ტატიანა მახარაძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ტატიანა მახარაძე (დ. 25 ნოემბერი, 1920, ბათუმი — გ. 8 სექტემბერი, 2007) — ქართველი მომღერალი და მეფანდურე.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტატიანა მახარაძე დაიბადა ქალაქ ბათუმში. მან დაამთავრა ბათუმის მუსიკალური ათწლედი (ფორტეპიანო). 1937 წელს დაამთავრა თუ არა სკოლა, მალევე მიიწვიეს ქალთა სახელმწიფო ანსამბლში სოლისტად. ის 1949 წლიდან იყო საქართველოს ფილარმონიის ერთ-ერთი გამორჩეული სოლისტი, სწორედ ამავე წელს ის მიიწვიეს იოსებ სტალინის დაბადების 70 წლის აღსანიშნავ საიუბილეო საღამოზე მოსკოვში, სადაც შეკრებილი იყო საბჭოთა კავშირის მსახიობთა საუკეთესო ნაწილი. უნდა აღინიშნოს, რომ სწორედ ამ სადღესასწაულო საღამოზე მისთვის სპეციალურად გადათარგმნეს სიმღერა „სულიკოს“ ტექსტი რუსულ ენაზე. სწორედ ამ ყველაფრის შემდგომ ქართულ-რუსულ „სულიკოს“ იგი თითქმის ყველა სახელმწიფო კონცერტზე ასრულებდა, ეს იყო მისი ერთგვარი ნიშანი.

1950 წლიდან იყო „სახელმწიფო კონცერტის“ სოლისტი. ის იყო ერთ-ერთი პირველი და გამორჩეული მომღერალი, რომელმაც შეძლო იმ პერიოდში გაეტანა ქართული სიმღერა საზღვარგარეთ და გაეცნო ის უცხოელებისთვის. სწორედ იმ მიზნით, რომ დაინტერესებულები იყვნენ ქართული ფოლკლორით ტატიანა მახარაძე ინგლისში და შვედეთში სპეციალურად მიიწვიეს მის მიერ შესრულებული ქართული სიმღერების ჩასაწერად. მისი რეპერტუარი იყო: გურული (კრიმანჭულის ჩათვლით), მეგრული, იმერული, ქართლ-კახური, მთიულური, მოხეური, თუშური, ქალაქური აღმოსავლური სტილის და ქართული კლასიკური სიმღერები, მათ შორის რა თქმა უნდა გამორჩეულია: „მოხევის ქალო თინაო“, „არწივი ვნახე დაჭრილი“, „მე ქართველი ბუხაიძე“, „გამოღმით შენ ხარ, გაღმით შენ“. ტატიანა მახარაძე იმ პერიოდში მიჩნეული იყო „სულიკოს“ და „ციცინათელას“ გამორჩეულ და საუკეთესო შემსრულებლად.

ასევე აღსანიშნავია, რომ წლების მანძილზე კერძოდ 1960-1980 წლებში, საბავშვო რადიო გადაცემა „ძილისპირული“ იწყებოდა მისი ნამღერი „იავნანათი“, რომელიც იმ პერიოდის საქართველოში ნამდვილად საუკეთესო და გამორჩეული ნამღერი გახლდათ. მისი მოღვაწეობის პერიოდში არის არაერთ გასტროლზე ნამყოფი, მათ შორის: სსრკ, შვედეთი, ინგლისი, შოტლანდია, აღმოსავლეთ ევროპის მრავალი ქვეყანა. გამოირჩეოდა განსხვავებული შესრულების ორიგინალური მანერითა და სასიამოვნო ხმით. ასევე ფანდურზე დაკვრის მაღალი ოსტატობით. 1950 წელს მოსკოვის ესტრადის მსახიობთა საკავშირო კონკურსზე პირველი პრემია და ოქროს მედალი დაიმსახურა. მისი სოლო კონცერტები ნამდვილად დიდ ინტერესს იწვევდა მაყურებელში. მისი სიმღერებიდან ასევე აღსანიშნავია — ლილი გეგელიასთან ერთად შესრულებული „სიმღერა თბილისზე“, „ყვავილებში დამეკარგე“, „გაზაფხულის ბრალია“ და ასევე „ინათებს მალე“.

ტატიანა მახარაძე გარდაიცვალა 2007 წლის 8 სექტემბერს, 86 წლის ასაკში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 310
  • ენციკლოპედია „თბილისი“, თბ., 2002. — გვ. 652, ISBN 99928-20-32-2.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]