ფრანჩესკო გვარდი
ფრანჩესკო გვარდი | |
---|---|
![]() | |
დაიბადა | 5 ოქტომბერი, 1712[1] [2] [3] [4] [5] |
დაბადების ადგილი | ვენეცია[6] |
გარდაიცვალა | 1 იანვარი, 1793[1] [7] [8] [3] [9] [10] [11] [4] [5] (80 წლის) |
გარდაცვალების ადგილი | ვენეცია |
ჟანრი | Veduta[12] და პეიზაჟი |
ფრანჩესკო ლაძარო გვარდი (იტალ. Francesco Lazzaro Guardi; დ. 5 ოქტომბერი, 1712, ვენეცია — გ. 1 იანვარი, 1793, იქვე) — იტალიელი მხატვარი, ფერმწერი და გრავიორი, ვენეციის სკოლის პეიზაჟისტი. შემოქმედების ადრეულ ეტაპზე თანამშრომლობდა ძმასთან — ჯოვანი ანტონიო გვარდისთან. 1750-იანი წლებიდან დამოუკიდებლად დაიწყო მუშაობა. თავდაპირველად ქმნიდა რელიგიურ და ისტორიულ კომპოზიციებს, შემდეგ დაიწყო ვენეციის ურბანული პეიზაჟების („ვედუტების“) ხატვა. ამ ჟანრში მოიპოვა აღიარება და გახდა ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელი, ვინც ვენეციის უნიკალურ არქიტექტურას და ყოველდღიურ ცხოვრებას ასახავდა.[13][14]
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ფრანჩესკო გვარდი დაიბადა ვენეციაში, იგი იყო ფერმწერ დომენიკო გვარდის (1678–1716) და ავსტრიელი მარია კლაუდია პიხლერის მეხუთე შვილი.

1700 წელს ოჯახი საცხოვრებლად ვენეციაში გადავიდა. ფრანჩესკო 1712 წლის 5 ოქტომბერს, ვენეციის სანტა-მარია-ფორმოზას ეკლესიაში (იტალ. La chiesa Santa Maria Formosa) მოინათლა. მხატვრის მამა მცირე დიდგვაროვან ოჯახს ეკუთვნოდა. იგი გარდაიცვალა 1716 წლის 16 ოქტომბერს და დარჩა ქვრივი და შვილები: ჯანანტონიო, მარია სესილია, ფრანჩესკო და ნიკოლო. უფროსი ვაჟი ჯანანტონიო (1698–1760), ფერმწერი გახდა და მემკვიდრეობით მამის სახელოსნო და მაღაზია მიიღო. ქალიშვილი მარია სესილია 1719 წლის 21 ნოემბერს ცნობილ მხატვარ ჯოვანი ბატისტა ტიეპოლოზე დაქორწინდა.
ფრანჩესკოს დაბადებიდან მალევე ოჯახი საცხოვრებლად ბარბარია-დელე-ტოლეს (Via Barbaria delle Tole) ქუჩაზე გადავიდა, ვენეციაში, თუმცა ფრანჩესკოს ახალგაზრდობის პერიოდისა და შეგირდობის შესახებ არაფერია ცნობილი. შესაძლოა სწავლობდა უფროს ძმასთან ჯოვანი ანტონიო გვარდისთან. ძმებს მრავალი ნამუშევარი ერთად აქვთ შესრულებული. 1732 ან 1734 წლებში ფრანჩესკო გვარდის შესაძლოა თავისი სიძის, ჯამბატისტა ტიეპოლოს სახელოსნოსთანაც ჰქონოდა შეხება.
თავდაპირველად ხატავდა XVI–XVII საუკუნეების იტალიელ მხატვართა ნამუშევრების თავისუფალ პირებს, პეიზაჟებს და სურათებს რელიგიურ და მითოლოგიურ თემებზე. ბაძავდა მანიასკოსა და რიჩის. 1760-იანი წლების ბოლოდან დაიწყო მხოლოდ პეიზაჟების ხატვა. ჯ. ბ. ბრუსტოლონის მიერ გრავირებულ ა. კანალეტოს სურათებიდან მან გადახატა 12 პეიზაჟი, რომლებზეც გამოსახულია საზეიმოდ მორთული ვენეციის მოედნები და შენობები (ლუვრი, პარიზი).
მისი შემოქმედების აყვავების ხანაა 1780–1790-იანი წლები, როცა ყალიბდება მისი მხატვრული მეთოდი. ქალაქის დოკუმენტურად ზუსტ პეიზაჟებზე („ვედუტო“) და არქიტექტურულ წარმოსახვით პეიზაჟებზე („კაპრიჩო“) მუშაობამ იგი ახლებური ტიპის პეიზაჟის შექმნამდე მიიყვანა. ეს არის მხატვრის უშუალო შთაბეჭდილებაზე დამყარებული, ლირიკული განწყობილებით გამსჭვალული პეიზაჟი, რომელიც გადმოსცემს ვენეციის უბრალო, ყოველდღიური ცხოვრების პოეზიას, შუქით სავსე ეზოებს, არხებს, ყურეებს, სანაპიროებს, სასახლეებს, გონდოლებს[15] („დოჟის სასახლე“, „დიდი არხი“, „ვენეციური ეზო“, ა. პუშკინის სახ. სახვითი ხელოვნების მუზეუმი, მოსკოვი; „საჰაერო ბურთის გაშვება“, 1784, ბერლინ-დალემის გალერეა; „რუხი ყურე“, პოლდი-პეცოლის მუზეუმი, მილანი).
მხატვრის პლენერული (იხ. პლენერი) ძიებანი სათანადოდ ვერ შეაფასეს მისმა თანამედროვეებმა. მხოლოდ XIX–XX საუკუნეების მიჯნაზე მოიპოვა ფრანჩესკო გვარდიმ ჯეროვანი აღიარება. მისი ნახატები ინახება მსოფლიოს ცნობილ მუზეუმებში, მათ შორის ლუვრში, ლონდონის ეროვნულ გალერეაში, ვენეციის აკადემიის გალერეაში, ნიუ-იორკის მეტროპოლიტენის ხელოვნების მუზეუმში და სხვ. მისი ნამუშევრები არა მხოლოდ ვენეციური ცხოვრების ამსახველ უნიკალურ დოკუმენტებს წარმოადგენს, არამედ მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ლანდშაფტური მხატვრობის განვითარებაზე. გვარდის მხატვრობა ხშირად განიხილება როგორც ერთგვარი ხიდი „კლასიკური ვედუტიზმიდან“ უფრო ექსპრესიულ მხატვრობამდე, რაც მომავალში იმპრესიონისტებმა განავითარეს.
ფრანჩესკო გვარდის მხატვრობა გამოირჩევა რომანტიკული ელემენტებით და იმპრესიონისტული ტექნიკის წინამორბედი სტილით. მისი ნამუშევრები ხშირად ხასიათდება ფუნჯის თავისუფალი მონასმებით, ნათელი ფერებითა და ემოციური ატმოსფეროთი. განსხვავებით სხვა „ვედუტისტებისგან“, როგორიცაა კანალეტო, გვარდის კომპოზიციები უფრო პოეტური განწყობებითაა სავსე, ვიდრე დოკუმენტურად ზუსტი. ფრანჩესკო გვარდი ითვლება ვენეციური მხატვრობის ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ ოსტატად, რომლის ნამუშევრებიც ასახავს არა მხოლოდ ვენეციის ვიზუალურ სილამაზეს, არამედ მის სულსაც.[16]
გალერეა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]-
ვენეციური მოედნის წარმოსახვითი ხედი.[17]
-
საჰაერო ბურთის გაშვება ვენეციაში.[18]
-
„კაპრიჩო“. ტილო, ზეთი. კარარას აკადემია, ბერგამო
-
კოლონადა, ნაწილობრივ დანგრეული, ფიგურებით.[20]
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3, თბ., 1978. — გვ. 133.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება] ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: ფრანჩესკო გვარდი
- ფრანჩესკო გვარდი — სტატია ენციკლოპედია ბრიტანიკიდან (ინგლისური)
- ფრანჩესკო გვარდი — უნივერსალური ენციკლოპედიური ლექსიკონი
- ფრანჩესკო გვარდის ნამუშევრები მსოფლიოს მუზეუმებში
- ფრანჩესკო გვარდის ნამუშევრები — Art UK-ის საიტზე
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 1.0 1.1 Deutsche Nationalbibliothek Record #118543091 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
- ↑ Francesco Guardi
- ↑ 3.0 3.1 ბროკჰაუზის ენციკლოპედია
- ↑ 4.0 4.1 BeWeB
- ↑ 5.0 5.1 The Fine Art Archive
- ↑ Dr. Constant v. Wurzbach Guardi, Francesco // Biographisches Lexikon des Kaiserthums Oesterreich: enthaltend die Lebensskizzen der denkwürdigen Personen, welche seit 1750 in den österreichischen Kronländern geboren wurden oder darin gelebt und gewirkt haben — Wien: 1856. — ტ. 6. — S. 7.
- ↑ SNAC — 2010.
- ↑ Gran Enciclopèdia Catalana — Grup Enciclopèdia, 1968.
- ↑ Proleksis enciklopedija, Opća i nacionalna enciklopedija — 2009.
- ↑ Brozović D., Ladan T. Hrvatska enciklopedija — LZMK, 1999. — 9272 გვრ.
- ↑ http://www.louvre.fr/en/oeuvre-notices/view-piazzetta-steps-san-marco-basilica
- ↑ Никитюк О. Д. Франческо Гварди / Оформление и худож. редакция Л. А. Ивановой. — М.: Искусство, 1968.
- ↑ Власов В. Г. Гварди, Франческо // Стили в искусстве. В 3-х т. — СПб.: Кольна. Т. 2. — Словарь имен, 1996. — С. 235.
- ↑ The Lagoon with Boats, Gondolas, and Rafts. c. 1758
- ↑ Short biography in the Web Gallery of Art
- ↑ 1780-იანი წლები. ტილო, ზეთი. მეტროპოლიტენის ხელოვნების მუზეუმი
- ↑ 1784. ტილო, ზეთი. ბერლინის ფერწერული ნამუშევრების გალერეა
- ↑ 1770-იანი წლები, შოტლანდიის ეროვნული გალერეა
- ↑ 1780–90-იანი წლები. მეტროპოლიტენის ხელოვნების მუზეუმი, ნიუ-იორკი