხდენია.
„სურამის ციხის“ დასრულების შემდეგ დანიელ ჭონქაძემ დაიწყო მოთხრობის - „ვისი ბრალია“ - წერა. ამ ნაწარმოებშიაც მას ბატონყმობის ასახვა ჰქონდა განზრახული. გარდა ამისა, დანიელ ჭონქაძე აგროვებდა ხალხური ზეპირსიტყვიერების საუკეთესო ნამუშევრებს.
გარდაცვალება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]„სურამის ციხის“ გამოქვეყნების შემდეგ დანიელ ჭონქაძეს დიდხანს აღარ უცოცხლია. 1860 წლიდან ჩავარდა ლოგინად. გარდაიცვალა 1860 წლის 16 ივლისს 30 წლის ასაკში. ჭონქაძის „სურამის ციხეს“ იმდენად დიდი უკმაყოფილება მოჰყვა, რომ ივანე კერესელიძემ ჟურნალ „ცისკარში“ ნეკროლოგიც კი არ გამოაქვეყნა. ანდერძის თანახმად დანიელ ჭონქაძე დაკრძალეს ვერის სასაფლაოზე, თავისი მეუღლის გვერდით. მისი დარჩენილი ფინანსები მთლიანად დასჭირდა საფლავის ქვის დამზადებას.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 404.
- ქართულ-ოსური ურთიერთობები, ენციკლოპედია-ალბომი, მთავარი რედაქტორი ნაირა ბეპიევი, თბ., 2020
- ბეპიევი ნ., ოსური ენის ისტორია, თბ., 2020
- ქართველ მოღვაწეთა ნეკროპოლი. წ. 1 / ხუციშვილი სოლ. -თბ., 1961. - გვ.118
- მახარაძე ფ., „დანიელ ჭონქაძე და მისი დრო“, 1904
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- დანიელ ჭონქაძე — საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი
- დანიელ ჭონქაძე — საქართველოს პირველი რესპუბლიკის (1918-1921) პროსოპოგრაფიული ბაზა (ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი)
- ამბოხი ლიტერატურიდან - დანიელ ჭონქაძის დრო, ჟურნალი „ინდიგო“, გიორგი ჯავახიშვილი
- დანიელ ჭონქაძე — ბურუსი – BURUSI
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 1.0 1.1 1.2 საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი — 2001.
- ↑ ამბოხი ლიტერატურიდან | დანიელ ჭონქაძის დრო, ჟურნალი ინდიგო, გიორგი ჯავახიშვილი