ქვემო ვილდის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

ქვემო ვილდის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი, საკულტო ნაგებობა, მდებარეობს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ვილდაში, მდინარე მეჯუდას მარცხენა ნაპირზე.

მდ. მეჯუდას მარცხენა ნაპირას დგას მოყვითალო შირიმის ქვით ნაგები დარბაზული ეკლესია. კვადრები სხვადასხვა ზომისაა.

გეგმით სწორკუთხედს წარმოადგენს, აღმოსავლეთით დასრულებულია ნახევარწრიული აბსიდით, რომლის ცენტრში შეისრულთაღიანი, ნაოთხალი სარკმელია. ჩრდილოეთით და სამხრეთით მაღალი სწორკუთხა ნიშებია. აბსიდა დარბაზისაგან გამოყოფილია შვერილებით, რომელთაც სატრიუმფო თაღი ეყრდნობოდა. კამარა და კონქი ჩამოქცეულია. ჩრდილოეთ კედელზე შემორჩენილია კამარის თაღის საბრჯენი კრონშტეინი.

დასავლეთი კედლის სიმაღლე 6-7 მეტრს აღწევს, სამხრეთისა კი 1-2 მეტრს. სამხრეთის შესასვლელი მთლიანად მორღვეულია. ინტერიერი შირიმის ქვითაა მოპირკეთებული.

აღმოსავლეთის სარკმელს ორმაგლილვიანი სათაურის ქვა აქვს. დასავლეთის კედლის წყობაში ჩაყოლებულია კვადრი ჯვრის რელიეფური გამოსახულებით. ამ ფასადზე შემორჩენილია მარტივპროფილიანი კარნიზის ნაწილი. ჩრდილოეთ ფასადთან მიწის დონე ძლიერ აწეულია. ინტერიერი სავსეა ჩამონაშალი ქვით.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • შიდა, ქართლი, პატარა და დიდი ლიხვის ხეობების არქიტექტურული მემკვიდრეობა, ტ. I, თბ., 2002, გვ., 189-190