ძალისი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ძალისი (ქალაქი))
Jump to navigation Jump to search
ძალისის მოზაიკა
ძეგლისა და მოზაიკის შემნახველი ნაგებობის ზოგადი ხედი

ძალისი — ანტიკური ხანის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი არქეოლოგიური ძეგლი, ნაქალაქარი მდებარეობს დღევანდელ სოფელ ძალისში, მუხრანის ველზე, მდინარე ნარეკვავის ორივე ნაპირზე, მცხეთიდან ჩრდილო-დასავლეთით 20 კმ-ის დაშორებით და იდენტიფიცირებულია ქალაქ ძალისასთან (Zalissa), რომელსაც ახ. წ. II საუკუნის ბერძენი გეოგრაფი კლავდიოს პტოლემაიოსი „გეოგრაფიულ სახელმძღვანელოში“ (Geographike Hyphegesis) იბერიის აღწერისას სხვა ქალაქებთან ერთად იხსენიებს.

ძალისასა და მის მიდამოებში 1971-1975 წწ. არქეოლოგიურ სამუშაოებს აწარმოებდა ივ. ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის ნასტაკისის არქეოლოგიური ექსპედიცია (ხელმძღვანელი ალექსი ბოხოჩაძე). 1975-1985 წწ. ამ მიდამოებში გათხრებს აგრძელებდა არქეოლოგიური კვლევის ცენტრის ნასტაკისის არქეოლოგიური ექსპედიცია კვლავ ა.ბოხოჩაძის ხელმძღვანელობით.

1971-1976 წწ. ძალისის მიდამოებში გამოვლინდა ანტიკური ხანის ნაქალაქარი. აღმოჩნდა სასახლისა და ტაძრის ნაშთები, მოზაიკიანი იატაკის მქონე აბანო, ტაძარ-სასახლის კომპლექსი, საცხოვრებელ ნაგებობათა ნაშთები, კოლექტორები, ტყვიის მილებით შედგენილი წყალსადენის ქსელი, აგურით მოკირწყლული ქუჩებისა და მოედნების ნაწილი, მოზაიკური იატაკები, შემკული მცენარეული და გეომეტრიული ორნამენტებითა და წარწერებით, არქიტექტურული დეტალები, თიხისა და მინის ჭურჭელი და სხვ[1].

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მოზაიკის დეტალი, ფრთიანი მამაკაცი.

ძალისის ნაქალაქარი თარიღდება ძვ. წ. II - ახ. წ. VIII საუკუნეებით. მოსახლეობა პირველად მდინარე ნარეკვავის მარჯვენა ნაპირზე მდებარე ძალისის გორაზე დასახლებულა. ანტიკურ ხანაში, ძველი და ახალი წელთაღრიცხვების მიჯნაზე, გაზრდილი მოსახლეობის ნაწილი მდინარე ნარეკვავის მარცხენა ნაპირზე გადასულა საცხოვრებლად და, აქ, ვაკეზე დიდი დასახლება წარმოქმნილა, რომელიც, როგორც ჩანს არისტოკრატთა უბანს წარმოადგენდა. ნაქალაქარი 1971-1982 წლებში გათხარა ისტორიის ინსტიტუტის ნასტაკისის მცხეთის რაიონის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ (ხელმძღვანელი ა. ბოხოჩაძე). 80-იან წლებისპირველ ნახევარში ტაძარს გაუკეთეს მინის პავილიონი (ავტორები: ა. სოლომნიშვილი, დ. დათუნაშვილი), გამაგრდა მოზაიკა. გათხრებით მოპოვებული მასალების მიხედვით შეიძლება დავასკვნათ, რომ ქალაქმა ძვ. წ. II საუკუნიდან ახ.წ. VIII საუკუნის 30-იან წლებამდე იარსება. განვითარების უმაღლეს დონეს ახ. წ. I-III საუკუნეებში მიაღწია. IV საუკუნეში განადგურდა და მის ტერიტოტრიაზე ცხოვრება დროებით შეწყდა. VI-VII საუკუნეებში აქ უღიმღამო ცხოვრება კვლავ გაგრძელდა, ხოლო VIII საუკუნის 30-იან წლებში ქალაქი საბოლოოდ განადგურდა მურვან ყრუს ლაშქრობის დროს[2].

არქიტექტურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნაქალაქარზე გაითხარა ტაძარ-სასახლის (ტაძარი, სასახლე, აბანო) და აბანოს კომპლექსები. აბანოები ნაშენია რიყის ქვითა და დუღაბით, ყველა სხვა ნაგებობა – ალიზის აგურით. ტაძარ-სასახლეების კედლები შიგნიდან გაჯით, ზოგჯერ კი სუფთა კირხსნარითაა შელესილი. ყველა ნაგებობა გადახურული ყოფილა კრამიტით, დიდი რაოდენობით აღმოჩნდა კერამიკული მასალა, სარკმლის მინის და მინის ჭურჭლის ნატეხები, ლითონის ნივთები და ა.შ. მოპოვებული მასალა ინახება საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში, მცხეთის მუზეუმსა და ნასტაკისის ექსპედიციის ბაზაზე.

ტაძარი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტაძარი გეგმით სწორკუთხაა. შედგება დარბაზისა და რამდენიმე დიდი სენაკისაგან. დარბაზს საზეიმო შესასვლელი სამხრეთით ჰქონდა. ზღურბლის წინ ეზოს მხარეს ტუფისა და ქვიშაქვის გათლილი ქვებით მოგებული მოედანია (4,9X2,75 მ). დარბაზის (ფართი 48,6 კვ.მ.) იატაკის მოზაიკა (თარიღდება ახ. წ. II საუკუნით) თორმეტი ფერის კენჭებისაგან არის შედგენილი. კედლების გასწვრივ იატაკს შემოვლებული აქვს შედარებით მსხვილი კენჭების მოზაიკური არშია (სიგ. 0,45-0,7 მ). მოზაიკის შუა ნაწილი, რომელსაც შემოვლებული აქვს არშია, ფართო ტოლფერდიან ჯვარს წააგავს. ჰორიზონტალური მკლავის ცენტრალურ ნაწილში სიუჟეტური კომპოზიციაა: გამოსახულია დიონისე და არიადნე. მოზაიკა კიდევ მრავალი გამოსახულებისაგან შედგება და მთელ დარაბაზის იატაკს იკავებს. მოზაიკაზე წარმოდგენილი გამოსახულებებისა და თვით ნაგებობის ხასიათით შეიძლება ვივარაუდოდ, რომ საქმე გვაქვს ანტიკურ სამყაროში გავრცელებულ ე.წ. „დიონისეს სახლთან“. მოზაიკის ნაკვთების იკონოგრაფია, ორნამენტაციის რეპერტუარი და სტილი თარიღდება მას ახ. წ. III საუკუნის პირველი ნახევრით და აკავშირებენ მოზაიკური ხელოვნების ანტიოქიის სკოლასთან[3].

სასახლე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სასახლის თაღების საფუძველი

სასახლე ყველაზე დიდ ნაგებობას წარმოადგენს. მისი ფართობი 2500 მ² აღწევს და შედგება ოცდაათამდე სხვადასხვა სიდიდის ოთახისა და დარბაზისაგან, რომელთა ცენტრში გამოიყოფა ღია ეზო – ატრიუმი. ატრიუმის ცენტრში მოთავსებული იყო ბორდიურით შემოვლებული შადრევნის ოთხკუთხა აუზი, რომლის კუთხეებში მდგარა სვეტები. ატრიუმის დასავლეთით, ვლინდება ასევე გათლილი ქვებით ნაგები ტაძარი, სადაც აღმართული უნდა ყოფილიყო ღვთაება. ოთხივე მხრიდან კედლებით შემოზღუდული ატრიუმის ფართობია 8,35X8,35 მ. სასახლის ჩრდილო-დასავლეთის მხარეს განლაგებული ყოფილა საძილე ოთახები, ორგანყოფილებიანი საკუთარი საპირფარეშოთი, საკუთარი წყალსადენითა და კანალიზაციით. ღია ეზოს ჩრდილოეთის ნაწილში დარბაზებია განლაგებული, სამხრეთის მხარეს კი სხვადასხვა სიდიდის ოთახები და წინკარია. სასახლის საძირკველი რიყის ქვისაა, მასზე ერთ წყებად დაწყობილია ქვის თლილი ფილები, შემდეგ კი კედლები ამოყვანილია ალიზის აგურით. ინტერიერში კედლები შელესილი ყოფილა და მოხატულიც. აუცილებლად განსაკუთრებული ყურადღების ღირსია სასახლის ცენტრალური გათბობის სისტემა. იგი ღია ეზოს სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, თითქმის ცენტრშია განლაგებული. ცენტრალური გათბობა ჰიპოკაუსტის სისტემისაა. იგი წარმოადგენს კედლებით შემოზღუდულ ოთახს, რომელშიც განლაგებული იყო კალორიფერები, აქედან ცხელი ჰაერი მოედინებოდა კედლებში სიცარიელეში – არხებში.

აფსიდიანი ნაგებობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აფსიდიანი ნაგებობა მოთავსებულია სასახლის სამხრეთით და, როგორც ჩანს, უფრო მოგვიანებითაა აშენებული. შენობის ფართობია 703 მ². მისი კედლების სისქე სხვადასხვაა. შენობაში ანფილადურადაა განლაგებული სამი დარბაზი და ოთახები მათ შორის. სამივე დარბაზი სამხრეთის მხარეს აფსიდით ბოლოვდება, მათგან ორი ნახევარწრიულია. ცენტრალური მთავარი დარბაზის აფსიდი სამწახნაგოვანია. აფსიდიანი დარბაზების კედლებში შექმნილია ვიწრო გამჭოლი თაღები, საფიქრებელია ცენტრალური გათბობის არხებისათვის. ყველა მონაცემით აქ გვაქვს ადმინისტრაციული შენობა, სადაც დარბაზები წარმოადგენენ კურიებს – სხდომათა დარბაზებს, ხოლო მცირე ოთახები აღრიცხვისა და საქმის წარმოებისათვის იყო განკუთვნილი. სამშენებლო მასალად აქაც გამოყენებულია რიყის ქვა, ალიზის აგური, კირის დუღაბი, სახურავ მასალად – კრამიტი[4].

ატრიუმი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ატრიუმი

აბანოს კომპლექსში შემავალი ატრიუმი (ღია ეზო) გეგმით ოთხკუთხაა (7,75X6,95 მ). იატაკი მოფენილია ტუფისა და ქვიშაქვის თლილი ქვებით. ატრიუმის ცენტრში 51-52 სმ სიგანის ბორდიურით შემოვლებული შადრევნის აუზია (2X1,8 მ, სიღრმე 17 სმ), რომლის კუთხეებში აღმართული ყოფილა ოთხკუთხა კოლონები. ატრიუმს დასავლეთით მიშენებული აქვს გეგმაში სწორკუთხა მოყვანილობის საკურთხევლიანი სატაძრო განყოფილება (9,95X2,6 მ), რომელიც 15 სმ-ით მაღლაა ატრიუმის იატაკზე და რომლის ჩრდილო ნაწილში მდგარ კვარცხლბეკზე კოლონებით დამშვენებული რომელიღაც ღვთაება ყოფილა აღმართული. ატრიუმის აღმოსავლეთით აბანოს გასახდელია მიშენებული[5].

სასახლის აბანო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ძალისის სასახლის აბანო სასახლის გვერდით მდებარეობს, რომაული ტიპისაა და სამი – ცივი, თბილი და ცხელი განყოფილებებისაგან შედგება. სამივე განყოფილება ერთნაირი სიდიდისაა და ჩრდილოეთისა და სამხრეთის მხარეს აქვთ ნახევარწრიული აფსიდები. თითოეული აბანოს სიგრძეა 5 მ, ხოლო სიგანე – 2,5 მ. აბანოს ქვის კედლები შიგნიდან და გარედან შელესილია. ცხელი და თბილი აბანოების ქვეშ მოწყობილია ჰიპოკაუსტების სისტემის გათბობა, რომლის სვეტებისათვის გამოყენებულია ბრტყელი, კვადრატული და მრგვალი აგური. ცივ აბანოში დაგებული ყოფილა მოზაიკური იატაკი. მოზაიკას შემოვლებული აქვს არშია მცენარეული ორნამენტით, ხოლო არშიის შიგნით გამოსახულია ზღვის ფაუნა. მოზაიკა თბილ აბანოშიც ყოფილა, რაც იშვიათია. აბანოებს ემიჯნება გასახდელი – იპოდიტერიუმი, რომელიც გეგმაში სწორკუთხაა (4,9X4,7 მ). აქ უკვე მთელი იატაკი დაფარულია სიმეტრიული გეომეტრიული ნაკვთებით.

საცურაო აუზი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საცურაო აუზი

ძალისის საცურაო აუზი არის საქართველოსათვის სრულიად უნიკალური ნაგებობა. იგი გეგმაში წესიერი სწორკუთხედია. საცურაო აუზის კომპლექსი თარიღდება I-III საუკუნეებით[6].

სამაროვნები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ძალისის მიდამოებში მიკვლეულია ნაქალაქარის დროინდელი სამი სამაროვანი. აქედან მდინარე ნარეკვავის მარჯვენა ნაპირზე მდებარე სამაროვანი, მის მიდამოებში შემთხვევით აღმოჩენილი მდიდრული ინვენტარის მიხედვით, არისტოკრატულ ფენას უნდა ეკუთვნოდეს.

სოფ. ძალისის გორაზე, რომელიც ძალისის შიდაციხეს წარმოადგენდა, გამოვლინდა ალიზით ნაგები გალავანი, აგრეთვე ალიზით ნაგები და წითლად შეღებილი კრამიტით გადახურული სხვადასხვა შენობის ნაშთები. გორის სამხრეთ ნაწილში აღმოჩნდა ქვათლილებით ნაშენი თაღოვანი აკლდამა (4X4,7X4 მ), რომელიც აღმოსავლეთ-დასავლეთ ხაზზე იყო დამხრობილი. შესასვლელი აღმოსავლეთიდანაა. დრომოსის კედლები ნაგებია ქვათლილებით. იატაკი მოგებულია თლილი ქვით. აკლდამაში გამართულია მიცვალებულთა დასაკრძალავი 2 ტახტი-სარეცელი, თუმცა დაკრძალული აღმოჩნდა 3 მიცვალებული. აკლდამაში აღმოჩნდა ბრინჯაოს 3 საკინძი. ოქროს ცილინდრული ჩარჩო, თიხის ჭრაქი. მასალა თარიღდება ახ. წ. II-IV საუკუნეებით, ხოლო თვით აკლდამა IV-V საუკუნეებით[7].

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. ქართლის ცხოვრების ტოპოარქეოლოგიური ლექსიკონი, თბ., 2013, გვ., 598
  2. საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 5, თბ., 1990, გვ., 329
  3. dzeglebi.com - ძალისის ნაქალაქარი
  4. dzeglebi.ge - ძალისის ნაქალაქარი (ძვ.წ. II – ახ.წ. VIII სს)
  5. ბოხოჩაძე ა., ნაქალაქარი ძალისა, ძეგლის მეგობარი, N 46, 1977, გვ. 17-25
  6. ბოხოჩაძე ა., ძალისის ნაქალაქარის ტერიტორიაზე აღმოჩენილი სასახლე, აბსიდიანი ნაგებობა და საცურაო აუზი, ძეგლის მეგობარი, N 4, 1987, გვ. 25-30
  7. ბოხოჩაძე ა., მირიანაშვილი ნ., ნასტაკისის არქეოლოგიური ექსპედიცია 1989-1990 წლებში, საველე არქეოლოგიური კვლევა-ძიება 1989-1992 წლებში (მოკლე ანგარიშები), თბ., 2004, გვ. 104-108