ღვერთეთის სამების ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ღვერთეთის სამების ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი, საკულტო ნაგებობა ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ღვერთეთში, სოფლის ჩრდილოეთით ერთ კილომეტრში, მთაზე. აგებულია განვითარებულ შუა საუკუნეებში.

დარბაზული ეკლესია სამხრეთი მინაშენით, ნაგებია სხვადასხვა ზომის ფლეთილი ქვით. ალაგ-ალაგ წყობა შევსებულია წვრილი ქვით.

ეკლესია გეგმით სწორკუთხედს წარმოადგენს. აღმოსავლეთით დასრულებულია ნახევარწრიული აბსიდით, რომლის ცენტრში თაღოვანი სარკმელია გაჭრილი. სარკმლის ძირში ტრაპეზის ქვა დევს. აბსიდში ჩრდილოეთით და სამხრეთით თითო სწორკუთხა ნიშია. კონქი სფერულია. სატრიუმფო თაღი აბსიდის მხრებს ეყრდნობა. საკურთხევლის წინ შემორჩენილია ქვის კანკელი, აქვეა ბუნის ქვაც.

გრძივი კედლები პილასტრების საშუალებით ორ ნაწილად იყოფა. პილასტრების კაპიტელებს ეყრდნობა ნახევარცილინდრული კამარის საბრჯენი თაღი. ჩრდილოეთ, დასავლეთ და სამხრეთ კედელს ერთსაფეხურიანი ხარისხი გასდევს.

დარბაზი განათებულია სამხრეთით სწორკუთხა, ხოლო დასავლეთით თაღოვანი სარკმლებით.

სამხრეთი შესასვლელი გარეთ არქიტრავულია, შიგნიდან - თაღოვანი. კარი ნაოთხალია. ეკლესიის სამხრეთი მინაშენი გეგმით სწორკუთხაა. სამხრეთ კედელში გაჭრილია სწორკუთხა სარკმელი და შესასვლელი.

ეკლესიის ფასადები სადაა. ეკლესიის სამშენებლო მასალა განსხვავდება მინაშენის მასალისაგან. ნაგებობის ფასადებს ეტყობა შეკეთების კვალი. მინაშენი თითქმის თავიდან არის აგებული. ამავე მასალითაა შეკეთებული ეკლესიის დაზიანებული ნაწილები.

ეკლესიის და მინაშენის საბურავად შიფერია გამოყენებული.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • შიდა ქართლი, ზნაურის (ყორნისი) რაიონის არქიტექტურული მემკვიდრეობა, ტ. II, 2004