ქვეშეთის ციხე-სახლი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ქვეშეთის ციხე-სახლიარქიტექტურული ძეგლი დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვეშეთიდან 0,5 კილომეტრზე, მდინარეების — არაგვისა და სონჩოსხევის შესართავთან. განეკუთვნება გვიანდელ შუა საუკუნეებს. ციხე-სახლი (10,45 x 7,4 მეტრი), ორსართულიანია, ნაგებია კლდის ქვით. სართულშუა გადახურვა და სახურავი ჩაქცეულია. შემორჩენილი კედლების სიმაღლე 8,6 მეტრია. პირველი სართულის შესასვლელი ჩრდილო კედელშია გაჭრილი. კარი სამკუთხა თაღითაა გადახურული. წირთხლებში საურდულე ხვრელებია. ამავე მხარეს ერთი მაღალი, ვიწრო, სწორკუთხა სარკმელი და ერთი სათოფურია. აღმოსავლეთ კედელში — ერთი სათოფური და ორი სწორკუთხა სარკმელი, სამხრეთ კედელში — ორი სათოფური და ერთი სწორკუთხა სარკმელი, ხოლო დასავლეთისაში — სამი სათოფური და სამი სწორკუთხა სარკმელი. პირველ სართულს (სიმაღლე 4 მეტრი) იყენებდნენ საქონლის სადგომადაც და საცხოვრებლადაც. მეორე სართულზე ჩრდილო კედელში პირველი სართულის მსგავსი შესასვლელია. ამავე კედელში თითო სათოფური და სარკმელია, აღმოსავლეთ კედელში — ერთი სათოფური და ორი სარკმელი, სამხრეთისაში ერთი დიდი და ერთი მცირე სარკმელია, ხოლო დასავლეთ კედელში — სათოფური და ორი სარკმელი. ყველა სარკმელი სწორკუთხაა. მეორე სართული ძალიან მაღალია (4,5 მეტრი), რაც აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთის ციხე-სახლებისათვის უჩვეულოა. ამ სართულს ოჯახის წევრთა საცხოვრებლად და სათავდაცვოდ იყენებდნენ. სართულშუა გადახურვა ხის კოჭებზე ყოფილა გამართული, სახურავი ბრტყელი, მიწურბანიანი ყოფილა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]