შინაარსზე გადასვლა

ივანე კერესელიძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ კერესელიძე.
ივანე კერესელიძე
დაბადების თარიღი 10 ნოემბერი, 1829(1829-11-10)
დაბადების ადგილი თბილისი, ტფილისის გუბერნია, რუსეთის იმპერია
გარდაცვალების თარიღი 21 დეკემბერი, 1892(1892-12-21) (63 წლის)
გარდაცვალების ადგილი თბილისი, ტფილისის გუბერნია, რუსეთის იმპერია
დასაფლავებულია დიდუბის პანთეონი
საქმიანობა ჟურნალისტი, პოეტი, მწერალი, პუბლიცისტი და საზოგადო მოღვაწე
მოქალაქეობა რუსეთის იმპერია
ალმა-მატერი თბილისის კლასიკური გიმნაზია

ივანე ივანეს ძე კერესელიძე (დ. 10 ნოემბერი, 1829, თბილისი — გ. 21 დეკემბერი, 1892, თბილისი) — ქართველი მწერალი, პოეტი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე.

ივანე ივანეს ძე კერესელიძე დაიბადა თბილისში, 1829 წლის 10 ნოემბერს. 1850 წელს დაამთავრა თბილისის I გიმნაზია, სადაც დაიწყო ლექსების წერა, გაეცნო ბეჭდვის საქმეს, მონაწილეობდა დრამატული დასის საქმიანობაში. 1851 წელს სამეგრელოს მთავარმა დავით დადიანმა მიიწვია ზუგდიდში შვილების აღმზრდელ–მასწავლებლად და გულუხვადაც დაასაჩუქრა; ეს ქონება კერესელიძემ ქართული კულტურის სასარგებლოდ გამოიყენა. თბილისში დაბრუნებულმა კერესელიძემ დაიწყო ბრძოლა თეატრის გადასარჩენად, მაგრამ ამაოდ — 1856 წელს თეატრმა არსებობა შეწყვიტა.

ლიტერატურული ჟურნალის დაარსებაზე კერესელიძე გიმნაზიაში სწავლის დროიდან ოცნებობდა, ხოლო 1853–იდან სათავეში ჩაუდგა ფართო მოსამზადებელ საზოგადოებრივ მოძრაობას. რამდენიმე წლის დაჟინებული ცდის შედეგად შეძლო მოეპოვებინა ჟურნალის გამოცემის ნებართვა, რომელიც ოფიციალურად გიორგი ერისთავის „ცისკრის“ განახლებული გამოცემა უნდა ყოფილიყო, ფაქტობრივად კი სრულიად განსხვავებული ახალი ტიპის ჟურნალი გამოვიდა, რომლის უცვლელი რედაქტორ–გამომცემელი 18 წლის განმავლობაში (1857–75) თავად იყო.

კერესელიძე უაღრესად ნაყოფიერი მწერალი იყო, რადგან იძულებული იყო ძალიან ბევრი ეწერა თავისი ჟურნალის შესავსებად. ზოგიერთი მისი ლექსი პატრიოტულ–სოციალური ლირიკის შესანიშნავი ნიმუშია, მაგ.: „შემიყვარდა ეგ ხმა ტკბილი“, „ჩემო თვალის სინათლევ“, რომლებიც პოპულარულ სიმღერებად იქცა, მან ერთგვარი წვლილი შეიტანა აგრეთვე დრამატურგიისა და პროზის განვითარებაში, ხოლო როგორც პუბლიცისტი, იგი ფელეტონის მამამთავრად ითვლება საქართველოში (მაგ., „სალაყბო ფორცლები“, „მგზავრის წიგნები“ და სხვა). კერესელიძე მიზნად ისახავდა ბატონყმობის იდეურ–ზნეობრივი საფუძვლების გაკიცხვას, ცდილობდა მკითხველისათვის დაენახვებინა გლეხთა ადამიანური ღირსებანი. ჟურნალ „ცისკრის“ დამატებიდან გამოყო დამოუკიდებელი ჟურნალი „გუთნის დედა“ (1873), უშვებდა გაზეთ „ცისკარს“ (1887), 70–იანი წლებიდან კერესელიძის მატერიალური მდგომარეობა გაუარესდა. ჟურნალი „ცისკარი“ დროის მაჯისცემას ჩამორჩა, იგი ცხარე პოლემიკის სარბიელი გახდა. კერესელიძეს ჟურნალის შესანარჩუნებლად განუწყვეტლად უხდებოდა ჩადგომა ძველ და ახალ თაობებს შორის, რითაც ბევრი პირადი მტერი გაიჩინა. მისი მძიმე მოღვაწეობის ზნეობრივი საფუძველი იყო ღრმა პატრიოტული და მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის გრძნობა.

თბილისში, კერძოდ კი ვაკეში, არის ივანე კერესელიძის სახელობის ქუჩა.

დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

  • ხომერიკი ნ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5, თბ., 1980. — გვ. 475.
  • ზ. ბაბუნაშვილი, თ. ნოზაძე, „მამულიშვილთა სავანე“, გვ. 213, თბ., 1994

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]