წუნარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
აღმოსავლეთის ფასადი

წუნარი — ქართული ხუროთმოძღვრების ნიმუში, XIV საუკუნის გუმბათოვანი ეკლესია სოფ. წუნარში (ახლანდელი სოფ. ხეთაგუროვი, ქურთის მუნიციპალიტეტი). ნაგებია მუქი ყავისფერი გათლილი ქვით,[1] გარედან მოპირკეთებულია რუხი ჩოფურა ქვაფიქალით, შიგნიდან შეთეთრებულია.[2] ფასადების მორთულობა ძუნწია. ეკლესიის დაბალ, ფართო კორპუსზე აღმართულია მაღალი გუმბათის ყელი.[1] გუმბათი სიმეტრიულია.[2] შიგნით იგი დაყრდნობილია ორ თავისუფლად მდგარ ბოძსა და საკურთხევლის აფსიდის კუთხეებზე. გუმბათის ყელისა და ფასადების სარკმლები ვიწროა, ამიტომ ეკლესია ბნელია.[1] გუმბათის სარკმლები ათია, ისინი დაღარულ ჩარჩოებშია ჩასმული, სარკმლებს შორის ჩასმულია ამობურცული კუშტულები. დასავლეთის კარის თავში ამოკვეთილია ჯვარი, რომლის ქვეშ მოთავსებულია 12-სხივიანი როზეტი. აღმოსავლეთის ფასადზე ორი ღრმა ნიშია. სამხრეთი კედელი აღდგენილია და ზედვეა დატანილი განახლების თარიღი — 1887 წელი. გუმბათი გადახურულია ქვაფიქალით. ეკლესიას გალავანი ჰქონია, რომლის შიგნით მრავალი სათავსოს ნანგრევია.[2]

წუნარის ეკლესია აგებულია საქართველოს ძნელბედობის დროს, მონღოლთა ბატონობის ხანაში. ამ პერიოდში საქართველოში ძეგლები ნაკლებად შენდებოდა და შიდა ქართლში დიდი გუმბათოვანი ტაძრის აგება თავისთავად მნიშვნელოვანი მოვლენაა.[1]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Меписашвили Р. С., Цинцадзе В. Г. Архитектура нагорной части исторической провинции Грузии — Шида-Картли. — Тб., 1975.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 1.3 მეფისაშვილი ტ., ცინცაძე ვ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 351.
  2. 2.0 2.1 2.2 გვასალია ჯ., ფრონის ხეობათა ისტორიული გეოგრაფიის საკითხები // საქართველოს ისტორიული გეოგრაფიის კრებული, ტ. VII, თბ.: „მეცნიერება“, 1989. — გვ. 12–13, ISBN 5-520-00154-5.