შინაარსზე გადასვლა

ჭალისუბნის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ჭალისუბნის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი, საკულტო და თავდაცვთი ნაგებობა ერედვის მუნიციპალიტეტის, სოფელი ჭალისუბანში, მდინარე მეჯუდის მარცხენა ნაპირას, მთაზე. აგებულია გარდამავალ შუა საუკუნეებსა და გვიან შუა საუკუნეებში.

ეკლესია ნაგებია სხვადასხვა ზომის ფიქალით და ფლეთილი ქვით-დუღაბზე. დარბაზული ეკლესია გეგმით სწორკუთხედს წარმოადგენს, აღმოსავლეთით დასრულებულია ასევე სწორკუთხა საკურთხევლით, რომლის ცენტრში გაჭრილია შიგნით თაღოვანი, გარეთ სწორკუთხა სარკმელი. სარკმლის ძირში ტრაპეზის ქვა დგას. ჩრდილოეთით დასამხრეთით თითონიშაა. სფერულ კონქზე გადასვლა ტრომპების საშუალებით ხდება. სატრიუმფო თაღი აბსიდის მხრებს ეყრდნობა. აბსიდის იატაკის დონე ორი საფეხურით მაღალია დარბაზის იატაკთან შედარებით. საკურთხევლის წინ შემორჩენილია კანკელი.

ეკლესიის კამარა ნახევარცილინდრულია, კარის დასავლეთი საბრჯენი თაღი იმპოსტებს ეყრდნობა. დარბაზი განათებულია დასავლეთ სწორკუთხა სარკმლით. სამხრეთ და დასავლეთ კედელს ერთსაფეხურიანი ხარისხი გასდევს.

არქიტრავული შესასვლელი ჩრდილოეთიდანაა, შესასვლელის თავზე ღრმა, თაღოვანი ნიშაა, კარი ნაოთხალია. ეკლესიაში შემორჩენილია ნალესობის კვალი. ეკლესიას ჩრდილოეთიდან სწორკუთხა მინაშენი აქვს. იგი ორი სათავსისაგან შედგება. დიდი სათავსის ჩრდილოეთ კედელში ერთი სარკმელია გაჭრილი. სათავსის კედლებს პილასტრები ორ ნაწილად ჰყოფს. შესასვლელი ჩრდილოეთიდანაა. მინაშენის კედლების სიმაღლე 1-1,5 მეტრს აღწევს. ეკლესიის დასავლეთის მიჯრით სამსართულიანი ოთხკუთხა კოშკი დგას. აქედან პირველი სართული მიწითაა ამოვსებული. ამ სართულზე არქიტრავული შესასვლელი ჩრდილოეთიდანაა. კარი ნაოთხალია. შემორჩენილია სართულშუა გადახურვის კოჭების ბუდეები. პირველი სართულის სამხრეთ კედელში ერთი სათოფურია, ხოლო დასავლეთ და ჩრდილოეთ კედლებში თითო სწორკუთხა ნიშა.

მეორე სართულის სამხრეთ კედელში ერთი ნიშაა, დანარჩენი კედლები ყრუა. ეკლესიას და კოშკს ერთი საერთო სარკმელი აქვს. მესამე სართულის აღმოსავლეთ კედელში სარკმელია გაჭრილი. მესამე სართული ნაწილობრივ შემორჩენილია. ეკლესიის გარშემო ბზის ტყეა.

  • შიდა, ქართლი, პატარა და დიდი ლიხვის ხეობების არქიტექტურული მემკვიდრეობა, ტ. I, თბ., 2002, გვ. 239-240