ციხისკარის სამონასტრო კომპლექსი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ციხისკარის სამონასტრო კომპლექსი — არქიტექტურული ძეგლი, ახალგორის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩქუნეთში. აგებულია გარდამავალ ხანაში.

ვახუშტის მიხედვით:

ვიკიციტატა
„არს ჭურთისხევი, რომლისა წყალი გასდის ამავ მთასა, და სად ერთვის ამ წყალს ცხრაწყაროს. წყალი მუნ, ამ ორთა წყალთ შუა, არს ციხე ფრიად მაგარი.“

დიდი მებრძოლი შანშე ქსნის ერისთავი 1719-1720 წლებში ორჯერ განუდგა მეფე ვახტანგ VI-ს. ორივეჯერ იგი გამაგრებული იყო ჭურთის ხეობის, წინკიბის ციხეში". მდ. ჭურთულას მარჯვენა მხარეს, ნასოფლარ ჭურთიდან სამხრეთით 1 კმ-ზე, მთის ფერდობზე, დაბურულ ტყეში მდებარე ციხისკარის არქიტექტურული კომპლექსი გარშემორტყმული იყო ძლიერი გალავნით, რომლის სიმაღლე 2,5 მეტრს აღწევს. გალავნის შიგნით შემორჩენილი ნაგებობიდან გამოირჩევა ზურგიანი კოშკი და ეკლესია. მაღალი, შვიდსართულიანი კოშკი ნაგებია დიდი ლოდებით, დაზიანების შემდეგ მისი სიმაღლე 20 მეტრამდე შემორჩა. შესასვლელი ღიობი აღმოსავლეთ კედელშია დატანებული, რომელსაც ხის კარი ჰქონდა შებმული. აქ კედლის სისქე 140 სმ-დეა. კარის თავზე, ვერტიკალური ღერძის მიმართულებით ყოველ სართულზე თითო განიერი სარკმელია გაჭრილი. კოშკის გადახურვა ბანური ყოფილა. ხის კოჭებზე მოწყობილი სართულშუა გადახურვები ჩამოქცეულია. ინტერიერი სადაა. ბუხარი არა აქვს. პირველი სართული ამოვსებულია ნაშალი ქვით. ინტერიერში და ექსტერიერში ჩანს ნალესობის კვალი. კოშკიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით 4,5 მეტრზე მცირე დარბაზული ეკლესიაა, რომელიც ადგილობრივი ჯიშის ფლეთილი ქვითაა ნაშენი. ალაგ-ალაგ გამოყენებულია შირიმის კვადრები, ზოგჯერ პროფილირებულიც. შირიმისაა აგრეთვე საკურთხევლის ორი სიმეტრიული ნიშის სათაურის ქვა. საკურთხეველი ასიმეტრიული ნახევარწრიული ფორმისაა. შესასვლელი სამხრეთ კედელშია გაჭრილი. მოგვიანებით, დარბაზული ეკლესია სამხრეთის და დასავლეთის მინაშენებით გაართულეს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • შიდა ქართლი, ახალგორის მუნიციალიტეტის არქიტექტურული მემკვიდრეობა, ტ. IV, თბ., 200, გვ., 223-224