წერაქვის სამონასტრო კომპლექსი
წერაქვის სამონასტრო კომპლექსი, ქალაფა — შუა საუკუნეების საუკუნის ქართული კულტურული ძეგლი. მდებარეობს ქვემო ქართლში, მარნეულის მუნიციპალიტეტში, მდინარე შულავერის მარცხენა მხარეზე, სოფელ წერაქვთან, ნასოფლარ ქვემო წერაქვის ტერიტორიაზე, ადგილ „ქალაფაზე“. მასში შედის XIII საუკუნის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის სამნავიანი დარბაზული ეკლესია (კედელზე XV საუკუნის ლაპიდარული წარწერით), შუა საუკუნეების წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია, სამრეკლო, მარანი და გალავანი.
2006 წლის 7 ნოემბერს, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების თანახმად მიენიჭა ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის კატეგორია.[1] ამჟამად აქ მოქმედი მამათა მონასტერია.
ღვთისმშობლის მიძინების ეკლესია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მონასტრის მთავარი ტაძარი — ღვთისმშობლის მიძინების ეკლესია აგებულია XIII საუკუნის II ნახევარში. ეკლესია ორნავიანი ნაგებობაა, კლდოვან მასივზე და სამხრეთის მხრიდან ხელოვნურად აგებულ მაღალ სუბსტრუქციაზეა დაფუძნებული და დგას პროფილირებულ ცოკოლზე. ნაგებია ჰორიზონტალური წყობის კარგად გათლილი ქვათლილებით.
ორნავიანი ეკლესიის ნავი ჩრდილოეთითაა მოქცეული და პასტოფორიუმით ბოლოვდება. ნავი მთავარი სივრცისგან კვადრატული განივკვეთის ორი სვეტითაა გამოყოფილი, რომელზეც სადად პროფილირებულ კაპიტელებზე დაყრდნობილი სამი, ნახევარწრიული თაღია გადაყვანილი. სვეტის ბაზები და იატაკი კლდეშია გამოკვეთილი. მთავარი ნავის სამხრეთი კედლის აღმოსავლეთ ნაწილში გაჭრილია აფსიდიან ეკვდერში შესასვლელი მცირე ზომის, დაბალი თაღოვანი ღიობი. ერთი, მაღალი საფეხურით შემაღლებული საკურთხეველი მთავარი სივრცისგან, ახალი მოჩუქურთმებული ქვის კანკელითაა გამოყოფილი. საკურთხველის აფსიდი კონქისკენ მსუბუქადაა შევიწროვებული.
შესასვლელი კარები დასავლეთ და სამხრეთ კედლებშია გაჭრილი და ჩუქურთმებითაა შემკული. ორივე შესასვლელს ორმხრივ გახსნილი თაღიანი კარიბჭეები აქვს მიდგმული. სამხრეთ კარიბჭეს შიგნიდან ნახევრადსფერული გუმბათისებრი კამარა აქვს. კედლები განსრულებული პროფილირებული კარნიზით. მთავარ ნავს სამხრეთით ორი, აღმოსავლეთით და დასავლეთით თითო, პასტოფორიუმში ერთი და ეგვტერში ორი სარკმელი აქვს გაჭრილი. აღმოსავლეთ ფასადზე ეკლესიის განახლების შემცველი შინაარსის ხუცურწარწერიანი ქვის ფილაა ჩადგმული. სამხრეთ და დასავლეთ სარკმლებს ერთიანი მოჩუქურთმებული საპირეები ევლება. ამ უკანასკნელის ორსავ მხარეს კოპები და ზემოთ ცხვრის თავის ფრაგმენტია დარჩენილი. აღმოსავლეთ სარკმელს ჯვრების გამოსახულებით გადანაკეცებიანი სადა თავსართი ამკობს. ნაგებობა ახალი კრამიტითაა გადახურული.[2]
აღმოსავლეთ დიდი აფსიდის სარკმლის მარჯვენა მხარეს კედელში შემორჩენილია მთავრულ-ნუსხური წარწერიანი ქვა, სადაც მოხსენიებულია „დიდი ფანასკერტელი“, ზაზა ფანასკერტელ-ციციშვილი, რომელსაც ღვთისმშობლის ეკლესია XV საუკუნის ბოლო მეოთხედში აღუდგენია და განუახლებია.
წმ. გიორგის ეკლესია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მთავარი ეკლესიის ჩრდილო-დასაველთით დგას დარბაზული ტიპის მომცრო ზომის ნაგებობა, რომელიც ნაგებია წვრილი ფლეთილი ქვით და თარიღდება XVI-XVIII საუკუნეებით. აფსიდალურ საკურთხეველს და დასაველთ ფასადს თითო სწორკუთხა სარკმელი აქვს. ეკლესიის არქიტრავული შესასვლელი სამხრეთიდანაა გაჭრილი. ინტერიერში შემორჩენილია ნალესობის კვალი. საკურთხეველში ახალი ტრაპეზის ქვა დგას. ტაძრის სამხრეთ ფასადის აღმოსავლეთ ნაწილში მიდგმულია მცირე მინაშენი — სამლოცველო, რომელიც ნამტვრევი ქვითაა ნაშენი და არქიტრავული შესავლელი დასავლეთიდან აქვს. აღმოსავლეთ და სამხრეთ კედლებში მცირე სწორკუთხა სარკმლებია გაჭრილი. ორივე სამლოცველოს კედლები განსრულებულია მწვანე ფერის ქვის სადა კარნიზით და ნაგებობებს ახალი კრამიტით გადახურული ორფერდა სახურავი აქვთ.[3]
მთავარანგელოზთა ეკლესია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მთავარანგელოზთა ეკლესია აგებულია XX საუკუნის ბოლოს ძველ ნაეკლესიარზე, თავარი ეკლესიის ჩრდილო-დასავლეთ მხარეს, შემაღლებულ კლდოვან ადგილზე. ეკლესია დარბაზული ტიპისაა.[4]
მარანი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მონასტრის მთავარი ტაძრის სამხრეთით, ხელოვნურ სუბსტრუქციაზე მიშენებულია მართკუთხა გეგმარების მქონე, ფლეთილი ქვით ნაგები მარანი. აგებულია XVI-XVIII საუკუნეებში. სამხრეთ კედელი სამი მრგვალი და ერთიც წახნაგოვანი ბურჯითაა შემტკიცებული. მარანს არქიტრავული შესასვლელი დასავლეთიდან აქვს და ინტერიერში ორი საფეხურით დაბლა ღრმავდება. აღმოსავლეთით მცირე საჰაერო სარკმლები აქვს. ინტერიერის კამაროვანი გადახურვა წყვილი გამბჯენი, ფლეთილი ქვით ნაგები თაღებითაა დანაწევრებული. შემორჩენილია მიწის იატაკში ჩადგმული ქვევრის ფრაგმენტები და სამაცივრო ორმო. მარანს ბრტყელი გადახურვა აქვს, რომლის თავზე ამჟამად მოწყობილია ღია ტერასა.[5]
გალავანი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მონასტრის ნაგებობებს ირგვლივ, მთლიანად აკრავს ბრტყელი ფლეთილი და მოზრდილი ქვების მონაცვლეობით ნაგები გალავანი, რომელიც აგებულია XVI-XVII საუკუნეებში. საშუალო სიმაღლის გალავანი ალაგ-ალაგ მრგვალი ბურჯებითაა შემტკიცებული. გალავნის სამხრეთი ნაწილი გარღვეულია. მთავარი შესასვლელი დასავლეთიდან აქვს, სადაც ოთხკუთხა გეგმარების მქონე, ორმხივრ თაღებით გახსნილი და ბრტყლად გადახურული კარიბჭე-სამრეკლოა მოწყობილი. ნაგებობა ფლეთილი და მოზრდილი ქვებითაა ნაგები. თაღები სუფთად ნათალი ახალი ქვებითაა გადაყვანილი. კამაროვანი ჭერი ერთი გამბჯენი თაღითაა გამაგრებული. კედლები ახალი ქვის სადა კარნიზითაა განსრულებული. კარიბჭის შენობის სამხრეთ კედელი, გალავნის მსგავსად, მრგვალი ბურჯითაა შემაგრებული.[6]
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ბერძენიშვილი დ., ფანასკერტელთა ფეოდალური საგვარეულოს ისტორიიდან, საქართველოს ისტორიული გეოგრაფიის კრებული, ტ. 1, 1960, გვ. 95.
- ბერძენიშვილი დ., „ხევი ბოლნისისა“ IV, თბ., 2003, გვ. 235-235.
- გიორგობიანი ბ., წერაქვის სამონასტრო კომპლექსი, გაზ. „ახალგაზრდა კომუნისტი“, 1988 (28 ივნ.), გვ. 4.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება № 665, 2006 წლის 7 ნოემბერი, ქ. თბილისი, კულტურის ზოგიერთი უძრავი ძეგლისათვის ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის მინიჭების შესახებ. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-21. ციტირების თარიღი: 2020-02-22.
- ↑
კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 8170 - ↑
კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 8172 - ↑
კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 7027 - ↑
კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 8175 - ↑
კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 8173