ქენქაანის მთავარანგელოზის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ქენქაანის მთავარანგელოზის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი, საკულტო ნაგებობა, ახალგორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქენქაანში. აგებულია გარდამავალ ხანაში.

სოფლიდან ჩრდილოეთით 1,5 კმ-ზე, ნასოფლარ ხოზუეთში მდებარე ეკლესია ფლეთილი ქვითა და ფიქალითაა ნაგები. გეგმით სწორკუთხა მოხაზულობისაა, სწორკუთხა საკურთხევლის ცენტრში გაჭრილია არქიტრავული სარკმელი. დასავლეთ კედელში მოწყობილია წყვილი, სწორკუთხა ნიშა. კამარა და კონქი ჩამოქცეულია. კედლები შემორჩენილია 2-2,5 მეტრის სიმაღლეზე.

არქიტრავული შესასვლელი სამხრეთის კედელშია გაჭრილი. ეკლესიიდან სამხრეთ-დასავლეთით 200 მეტრში შემორჩენილია კოშკის ნანგრევი, რომლის მხოლოდ ჩრდილოეთი და დასავლეთი კედლის მცირე ფრაგმენტებია.

კოშკის გარშემო მიწის დონე საგრძნობლად არის აწეული. კედლის სისქე 1 მეტრს აღწევს. ძეგლის გარშემო გალავნის ფრაგმენტებია.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • შიდა ქართლი, ახალგორის მუნიციპალიტეტის არქიტექტურული მემკვიდრეობა, ტ. IV, თბ., 2008, გვ., 179-180