ფილიპე აგალცოვი
| ფილიპე აგალცოვი | |
|---|---|
| დაბადების თარიღი | 8 (20) იანვარი, 1900 |
| დაბადების ადგილი | ეფრემოვის მაზრა |
| გარდაცვალების თარიღი | 29 ივნისი, 1980[1] (80 წლის) |
| გარდაცვალების ადგილი | მოსკოვი |
| ჯარის სახეობა | წითელი არმია და საბჭოთა კავშირის სამხედრო-საჰაერო ძალები |
| წოდება | შეიარაღებული ძალების მარშალი |
| მეთაურობდა | 50-ე ახლო მანძილზე მოქმედი საბომბდამშენო საავიაციო პოლკი, 292-ე მოიერიშე ავიადივიზია, მე-9 გვარდიული მოიერიშე ავიადივიზია და პოლონეთის პირველი შერეული საავიაციო კორპუსი |
| ბრძოლები/ომები | დიდი სამამულო ომი, პოლონეთ-საბჭოთა რუსეთის ომი, ესპანეთის სამოქალაქო ომი და რუსეთის სამოქალაქო ომი |
| ჯილდოები | იხ. ჯილდოები |
ფილიპე ალექსანდრეს ძე აგალცოვი (რუს. Филипп Александрович Агальцов; დ. 20 იანვარი, 1900, სოფელი სოლდატსკოე, ეფრემოვის მაზრა, ტულის გუბერნია, რუსეთის იმპერია — გ. 29 ივნისი, 1980, მოსკოვი) — რუსი საბჭოთა მხედართმთავარი, ავიაციის მარშალი (1962), პოლონეთის სახალხო არმიის ბრიგადის გენერალი, საბჭოთა კავშირის გმირი (1978), სკკპ წევრი 1919 წლიდან.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]დაიბადა გლეხის ოჯახში 1900 წლის 20 იანვარს, ტულის გუბერნიის ეფრემოვის მაზრის სოფელ სოლდატსკოეში. 1915–1919 წლებში იყო ობუხოვის ქარხნის მუშა.
სამოქალაქო ომი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1919 წლის ივლისში გაიწვიეს წითელ არმიაში და გაგზავნეს მეტყვიამფრქვევედ პირველ ცალკეულ კომუნისტურ ბატალიონში. 1920 წლის ივლისში დაინიშნა 487-ე მსროლელთა პოლკის (24-ე მსროლელი დივიზია, დასავლეთის ფრონტი) ტყვიამფრქვეველთა რაზმის მეთაურად. მონაწილეობდა პოლონეთის არმიის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციებში, ასევე ატამან სიმონ პეტლიურას, გენერალ ს. ნ. ბულაკ-ბალახოვიჩის მეთაურობით მყოფი ჯარებისა და ნესტორ მახნოს რაზმების წინააღმდეგ.[2]
ომებს შორის პერიოდი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1923 წლის იანვარში დაინიშნა 72-ე მსროლელთა პოლკის (24-ე მსროლელთა დივიზია) ასეულის პოლიტხელმძღვანელად.[3] იმავე წლის მაისში იგი გაგზავნეს სასწავლებლად კიევის სამხედრო-პოლიტიკურ სკოლაში, რომლის დამთავრების შემდეგ, 1925 წლის ივლისიდან, მსახურობდა პოლკის სკოლის პოლიტხელის, კონოტოპში განლაგებული მე-7 საარტილერიო პოლკის (მე-7 მსროლელთა დივიზია, უკრაინის სამხედრო ოლქი) პარტიული ბიუროს მდივნის თანამდებობებზე.
1929 წლის ოქტომბერში გაგზავნეს სასწავლებლად წითელი არმიის ნ. გ. ტოლმაჩევის სახელობის სამხედრო-პოლიტიკურ აკადემიაში, რომლის დამთავრების შემდეგ, 1932 წლის აპრილში, დაინიშნა სმოლენსკში განლაგებული ბელორუსის სამხედრო ოლქის საჰაერო ძალების მე-9 გამანადგურებელი საავიაციო ესკადრილიის კომისრის თანამდებობაზე, ხოლო 1933 წლის აპრილში — 35-ე მძიმე საბომბდამშენო საავიაციო ესკადრილიის კომისრის თანამდებობაზე.
1934 წელს აგალცოვმა დაასრულა მფრინავთა კურსები ა. ფ. მიასნიკოვის სახელობის კაჩინის პირველ სამხედრო მფრინავთა სკოლაში და 1935 წლის აპრილში დაინიშნა გომელში განლაგებული 114-ე საავიაციო ბრიგადის (ბელორუსის სამხედრო ოლქი) პოლიტიკური განყოფილების უფროსის მოადგილის თანამდებობაზე.
1937 წლის მაისიდან 1938 წლის ნოემბრამდე პოლკის კომისარი აგალცოვი მონაწილეობდა ესპანეთის სამოქალაქო ომში, მსახურობდა ესპანეთის რესპუბლიკური არმიის საჰაერო ძალების კომისრად. 1938 წლის დეკემბერში სსრ კავშირში დაბრუნების შემდეგ, დაინიშნა წითელი არმიის საჰაერო ძალების სამხედრო საბჭოს წევრის თანამდებობაზე, ხოლო 1940 წლის აგვისტოში — ბალტიისპირეთის სამხედრო ოლქის შემადგენლობაში 50-ე ახლო მანძილზე მოქმედი საბომბდამშენო საავიაციო პოლკის მეთაურის თანამდებობაზე.[4]
დიდი სამამულო ომი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]გერმანია-საბჭოთა კავშირის ომის დასაწყისშიც აგალცოვი აღნიშნულ თანამდებობას იკავებდა. მისი მეთაურობის ქვეშ მყოფი პოლკი, ჩრდილო-დასავლეთის ფრონტის შემადგენლობაში, ბალტიისპირეთში თავდაცვით ბრძოლებში მონაწილეობდა. 1941 წლის აგვისტოში აგალცოვი ფრონტიდან გაიწვიეს და ტამბოვის სამხედრო-საავიაციო სპეციალისტთა სკოლის უფროსად დანიშნეს. 1943 წლის მარტში დაინიშნა 292-ე მოიერიშე ავიადივიზიის მეთაურად, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კურსკის ბრძოლაში, ბელგოროდ-ხარკოვის ოპერაციაში, დნეპრის ფორსირებაში, ასევე კიროვოგრადის, კორსუნ-შევჩენკოვსკის და ლვოვ-სანდომიეჟის ოპერაციებში.
1944 წლის თებერვალში აგალცოვის მეთაურობის ქვეშ მოქმედი დივიზია — მე-9 გვარდიულ მოიერიშე ავიადივიზიად გარდაიქმნა.[5] იმავე წლის დეკემბერში იგი დაინიშნა პოლონეთის პირველი შერეული საავიაციო კორპუსის მეთაურად და მალევე დაწინაურდა პოლონეთის არმიის ბრიგადის გენერლად. მონაწილეობდა ვისლა-ოდერისა და ბერლინის ოპერაციებში.
ომისშემდგომი კარიერა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1945 წლის დეკემბერში აგალცოვი დაინიშნა მე-4 მოიერიშე საავიაციო კორპუსის მეთაურად, 1947 წლის თებერვალში — მე-16 საჰაერო არმიის მეთაურად, 1949 წლის ივნისში — პირველ მოადგილედ, 1953 წლის აპრილში — სამხედრო-საჰაერო ძალების მთავარსარდლის მოადგილედ, 1956 წლის მაისში — სსრკ თავდაცვის სამინისტროს მთავარი ინსპექციის სამხედრო-საჰაერო ძალების გენერალ-ინსპექტორად, 1958 წლის თებერვალში — სამხედრო-საჰაერო ძალების საბრძოლო მომზადების მთავარსარდლის მოადგილედ, ხოლო 1960 წლის დეკემბერში, ერთდროულად, სამხედრო-საჰაერო ძალების საბრძოლო მომზადების უფროსად. აგალცოვი მონაწილეობდა ახალი საავიაციო ტექნიკური საშუალებების გამოცდასა და დანერგვაში.
1962 წლის აპრილში დაინიშნა სამხედრო-საჰაერო ძალების შორ მანძილზე მოქმედი ავიაციის მეთაურის თანამდებობაზე. 1969 წლის იანვარში იგი თანამდებობიდან გაათავისუფლეს და იმავე წლის მარტში პენსიაზე გაიყვანეს, თუმცა, სკკპ ცენტრალური კომიტეტის პოლიტბიუროს 1970 წლის 21 დეკემბრის დადგენილებით, თანამდებობიდან გათავისუფლების ბრძანება გაუქმდა და 1971 წლის იანვარში იგი საბჭოთა კავშირის თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექტორების ჯგუფის სამხედრო ინსპექტორ-მრჩევლის თანამდებობაზე დაინიშნა.
სსრ კავშირის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1978 წლის 21 თებერვლის დადგენილებით, ჯარების უნარიანად ხელმძღვანელობისთვის, ნაცისტური დამპყრობლების წინააღმდეგ ბრძოლაში გამოვლენილი პირადი გამბედაობისა და მამაცობისთვის, ომისშემდგომ პერიოდში ჯარების საბრძოლო მზადყოფნის მომზადებასა და გაუმჯობესებაში შეტანილი დიდი წვლილისთვის და საბჭოთა არმიისა და საზღვაო ძალების 60 წლის იუბილესთან დაკავშირებით, ავიაციის მარშალ ფილიპე აგალცოვს მიენიჭა საბჭოთა კავშირის გმირის წოდება და დაჯილდოვდა ლენინის ორდენითა და ოქროს ვარსკვლავის მედლით (№ 11290).
ავიაციის მარშალი ფილიპე აგალცოვი გარდაიცვალა 1980 წლის 29 ივნისს, მოსკოვში. დაკრძალულია ნოვოდევიჩის სასაფლაოზე.
ჯილდოები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სსრ კავშირის ჯილდოები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- საბჭოთა კავშირის გმირის ოქროს ვარსკვლავი (1978 წლის 21 თებერვალი);
- ოთხი ლენინის ორდენი[6]
- ოქტომბრის რევოლუციის ორდენი (1968 წლის 22 თებერვალი)
- ხუთი წითელი დროშის ორდენი[7]
- სუვოროვის მეორე ხარისხის ორდენი (1945 წლის 27 ივნისი)
- კუტუზოვის მეორე ხარისხის ორდენი (1945 წლის 9 აგვისტო)
- სამამულო ომის პირველი ხარისხის ორდენი (1944 წლის 21 აგვისტო)
- წითელი ვარსკვლავის ორდენი (1938 წლის 2 მარტი)
- „სსრ კავშირის შეიარაღებულ ძალებში სამშობლოს სამსახურისათვის“ მესამე ხარისხის ორდენი (1975 წლის 30 აპრილი)
- საიუბილეო მედალი „საბჭოთა არმიისა და საზღვაო ძალების 30 წელი“ (1948)
- საიუბილეო მედალი „სსრ კავშირის შეიარაღებული ძალების 40 წელი“ (1958)
- საიუბილეო მედალი „სსრ კავშირის შეიარაღებული ძალების 50 წელი“ (1968)
- საიუბილეო მედალი „სსრ კავშირის შეიარაღებული ძალების 60 წელი“ (1978)
უცხოური ჯილდოები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- პოლონეთის აღორძინების ორდენის ოფიცრის ჯვარი (პოლონეთი, 1973 წლის 6 ოქტომბერი)
- სამხედრო მამაცობის მე-5 ხარისხის ორდენი (პოლონეთი, 1968 წლის 19 დეკემბერი)
- გრუნვალდის ჯვრის მე-3 ხარისხის ორდენი (პოლონეთი, 1945 წლის 4 ივნისი)
- თეთრი ლომის ორდენი „გამარჯვებისთვის“ (ჩეხოსლოვაკია, 1975 წლის 5 მაისი)
- ჩინეთ-საბჭოთა კავშირის მეგობრობის მედალი (ჩინეთი)
- პოლონეთის, ჩეხოსლოვაკიის, ჩინეთის, მონღოლეთის მედლები.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 51.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ფილიპე აგალცოვი — საიტზე „Герои страны“ (რუსულად)
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ TracesOfWar
- ↑ Медведев А. Н. Маршал авиации Ф. А. Агальцов. // Военно-исторический журнал. — 1980. — № 1. — С.90-91.
- ↑ სამხ. პოლიტხელი, პოლიტხელმძღვანელი (იდეოლოგიური მუშაკი კომუნისტური ქვეყნების არმიებში).
- ↑ ხელახალი ატესტაციისას სამხედრო წოდების პოლკოვნიკამდე დაქვეითებით.
- ↑ 9-я гвардейская штурмовая авиационная дивизия. Формирование — 05.02.1944 года.
- ↑ (1937 წლის 22 ოქტომბერი; 1945 წლის 21 თებერვალი; 1961 წლის 17 ივნისი; 1978 წლის 21 თებერვალი)
- ↑ (1943 წლის 22 აგვისტო; 1943 წლის 14 სექტემბერი; 1944 წლის 3 ნოემბერი; 1950 წლის 15 ნოემბერი; 1968 წლის 22 თებერვალი)
- დაბადებული 20 იანვარი
- დაბადებული 1900
- გარდაცვლილი 29 ივნისი
- გარდაცვლილი 1980
- მოსკოვში გარდაცვლილები
- რუსი სამხედრო მოღვაწეები
- ნოვოდევიჩიეს სასაფლაოზე დაკრძალულები
- საბჭოთა კავშირის გმირები
- მხედართმთავრები გერმანია-საბჭოთა კავშირის ომში
- სამამულო ომის I ხარისხის ორდენის კავალრები
- ოქტომბრის რევოლუციის ორდენის კავალრები
- წითელი დროშის ორდენის კავალრები
- სუვოროვის II ხარისხის ორდენის კავალრები
- კუტუზოვის II ხარისხის ორდენის კავალრები
- ლენინის ორდენის კავალრები
- სსრ კავშირის შეიარაღებულ ძალთა ვეტერანის ორდენით დაჯილდოებულები
- საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის წევრები
- 1941-1945 წლების დიდ სამამულო ომში გერმანიაზე გამარჯვებისათვის მედლით დაჯილდოებულები
- წითელი ვარსკვლავის ორდენის კავალრები
- მუშურ-გლეხური წითელი არმიის XX წლის მედლით დაჯილდოებულები
- ვლადიმერ ლენინის დაბადების 100 წლისთავის აღსანიშნავი მედლით დაჯილდოებულები
- 1941–1945 წლების დიდ სამამულო ომში გამარჯვების 20 წლის მედლით დაჯილდოებულები
- ბერლინის აღებისათვის მედლით დაჯილდოებულები
- 1941–1945 წლების დიდ სამამულო ომში გამარჯვების 30 წლის მედლით დაჯილდოებულები
- რუსეთის სამოქალაქო ომის მონაწილეები