ყათნალიხევის ნასახლარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ყათნალიხევის ნასახლარი — არქეოლოგიური ძეგლი აღმოსავლეთ საქართველოში, უფლისციხის ნაქალაქარის დასავლეთით მდებარე ერთ-ერთ ხევში. არქეოლოგების მოსაზრებით ნასახლარზე აღმოჩენილი კომპლექსი წარმოადგენს სამლოცველოს ნაშთს და ძვ.წ. II-I ათასწლეულების მიჯნით თარიღდება.

ყათნალიხევის ნასახლარი მდებარეობს ამავე დასახელების ხევში, მტკვრის მარჯვენა ნაპირზე მდებარე ბორცვზე, რომელიც მეზობელი მასივისგან გამოყოფილი იყო ე.წ. სასიმაგრო თხრილით. 1957-1963 წლებში ყათნალიხევის ბორცვზე გათხრები ჩაატარა საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ (ხელმძღვანელი შალვა ამირანაშვილი). ხანძრით განადგურებული კულტურული ფენა ყველაზე უკეთ შემორჩენილი იყო ბორცვის თხემზე. არქეოლოგიური კვლევის შედეგად აღდგენილი სურათის მიხედვით გადარჩენილი კომპლექსი შედგებოდა ძელებით ნაგები ოთხი ძირითადი ნაგებობისგან, რომელთა კედლებიც თიხით იყო შელესილი.

ერთ-ერთი ნაგებობის (№1) დასვლეთ კედელთან აღმოჩნდა ჰორელიეფი, რომელიც წარმოადგენს ღვთაების, ქალღმერთის გამოსახულებას ობსიდიანით ინკრუსტირებული თვალებით და, როგორც ჩანს, კედელზე იყო მიძერწილი. ნაგებობას აღმოსავლეთის მხრიდან ემიჯნება მეორე ნაგებობა (№2), რომლის თიხის იატაკშიც გამოვლინდა 45 მინიატურული ორმო. ორმოები ღია ფერის დამწვარი მასით იყო ამოვსებული, ზედაპირი კი თიხის ხსნარით ჰქონდათ გადალესილი. აქვე აღმოჩნდა თიხის ჭურჭლის ნატეხებისგან დამზადებული რამდენიმე ათეული დისკო, ურმის თვლის მოდელები, სალესი ქვები, კევრის გაცვეთილი კოხები და სხვ. დავით ხახუტაიშვილის მოსაზრებით, ყათნალიხევის ორივე ეს ნაგებობა დიდი დედა ქალღვთაების კულტთან არის დაკავშირებული. №3 ნაგებობაში, რომელიც №2 ნაგებობას სამხრეთ-აღმოსავლეთის მხრიდან ეკვრის, აღმოჩნდა ღუმელის ნაშთი და ძლიერ დაზიანებული საკურთხეველი შავპრიალა თიხის ჭურჭლით და მოზვერის თავის თიხის მოდელით. აქვე ნაპოვნი იქნა თიხის საბეჭდავები სვასტიკის გამოსახულებით. №4 ნაგებობის სამხრეთ-დასავლეთ კედელთან აღმოჩნდა წრიული ფორმის პატარა ნაგებობა—საკურთხეველი. შემორჩენილია ასევე ქვის ფილებით მოგებული იატაკი და ფლეთილი ქვით შედგენილი დაბალი მაგიდა, რომლის წინ სწორკუთხა ფორმის ორმო ნაცრით იყო ამოვსებული. საკურთხეველთან აღმოჩნდა კევრის კოხების დიდი რაოდენობა, საბეჭდავის ფრაგმენტი, ცხენის თიხის ქანდაკების ფრაგმენტი, თიხის ჭურჭლის ფრაგმენტები და სხვა ნივთები. საკურთხევლის გარშემო თიხის იატაკზე ამოკვეთილია სხვადასხვა ზომის 15-მდე ორმო და ცხოველების სილუეტური გამოსახულებები. ეს უკანასკნელი შევსებულია მოთეთრო ფერის მასით, რომელშიც დამწვარი ძვლებია შერეული.

ყათნალიხევის ბორცვის ჩრდილო-აღმოსავლეთ ფერდზე განცალკევებით აღმოჩნდა მარცვლეულის შესანახი ხუთი ხარო და რამდენიმე დიდი ზომის, შავად გაპრიალებული დერგი, რომლებიც ხაროების ორმოშივე იყო ჩალეწილი. ორმოების კიდეები და იატაკი შელესილი იყო თიხის ხსნარით. ხაროების ძირში დადასტურდა მტვრად ქცეული მარცვლეულის ნაშთები. აქვე დადასტურდა სათავსო, რომელიც ისევე როგორც სამლოცველოს ნაგებობები, ძლიერი ხანძრით არის გადამწვარი. ბორცვის ერთ-ერთ ფერდზე გავლებულ სადაზვერვო თხრილში დადასტურდა კულტურული ფენა, რომელიც მეტად მწირ მასალას შეიცავდა (თიხის ჭურჭლის ფრაგმენტები, ობსიდიანის ანატკეცები, ბრინჯაოს სადგისი) და დ. ხახუტაიშვილმა სამლოცველოს კომპლექსზე ადრეული სამოსახლოს ნაშთად მიიჩნია.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ხახუტაიშვილი. დ., უფლისციხე I, თბილისი, „მეცნიერება“, 1964.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]