წოფის კულტურა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

60-იანი წლების შუა ხანებამდე აღმოსავლეთ საქართველის ენეოლითური კულტურა ხასიათდებოდა მტკვარ-არაქსის კულტურის განვითარებული ეტაპის ძეგლებით, რომლის წარმომავლობისა და ჩამოყალიბების პრობლემა დღემდე არ არის საბოლოოდ გადაჭრილი, რასაც ნაწილობრივ ხელს უშლიდა წინარე კულტურების წყაროთმცოდნეობითი ბაზის არასრულფასოვნება.

აღნიშნული პრობლემის კვლევაში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება აღმოსავლეთ საქართველოს, კერძოდ კი ქვემო ქართლის ენეოლითური კულტურების კვლევას. მითუმეტეს, რომ მტკვარ-არაქსის კულტურის ცნობილი მკვლევარების აზრით ქვემო ქართლი უნდა ყოფილიყო ძირითადი კერა ამ კულტურის ჩამოყალიბებისა და მისი იქიდან ადრეული განფენისა.

60-იანი წლების შუა ხანებში ქვემო ქართლში (მარნეულის რ-ნი), ერთდროულად (1965 წ.) დაიწყო ორი სხვადასხვა ენეოლითური კულტურის ეპონიმური ძეგლების (წოფი, შულავრის გორა) არქეოლოგიური შესწავლა, რითაც საფუძველი ჩაეყარა მტკვარ-არაქსაამდელი ენეოლითური კულტურების კვლევას აღმოსავლეთ საქართველიში.

სადღეისოდ აღმოსავლეთ საქართველოში უკვე გამოვლენილია ერთმანეთისაგან სრულიად განსხვავებული ორი ენეოლითური: შულავერ-შომუთეფესი და წოფის კულტურები, მათი განვითარების სხვადასხვა ეტაპის ძეგლები, მონიშნულია მათი პერიოდიზაცია და ქრონოლოგია, კულტურული კავშირების ორიენტაცია, განვითარების დონე და სხვა საკითხები.

მტკვარ-არაქსის კულტურის ძირითადი პრობლემის, მისი წარმომავლობის კვლევის თვალსაზრისით ქვემო ქართლს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება, სადაც სადღეისოდ მეტნაკლები სიზუსტით შეიძლება თვალი გავადევნოთ წინამორბედი კულტურების განვითარებას მეზოლითიდან - ადრებრინჯაოს ხანამდე. სადღეისოდ ამ სუსტ ჯაჭვს ემატება მეტად მნიშვნელოვანი რგოლები: სიონისა და წოფის ნამოსახლარები, რომლებიც ენეოლითის ეპოქას ნეოლითთან და მეზოლითთან აკავშირებენ.

ქვემო ქართლის ადრესამიწათმოქმედო კულტურების შესწავლაში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სიონისა და წოფის ნამოსახლარებს. სადღეისოდ ეს ძეგლები ფართოდაა შესული კავკასიის არქეოლოგიურ ლიტერატურაში. აღნიშნული ძეგლების (სიონი, წოფი) ფართო რეზონანსი ნათლად მეტყველებს მათ განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე და მოითხოვს მასალის გამოქვეყნებასა და ძეგლების სწორ ინტერპრეტაციას.

წოფის ნამოსახლარის მასალის მიმართ ინტერესი განსაკუთრებით გაიზარდა აღმოსავლეთ საქართველოში, შიდა ქართლში: არაგვისა და მტკვრის ხეობებში, კახეთში - იორ-ალაზნის ველზე და თვით ქვემო ქართლში წოფის ტიპის ნამოსახლარების გამოვლენის შემდეგ.

ახალმა აღმოჩენებმა ცხადჰყო, რომ საქმე გვაქვს აღმოსავლეთ საქართველოს სრულიად ახალ, შულავერ-შომუთეფეს კულტურისაგან განსხვავებულ, წოფის ადრესამიწათმოქმედო კულტურის ძეგლებთან, რომლის შესწავლას სათავე დაუდო წოფის ნამოსახლარმა...