წმინდა პლატონი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

წმინდა პლატონიმართლმადიდებელი ეკლესიის წმინდანი, ხსენების დღე არის ძველი სტილით 18 ნოემბერი, ახალი სტილით - 1 დეკემბერი. იგი წმინდა მოწამის, ანტიოქე მკურნალის (ხს. 29 ივლისს) ძმა, დაიბადა გალატიის ანკვირიაში, კეთილმსახური მშობლების ოჯახში. მან სიყმაწვილეშივე დატოვა მშობლიური სახლი და მოციქულებრივი ღვაწლი იტვირთა: ნეტარი ქალაქ-ქალაქ დადიოდა, სულიწმიდის მადლით აღვსილი, ქადაგებდა სახარების სწავლებას წარმართთა შორის და მსმენელებს აოცებდა დამაჯერებელი მჭევრმეტყველებითა და ელინურ მწიგნობრობაში ღრმა განსწავლულობით. ამისთვის იგი შეიპყრეს და ზევსის ტაძარში მიიყვანეს, მმართველ აგრიპინას სამსჯავროზე. მსაჯული თავდაპირველად ეცადა, ლიქნით დაეყოლიებინა წმინდანი ქრისტეს უარყოფაზე - არწმუნებდა, თუ წარმართულ ღმერთებს სცემ თაყვანს, სიბრძნით თვით დიდ ფილოსოფოს პლატონს გაუტოლდებიო. ამაზე წმინდა პლატონმა უპასუხა, ფილოსოფოსის სიბრძნე დიდია, მაგრამ წარმავალი და შეზღუდული; ჭეშმარიტ, მარადიულ და უსაზღვრო სიბრძნეს კი მხოლოდ სახარებისეული სწავლება შეიცავსო. მსაჯულმა წმინდანს მაცხოვრის უარყოფის ფასად თავისი მომხიბლავი ასული შესთავაზა ცოლად, ურჩობის შემთხვევაში კი წამებითა და სიკვდლით დაემუქრა. ნეტარმა პლატონმა მიუგო, წარმავალ სიკვდილს ვირჩევო საუკუნო სიცოცხლისთვის. აღმსარებლის კადნიერებით განრისხებულმა მმართველმა ბრძანა, ჯერ დაუნდობლად ეგვემათ წმინდანი, შემდეგ კი საპყრობილეში ჩაეგდოთ. ციხის კარებთან უამრავმა ხალხმა მოეყარა თავი. მათ შორის იყვნენ მართლმორწმუნეებიც, რომელთაც უფლის რჩეულმა ხმამაღლა მიმართა:

ვიკიციტატა
„„იცოდეთ, ძმებო, მე რაიმე დანაშაულისთვის კი არ ვიტანჯები, არამედ მთელი სამყაროს შემოქმედი ჭეშმარიტი ღმერთის აღსარებისთვის. გევედრებით, ქრისტიანებო, ნუ შეგაძრწუნებთ ჩემი წამება; „მრავალ არიან ჭირნი მართალთანი, და ყოვლისაგან იხსნეს იგინი უფალმან“; მტკიცედ ვსდგეთ სარწმუნოების შეურყეველ კლდეზე და ღვთისმოსაობისთვის ტანჯვა ნუ შეგვაშინებს, რადგან ამ წარმავალი ჟამის ვნებანი ვერ შეედრება ჩვენთვის განმზადებულ დიდებას“.“

ერთი კვირის შემდეგ წმინდა პლატონი კვლავ აგრიპინას სამსჯავროზე მიიყვანეს ზევსის ტაძარში, სადაც უკვე განმზადებული იყო წამების იარაღები: მდუღარე ქვაბები, გახურებული რკინის სარეცელი, ბასრი კავები. წმინდანს შესთავაზეს, ან მსხვერპლი შეეწირა კერპისთვის, ან ამ იარაღების მოქმედება საკუთარ თავზე გამოეცადა. ნეტარმა მარტვილმა ამჯერადაც მტკიცე უარი განაცხადა მათი მოთხოვნის შესრულებაზე. მაშინ მას კვლავ სატანჯველები დაატეხეს თავს, შემდეგ კი საკანში ჩააგდეს და თვრამეტი დღე უჭმელ-უსმელი ამყოფეს. როცა უსჯულოებმა იხილეს, რომ ამგვარადაც ვერ მოდრეკდნენ წმიდანის ნებას, მას მზაკვრული წინადადება წაუყენეს - სიცოცხლე და თავისუფლება აღუთქვეს, თუ წარმოთქვამდა: „დიდ არს უფალი აპოლონი“. „სიტყვითაც არ მსურს შევცოდო“, - უპასუხა მხნე აღმსარებელმა. მტარვალის ბრძანებით ნეტარ პლატონს თავი მოჰკვეთეს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი IV, თბილისი, 2003 წ.