წმინდა მოკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

წმინდა მოკი (გ. 295) – მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდანი, მისი ხსენების დღე არის ძველი სტილით 11 მაისი, ახალი სტილით - 24 მაისი.

ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მღვდელმოწამე მოკი ცხოვრობდა მაკედონიაში, ქალაქ ამფიპოლში. იმპერატორ დიოკლეტიანეს დროს წმინდანი წარმართული ღმერთის, დიონისეს დღესასწაულზე შეკრებილ კერპთაყვანისმცემლებს მოუწოდებდა, თავი დაენებებინათ უსჯულოებისა და ბიწიერებისთვის, შეენანებინათ, ქრისტეს სწავლებისკენ მოქცეულიყვნენ და წმინდა ნათლისღების საიდუმლო მიეღოთ. წმინდა მოკი შეიპყრეს და მმართველ ლაოდიკს მიუყვანეს სამსჯავროზე. წმინდანმა საჯაროდ აღიარა თავისი სარწმუნოება და თქვა: „ქრისტესთვის სიკვდილი უდიდესი პატივია ჩემთვის“. წმინდა მოკი სასტიკად აწამეს. იგი მშვიდად ითმენდა ყოველივეს და თან კერპთაყვანისმცემლებს უსჯულოებაში ამხელდა. დიონისეს სამსხვერპლოზე მიყვანილმა წმინდანმა მოკიმ იესო ქრისტეს სახელით შემუსრა კერპი. ამის შემდეგ წმინდანი გახურებულ ღუმელში შეაგდეს. უფალმა უვნებლად დაიცვა წმინდა ხუცესი. ღუმელიდან გამოვარდნილმა ალმა კი მმართველი დაწვა. ახალმა მმართველმა კვლავ აწამა წმინდანი, ღვთის ნებით მღვდელმსახურმა ეს სატანჯველიც მშვიდად დაითმინა. მაშინ მტარვალებმა წმინდანი გარეულ მხეცებს მიუგდეს დასაგლეჯად, მაგრამ ლომები მის ფეხებთან გაწვნენ. ამ სასწაულის მხილველმა ხალხმა მოწამის განთავისუფლება მოითხოვა. მმართველის განკარგულებით მოკი ჯერ პერინთოში წაიყვანეს, იქიდან კი ბიზანტიაში, სადაც სიკვდილით დასაჯეს. სიკვდილის წინ იგი მადლობდა უფალს იმისთვის, რომ განსაცდელის ბოლომდე დათმენის ძალა მისცა. „უფალო, მიიღე სული ჩემი მშვიდობით“, - იყო წმიდანის უკანასკნელი სიტყვები. წმინდა მოკი გარდაიცვალა 295 წელს. მოგვიანებით კონსტანტინე დიდმა მოკის წმინდა ნაწილები მისი სახელობის ტაძარში გადაასვენა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი II, თბილისი, 2001 წ.