ღვინო ისრაელში

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ღვინო ისრაელში — ღვინის ისტორიას ისრაელის მიწაზე ბიბლიური ეპოქიდან მოყოლებული შეგვიძლია გადავავლოთ თვალი. თორა და თალმუდი სავსეა ამ საკითხით. თორაში ღვინო ყველაზე უფრო ხშირად ნახსენები სასმელია (დაახლოებით 141-ჯერ). ღვინო ბიბლიაში პირველად ნოეს შესახებ ამბის თხრობისას გვხვდება პირველი ადამიანის, რომელმაც წარღვნის შედეგ ვენახი გააშენა, ღვინო დააყენა, მიირთვა და თრობაც განიცადა.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აღსანიშნავია, რომ ისრაელიდან ღვინო ეგვიპტეში გაჰქონდათ. ის ფარაონების საყვარელი სასმელი იყო. VII საუკუნიდან, როდესაც პალესტინა არაბებმა დაიპყრეს, ღვინის დაწურვა სასტიკად აიკრძალა. მას შემდეგ კი ისრაელში ღვინის წარმოება, მხოლოდ XIX საუკუნეში აღორძინდა.

ამის ინიციატორი კი ბარონ ედმონდ დე როტშილდი იყო, რომელმაც ისრაელის მიწაზე გააცოცხლა მეღვინეობა. მას ორი მიზანი ამოძრავებდა პირველი ისრაელის აღორძინება და მეორე მეღვინეობის წინ წამოწევა. მისი ოჯახი დღესაც ფლობს ღვინის ბიზნესს ისრაელში.

დღეისათვის ისრაელის უძველესი ღვინის ქარხანა Carmel Winery-ია. სწორედ ეს კომპანია არის, ქვეყანაში ღვინის უმსხვილესი მწარმოებელი (75%) და თავისი პროდუქცია 40 ქვეყანაში გააქვს.

ბოლო რამდენიმე წელია ისრაელის ღვინის წარმოებაში ნამდვილი რევოლუცია მოხდა. ღვინის ასორტიმენტი სრულიად შეიცვალა; ღვინო დღეს ისრაელელთა ეროვნული სიამაყის ერთ-ერთი მთავარი საგანია.

XX საუკუნის 60-იან წლებამდე ებრაული ღვინოები სათანადოდ არ ფასდებოდა. ექსპერტები მას აღიქვამდნენ, როგორც დაბალხარისხოვანსა და ძალიან ტკბილ სასმელს, მაგრამ 1960-1970-იან წლებში მოულოდნელად დაიწყო გარდატეხა და მალე ისრაელი მსოფლიო ღვინის წარმოების ლიდერად იქცა. ე. წ. „ღვინის რევოლუცია“ (1972 წ.) უშუალოდ უკავშირდება 1967 წლის ექვსდღიან ომში ისრაელის გამარჯვებას, რომლის შემდეგაც ქვეყნის მფლობელობაში მოექცა გოლანის მაღლობები. „გოლანის მაღლობების მეღვინეობამ“ თავისი ახალი ნაწარმით (1983 წელს) სრული აღფრთოვანება გამოიწვია და აბსოლუტურად შეცვალა ისრაელის მეღვინეობის სახე. სწორედ ამ დროიდან იწყება გოლანის მაღლობზე კაბერნე სოვინიონის, მერლოს, შარდონესა და სხვა ფრანგული ჯიშების მოყვანა.

ისრაელში ღვინის რეგიონების კონტროლირებული სისტემა არ არსებობს, თუმცა გამოიყოფა 5 დიდი და, თავის მხრივ, სუბრეგიონებად დაყოფილი ტერიტორია. ისრაელში ვენახების ფართობი არც ისე დიდია – 5500 ჰექტარი. აქ, ძირითადად, ხმელთაშუა ზღვის კლიმატია, ხანგრძლივი ცხელი ზაფხულითა და ხანმოკლე ზამთრით.

2016 წელს 5 კონტინენტზე, 40-ზე მეტ ქვეყანაში ისრაელის ღვინის ექსპორტმა $40 მლნ შეადგინა. ათი წლის წინ ეს მაჩვენებელი მხოლოდ 8 მლნ-ს უდრიდა. უმთავრესი საექსპორტო ქვეყნებია: აშშ, საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი, კანადა, ჰოლანდია, გერმანია და პოლონეთი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]