ლილი გეგელია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ლილი გეგელია (დ. 12 აგვისტო, 1923, თბილისი — გ. 21 ნოემბერი, 2000, იქვე) — ქართველი საესტრადო მომღერალი. საქართველოს დამსახურებული არტისტი (1961). საქართველოს სსრ-ის სახალხო არტისტი (1989). ღირსების ორდენის კავალერი (1997).[1]

მამის დახვრეტისა და დედის დაპატიმრების შემდეგ იზრდებოდა ქუთაისში. დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიული ფაკულტეტი და თბილისის I მუსიკალური სასწავლებელი (ვოკალური, 1942).

1954 წლიდან იყო საქართველოს რადიოს, ხოლო 1956 წლიდან საქართველოს საესტრადო ორკესტრ „რეროს“ წევრი; საგანგებოდ მისთვის ქმნიდნენ სიმღერებს ქართველი და რუსი კომპოზიტორები, მათ შორის აღსანიშნავია: ლილი იაშვილის „უფლისციხესთან“ (მურმან ლებანიძის ლექსი), „გელათი“ (ჯანსუღ ჩარკვიანის ლექსი), „მოდიოდა ნინო მთებით (ანა კალანდაძის ლექსი), „მარად და ყველგან საქართველოვ, მე ვარ შენთანა“ (ილია ჭავჭავაძის ლექსი); ახმოვანებდა ფილმებს: მედეა ჯაფარიძე — „წარსული ზაფხული“ (კომპოზიტორი ოთარ გორდელი), ნატა კობახიძე — „ყვავილი თოვლზე“ (კომპოზიტორი რევაზ ლაღიძე), დოდო ჭიჭინაძე — „ნინო“ (კომპოზიტორი რევაზ ლაღიძე), მეგი წულუკიძე — „პალიასტომი“ (კომპოზიტორი დავით თორაძე), ლია ელიავა — „ჭიაკოკონა“ (კომპოზიტორი ბიძინა კვერნაძე); ასრულებდა ქართველ კომპოზიტორთა საესტრადო სიმღერებს: ლილი იაშვილი „ია-ია“, კონსტანტინე პევზნერი „გამოდი“, „გაზაფხულის ბრალია“, პეტრე ნალბანდიშვილი „ლურჯი იები“, ბიძინა კვერნაძე „სად მიხვალ“, გიორგი ცაბაძე „ჩემს სახლთან პატარა ბაღია“; გასტროლებით იმოგზაურა „რერო“-სთან ერთად: სსრკ-ში, ინგლისში, შოტლანდიაში, ბელგიაში, ნიდერლანდებში, გერმანიაში, პოლონეთში, უნგრეთში, ჩეხოსლოვაკიშა; სოლო კონცერტებით — სსრკ-ში, გერმანიაში.

გარდაიცვალა 2000 წლის 21 ნოემბერს, თბილისში. დაკრძალულია დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი, გვ. 101 — თბ., 2015.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. ლ. გეგელიას ღირსების ორდენით დაჯილდოების შესახებ. საკანონმდებლო მაცნე. matsne.gov.ge (24 ნოემბერი, 1997). ციტირების თარიღი: 27 აგვისტო, 2020.