ძვილეთის ღვთისმშობლის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ძვილეთის ღვთისმშობლის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი, საკულტო ნაგებობა თიღვის მუნიციპალიტეტის სოფელ ძვილეთში. აგებულია განვითარებულ შუა საუკუნეებში, ხოლო კოშკი — გვიან შუა საუკუნეებში.

ეკლესია მინაშენებითურთ ნაგებია მოყვითალო ქვიშაქვის კვადრებით. ზოგან შეიმჩნევა გვიანდელი ნალესობის კვალი. დარბაზული ეკლესია გეგმით სწორკუთხაა. აღმოსავლეთით დასრულებულია ნახევარწრიული აბსიდით, რომლის ცენტრში თაღოვანი სარკმელია გაჭრილი. აბსიდის ჩრდილოეთით და სამხრეთით მაღალი, თაღოვანი ნიშებია. მათში გაჭრილია თითო თაღოვანი სარკმელი. აბსიდს ორსაფეხურიანი მხრები აქვს, პირველს სატრიუმფო თაღი ეყრდნობა.

აბსიდის იატაკის დონე ორი საფეხურით მაღალია დარბაზის იატაკზე. გრძივი კედლები სამსაფეხურიანი პილასტრების საშუალებით ორ თანაბარ მონაკვეთად იყოფა. პილასტრის ცენტრალურ საფეხურს ნახევარცილინდრული კამარის საბრჯენი თაღი ეყრდნობა, ხოლო გვერდით საფეხურებს კედლის თაღები. დასავლეთი თაღები კუთხის პილასტრებს ებჯინება. დარბაზი განათებულია სამხრეთის თაღოვანი და ჩრდილოეთის სწორკუთხა სარკმლებით. იატაკი დაგებული იყო დიდი ზომის თლილი ქვის ფილებით. ინტერიერში ჩანს ნალესობის კვალი.

ეკლესიის სამხრეთი შესასვლელი შიგნით თაღოვანი, გარედან არქიტრავულია. შესასვლელი დასავლეთიდანაც ჰქონია, ამჟამად ამოშენებულია. ეკლესიას სამხრეთიდან და დასავლეთიდან მინაშენი აქვს. სამხრეთი მინაშენი გეგმით წაგრძელებულ სწორკუთხედს წარმოადგენს. აღმოსავლეთით დასრულებულია ნახევარწრიული აბსიდით, რომლის ცენტრში მცირე ზომის, სწორკუთხა სარკმელია გაჭრილი. კონქის თაღი აბსიდის მხრებს ეყრდნობა. ჩრდილოეთის მხარი ორსაფეხურიანია.

მინაშენის ჩრდილოეთ კედელზე ორი წყვილი პილასტრია. პილასტრებს ეყრდნობა ნახევარცილინდრული კამარის საბრჯენი თაღი და კედლის თაღები. სამხრეთით საბრჯენი თაღები კრონშტეინებს ეყრდნობა. მინაშენის დასავლეთი ნაწილი ქართული აგურითაა ნაშენი, ხოლო აღმოსავლეთი ნაწილი რიყისა და ფლეთილი ქვით. სამხრეთი შესასვლელი თაღოვანია.

ეკლესიას ჩრდილო-დასავლეთ კუთხეში მიშენებული აქვს რიყის ქვით ნაგები სწორკუთხა კოშკი. კოშკი ოთხსართულიანია. პირველი სართული მთლიანად ამოვსებულია მიწით. მეორე სართულზე მოთავსებულია სწორკუთხა გეგმის სამლოცველო დარბაზი, აღმოსავლეთით სწორკუთხა საკურთხევლით დასრულებული. მის ცენტრში თაღოვანი სარკმელია გაჭრილი. სარკმლის ზემოთ ორივე მხარეს, ასეთივე მცირე ზომის სარკმლებია. ცენტრალური სარკმლის ძირში ტრაპეზის ქვა დევს. გრძივი კედლები პილასტრების საშუალებით ორ ნაწილად იყოფა. კამარის საბრჯენი და კედლის თაღები პილასტრებს ეყრდნობა. დარბაზი განათებულია ჩრდილოეთით ორი, სამხრეთით და დასავლეთით თითო თაღოვანი სარკმლით. სამხრეთ, დასავლეთ და ჩრდილოეთ კედლებს დაბალი ხარისხი გასდევს. დასავლეთი შესასვლელი შიგნიდან თაღოვანი, გარედან არქიტრავულია.

კოშკის მესამე და მეოთხე სართულშუა გადახურვა ჩამოქცეულია. შეინიშნება კოჭის ბუდეები. მესამე სართულის აღმოსავლეთის კედელზე შემორჩენილია სარკმლის კვალი. მეოთხე სართულის მცირე ფრაგმენტია შემორჩენილი. კომპლექსი მაღალ ცოკოლზე დგას.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • შიდა ქართლი, ზნაურის (ყორნისი) რაიონის არქიტექტურული მემკვიდრეობა, ტ. II, 2004