უდაბნო I

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

უდაბნოს პირველი სადგომ-სახელოსნო — არქეოლოგიური ძეგლი საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ უდაბნოს სამხრეთ-დასავლეთით 10-15 კილომეტრის მანძილზე. მრავალწყლისხევის მარჯვენა სანაპიროზე, ხევიდან 50-60 მეტრზე. განეკუთვნება მუსტიეს ხანის პირველ ნახევარს.

ღია სადგომი 1971, 1980 წლებში შეისწავლა კახეთის არქეოლოგიური ექსპედიციამ (ხელმძღვანელი კ. ფიცხელაური). დაახლოებით 1 ჰექტარ ფართობზე აიკრიფა: ექვსი ნუკლეუსი, ორმოცი ანატკეცი-ნამზადი და ხუთი დასრულებული იარაღი.

ნეკლეუსები არალევალუაურია. ორი — დისკოსებრია, სამი — ერთფუძიანი და ერთი — ორფუძიანი.

ანატკეც-ნამზადების უმეტესობა არალევალურაი ტიპისაა, ლევალური მხოლოდ ორია. არალევალური ანატკაცებისათვის დამახასიათებელია მოგრძო ან დაბალი, არასწორი მოყვანილობა. არის სწორი მოყვანილობის და თხელი, სამკუთხედისებრი და ლამელისებრი ანატკეცებიც. ანატკეც-ნამზადებს აქვს გლუვი, ფართო, ქვედა სიბრტყისკენ ბლაგვი კუთხით დაქანებული, სწორი, ორფერდა ან სამფერდა, რეტუშით შესწორებულ-ფაცეტირებული, სწორო და ამოზნექილი დარტყმის მოედნები და რელიეფური ბურცული, რომელიც მეტწილად, ქვედა სიბრტყის 1/3 მოიცავს.

იარაღების ჯგუფშია: ცალპირა ამოზნექილი, სწორი და ჩაზნექილ-სამუშაოპირიანი, კონვერგენტული და ორპირა სახოკები, წვეტიანები, წვეტიანისებრი იარაღი, გვერდამოდარდული იარაღი — ანკოშები, „ზურგიანი“ დანა-სახოკები, დანა და კომბინირებული იარაღი — ანკოშებთან შეხამებული, ამოზნექილსამუშაოპირიანი სახოკი.

ძირითადი საწარმოო ქვა ანდეზიტია. ცალკეული ნივთებისა დასამზადებლად გამოყენებულია კაჟი, კირქვა, მერგელი და სხვა მასალაც. იარაღის დასამზადებლად უპირატესად — მოგრძო და სამკუთხედისებრი ანატკეცები. ლამელებზე დამზადებულია მხოლოდ ორი კონვერგენტული სახოკი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]