ქარვასლის თეატრი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ქარვასლის თეატრი — პირველი მნიშვნელოვანი თეატრალური ნაგებობა XIX საუკუნის თბილისში. აშენდა ადგილობრივი კაპიტალისტის გაბრიელ თამამშევის ხარჯით, რომელსაც მაშინდელმა მეფისნაცვალმა მიხეილ ვორონცოვმა გამოუყო პასკევიჩერივანსკის მოედანზე (ახლანდელი თავისუფლების მოედანი) 855 კვადრატული საჟენი მიწა ქარვალსლისა და თეატრისათვის.

მშენებლობის დამთავრების შემდეგ ქარვასლა (თავისი 266 სხვადასხვა სიდიდის სავაჭროთი) ხელშეკრულებისამებრ თამამშევის მფლობელობაში გადავიდა, თეატრის შენობა კი თბილისს გადაეცა. მშენებლობის პროექტი შეადგინა არქიტექტორ ჯ. სკუდიერიმ, სამხატვრო სამუშაოები შეასრულა გ. გაგარინმა. თეატრი 700 მაყურებელს იტევდა. დეკორატიული მასალა (ფერადი ხავერდი, ოქრო-ვერცხლის სამკაული, ძვირფასი აბრეშუმი) პარიზიდან გამოიწერეს, პარიზიდანვე მოიწვიეს ცნობილი დეკორატორი დერბეზი.

1851 წლის 12 აპრილს თეატრი გაიხსნა გრანდიოზული ბალ-მასკარადით. თანამედროვეთა აზრით, თბილისის ქარვასლის თეატრი ერთ-ერთი უმშვენიერესი იყო მსოფლიოს სახელგანთქმულ თეატრებს შორის. თეატრის ხელმძღვანელობისათვის შეიქმნა დირექცია, ხოლო დირექტორად დაინიშნა იმხანად მოსკოვიდან თბილისში მოვლინებული ცნობილი ლიტერატორი გრაფი ვ. ა. სოლოგუბი. 1851 წლის 8 ნოემბრიდან თეატრში დიდი ზეიმით წარმოადგინეს ქართული და რუსული სპექტაკლები (ქართულად დაიდგა გ. ერისთავის „თილისმის ხანი“). ქართული და რუსული დრამატული თეატრის დასების გარდა, თეატრის შენობაში განთავსდანიტალიური ოპერა, რომელმაც 1851 წლის 9 ნოემბერს გ. დონიცეტის ოპერით „ლუჩია და ლამერმური“ გახსნა თავისი პირველი სეზონი თბილისში, რითაც საფუძველი ჩაეყარა საოპერო ხელოვნებას საქართველოში. 1874 წლის 11 ოქტომბერს ოპერა „ნორმას“ წარმოდგენისას, ქარვასლაში ხანძარი გაჩნდა, რამაც იმსხვერპლა ეს ნაგებობა. შ. კაშმაძის ცნობით, გადარჩა მხოლოდ გ. გაგარინისეული ფარდა, რომელმაც თავისი ფუნქცია განაგრძო „საზაფხულო თეატრში“.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ენციკლოპედია თბილისი, თბ., 2002, გვ. 882