ფანშეტის ციხე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ფანშეტის ციხე — სახლი, არქიტექტურული ძეგლი, მდებარეობს მთის ფერდობზე, ძველი ფანშეტის დასავლეთ ნაწილში.

ციხე ეკუთვნოდა ჩონიაშვილებს. შედგება სათავდაცვო კოშკისა და საცხოვრებელი სახლისაგან. თარიღდება XVII საუკუნით. შენობა გეგმით ოთხკუთხაა (5x4,7 მეტრი), ორსართულიანია (სიმაღლე 12 მეტრი). ნაგებია სხვადასხვა ზომის დამუშავებული ქვით. მოგვიანებით აღდგენილი კედლების ნაწილები ამოყვანილია ფიქლისა და ნატეხი ქვის ირეგულარული წყობით. კოშკის ქვედა ნაწილი მასიურია. შესასვლელი ჩრდილოეთიდანაა, პირველ სართულზე, მიწიდან 5 მეტრზე. კარის ღიობი ზემოთკენ ვიწროვდება და დასრულებულია თაღით, რომელიც გამოყვანილია ერთ ქვაში. სართული კვადრატული ოთახია. დასავლეთ და აღმოსავლეთ კედლებში თითო სათოფურია გაჭრილი. ჩრდილო-დასავლეთ კუთხეში ქვითკირის ღრმა ორმოა (სიღრმე 2 მეტრი), რასაც, როგორც ჩანს, სურსათის შესანახად იყენებდნენ. სართული გადახურულია ოთხფერდა, მაღალი, შეკრული კამარით, რომელიც გადაჯვარედინებულ შეკიდებულ თაღებს ეყრდნობა. კამარის აღმოსავლეთ ფერდში დატანებულია სწორკუთხა ხვრელი, საიდანაც ხის მისადგმელი კიბით მეორე სართულზე ადიოდნენ. ამ სართულზე, ორ სხვადასხვა დონეზე, შვიდი სათოფური და სამი სარკმელია. სამივე სარკმელი შიგნით სწორკუთხაა, გარეთკენ ვიწროვდება და ერთ ქვაში გამოკვეთილი ნახევარწრიული თაღით არის გადახურული. სართულის თითოეულ კუთხეში, ერთიმეორის ზემოთ, ბრტყლად გადებული ფიქლით მოწყობილია ორ-ორი თარო. სართული გადაუხურავია. კედებს, მთელ სიგრძეზე, ფიქლის მოზრდილი ქვები აფარია.

საცხოვრებელი სახლი ორსართულიანია. კოშკი მიშენებულია მოგვიანებით. პირველი სართული ბოსელია. მისი სამხრეთ და დასავლეთ კედლები კლდეზეა მიბჯენილი. შესასვლელი აღმოსავლეთიდანაა.

კარი თაღოვანია. ჩრდილოეთ კედელში სამი კვადრატული ფორმის სარკმელია. სარკმელების ღიობები ინტერიერისკენ მნიშვნელოვნად ფართოვდება. გადახურვა ეყრდნობა ხის ორ ბოძს და ქვით ამოყვანილ ფართო, მართკუთხა ფორმის სვეტს. მეორე სართული საცხოვრებელია. პირველთან შედარებით იგი რამდენადმე გრძელია. შედგებოდა ერთმანეთისგან ხის ტიხრებით გამიჯნული სამი ოთახისგან. თაღოვანი კარი აღმოსავლეთითაა. მისგან მარჯვნივ, კედლის კიდეში, გაჭრილია პატარა სარკმელი მარცხნივ კი — ფართო და სწორკუთხა. ოთხი დიდი ზომის მართკუთხა სარკმელი ჩრდილოეთ კედელშიცაა. სამხრეთ კედელში მოწყობილია ერთი ნიში, დასავლეთისაში — სამი. შენობის ფასადები თავისებურადაა გაფორმებული. მათი სიბრტყეები ამოყვანილია ერთმანეთთან, მჭიდროდ მიწყობილი, ღია ფერის მოზრდილი ქვების სწორხაზოვანი რიგებით, რომელთა შორისაც, ვიწრო ზოლებად, ჩართულია ფიქლის ქვების წყობით გამოყვანილი რიგები. სახლის ჩრდილოეთის ფასადზე ალაგ-ალაგ შემორჩენილია ლავგარდნის სწორკუთხა პროფილის ქვები. შენობას ბანიანი გადახურვა ჰქონდა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]