ქვეშეთის კვირაცხოვლის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ქვეშეთის კვირაცხოვლის ეკლესია— არქიტექტურული ძეგლი დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვეშეთში, ნასოფლარ ქიმბარიანის სამხრეთით, 700 მეტრში არსებულ ქედზე, ტყის პირას. აგებულია გვიან შუა საუკუნეებში.

ეკლესიის ჩრდილო-აღმოსავლეთით დამრეცი ფერდია, საიდანაც ხედი იშლება თეთრი არაგვის ხეობაზე და ნასოფლარ ქიმბარიანზე. დანარჩენი სამი მხრიდან ეკლესიას ტყის მაღალი კორომი შემოუყვება. აშენებულია კლდის ფლეთილი ქვით - ირეგულარული წყობით, რომლის კედლებზეც ფრაგმენტულად შემორჩენილია ნალესობა. ეკლესიის კორპუსი გადაწოლილია დასავლეთით, რის გამოც დასავლეთ ფასადი ნაწილობრივ მიწაშია მოქცეული. კარი დატანებულია ჩრდილოეთის კედელში, რომლის ღიობის დიდი ნაწილი დაზიანების შედეგად ამოქოლილია და ტაძარში შესვლა ვერ ხერხდება. კარის წირთლხში ურდულია. ეკლესია ნათდება აღმოსავლეთის კედელში მოქცეული მცირე ზომის სარკმლით, რომლის ღიობიც ფასადზე ვიწრო ჭრილს ქმნის, შიგნითკენ კი ფართოვდება. ნაგებობის ორქანობიანი სახურავი შედგენილია საფეხურებად დალაგებული ფიქალის ქვით, რაც ერთგვარად მხატვრულ ეფექტს ქმნის. გადახურვის კეხის აღმოსავლეთ მონაკვეთში აღმართულია ქვაში გამოკვეთილი ჯვარი, რომლის მკლავებიც ბოლოში ფართოვდება. ხოლო, კეხის შუა და დასავლეთ ნაწილში კვარცის ჩანართებიანი ქვებია ჩადგმული. აღმოსავლეთის სარკმლის ღიობიდან მოჩანს, რომ ინტერიერში, დასავლეთ კედელში დატანებულია ორი, სწორკუთხა მოყვანილობის ნიში. ხოლო, აღმოსავლეთით განთავსებულია ქვის ტრაპეზი. ეკლესიის ჩრდილოეთით, შესავსლელ კართან მოთავსებულია ტუფის ქვა, რომელზეც რელიეფურად გამოსახულია სწორკუთხა ჩარჩოში მოქცეული, კვარცხლბეკზე აღმართული მკლავებგამშვენებული ჯვარი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საქართველოს გერბი კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 35053